Thumbnail

ტრანსფერი | ბაიერნიდან რეალში - დავიდ ალაბამ მიზანს მიაღწია

მიუნხენის ბაიერნის 28 წლის მცველი დავიდ ალაბა კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ავსტრიელმა ფეხბურთელმა მადრიდელებთან ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეათანხმა და ამ ზაფხულს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შესაბამისად, ალაბა "სამეფო კლუბის" პირველი ახალწვეული იქნება მიმდევნო სეზონისთვის. წერენ, რომ ფეხბურთელმა უკვე გაიარა ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმებაც, რომელსაც რეალის საკლუბო ექიმიც ესწრებოდა.

დავიდ ალაბას რეალში მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა. 2021 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ, ანუ იმ დღიდან, რაც ალაბამ კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება მიიღო, რეალმა სწრაფად გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ავსტრიელს წინასწარ შეუთანხმდა 4-წლიან კონტრაქტზე, სადაც ხელფასის სახით 11 მილიონი ევრო იქნება გათვალისწინებული. 

ავსტრიელი ბაიერნის ფორმას ზაფხულში ბოლოჯერ გაიხდის და აღარ ჩაიცვამს

იწერებოდა, რომ ავსტრიელი მცველით ასევე ინტერესდებოდნენ ბარსელონა, ლონდონის ჩელსი და პარი სენ-ჟერმენი, თავად ალაბას სიმპათიები კი ესპანეთისკენ იხრებოდა. 

დავიდ ალაბა მიუნხენის ბაიერნის ღირსებას პრაქტიკულად მთელი კარიერის განმავლობაში იცავდა, კლუბთან კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს, ზაფხულში უმთავრდება. 2009 წლიდან მოყოლებული, დავიდი ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, 6-6-ჯერ გერმანიის თასსა და სუპერთასს დაეუფლა, 2-ჯერ კი მცველმა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იზეიმა.

ავსტრიელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 15 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები