Thumbnail

იოზილის წასვლით მთავარი ნომერი თავისუფლდება - ვის დარჩება ათიანი არსენალში?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მესუთ იოზილი არსენალს ტოვებს და მისი 10 ნომერი თავისუფლდება
  • პრესტიჟული ნომერი გუნდში ორ ფორვარდს სურს

ლონდონის არსენალში მესუთ იოზილის 7-წლიანი მოღვაწეობა მთავრდება. პრინციპში, დიდი ხანია, დამთავრებულია, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურადაც: გერმანიის ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი ბოლო დროს განაცხადშიც აღარ იყო, ახლა კი ფენერბაჰჩეში გადადის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსენალში პრესტიჟული, მე-10 ნომერი თავისუფლდება!

ლაკაზეტის 'სთორი' ინსტაგრამზე

როგორც ირკვევა, ლონდონურ კლუბში 10 ნომერი ორ თავდამსხმელს სურს - კაპიტან პიერ-ემერიკ ობამეიანგს და ფრანგ ფორვარდ ალექსანდრ ლაკაზეტს. სწორედ ამ უკანასკნელმა დაპოსტა ფოტო ინსტაგრამის სთორიში და მიაწერა: “როცა ორივეს 10 ნომერი სურთ.”

მესუთ იოზილი გერმანიაში გაიზარდა და ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო. 2006-2008 წლებში შალკეში ითამაშა, ხოლო შემდეგ ბრემენის ვერდერისა (2007-2011) და მადრიდის რეალის (2011-2014) ღირსებას იცავდა.

იოზილი არსენალს 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა და ინგლისურ გუნდში 254 მატჩში 44 გოლი გაიტანა. გერმანელ ფეხბურთელს 2020 წლის მარტის შემდეგ არ უთამაშია, რადგან მიკელ არტეტას გეგმებში არ შედიოდა და ესპანელმა მწვრთნელმა მასზე უარი თქვა.

იოზილმა გერმანიის ნაკრებში 2009-2018 წლებში 92 თამაშში თავი 23-ჯერ გამოიჩინა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები