Thumbnail

'ღმერთმა შესაძლებლობა მომცა, ეს მაისური ვატარო' - იოზილი თურქეთში მიდის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მესუთ იოზილის ფენერბაჰჩეში ტრანსფერი გადაწყდა
  • 32 წლის გერმანელი სწორედ სტამბოლური კლუბის ქომაგია

მესუთ იოზილი უთამაშებლობის პერიოდი დასრულდა. 32 წლის ფეხბურთელმა ლონდონის არსენალთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სტამბოლის ფენერბაჰჩეში გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში ფენერბაჰჩეს ფერების ფოტო გამოაქვეყნა.

იოზილი ფენერის გულშემატკივარია და ამ ტრანსფერით ძალიან ბედნიერიც ჩანს. როგორც მან თქვა, გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს. მესუთი თურქეთში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

"ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ. მე ფენერბაჰჩეს ქომაგი ვარ. როგორც გულშემატკივარს, ღმერთმა შესაძლებლობა მომცა, რომ ეს მაისური ვატარო. წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დღეს საღამოს ოჯახთან ერთად ჩამოვალ სტამბოლში. ფრენის განრიგი უცნობია, მაგრამ ამაღამ ვიქნები", - თქვა იოზილმა.

მესუთ იოზილი გერმანიაში გაიზარდა და ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო. 2006-2008 წლებში შალკეში ითამაშა, ხოლო შემდეგ ბრემენის ვერდერისა (2007-2011) და მადრიდის რეალის (2011-2014) ღირსებას იცავდა.

მესუთი 2013 წლის ზაფხულში ლონდონის არსენალს შეუერთდა და ინგლისურ გუნდში 254 მატჩში 44 გოლი გაიტანა. გერმანელ ფეხბურთელს 2020 წლის მარტის შემდეგ არ უთამაშია, რადგან მიკელ არტეტას გეგმებში არ შედიოდა და ესპანელმა მწვრთნელმა მასზე უარი თქვა. იოზილმა გერმანიის ნაკრებში 2009-2018 წლებში 92 თამაშში თავი 23-ჯერ გამოიჩინა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები