Thumbnail

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ ვოლგოგრადის როტორში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ახალ გუნდში საკონტროლო მატჩების ჩასატარებლად ემზადება.

რუსული კლუბი, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი, საბა კვერკველია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც იცავენ, თურქეთში იმყოფება და შეკრებას ბელეკში გადის. ცნობილია, რომ როტორი იქ ორ შეხვედრას ჩაატარებს: 21 იანვარს პოლონურ იაგელონიასთან, ხოლო 26-ში – სლოვენიურ მურასთან.

გიორგი არაბიძე როტორთან ერთად ბელეკში ემზადება

არაბიძე ვოლგოგრადულ კლუბს, რომელსაც რუსულ პრემიერლიგაში 14 ქულით მე-13 ადგილი უკავია, 6-თვიან იჯარაზე რამდენიმე დღის წინ შეუთანხმდა. რუსეთში სეზონის განახლება 26 თებერვალს იგეგმება, როდესაც როტორი ტამბოვს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძის საფეხბურთო კარიერა თბილისის ლოკომოტივიდან დაიწყო. 2015 წელს ის დონეცკის შახტარში გადავიდა, სადაც იმავე წელს უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და უკრაინული გუნდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მთავარ გუნდშიც ათამაშა. შახტარის პირველი გუნდის მაისურით გიორგიმ 4 მატჩი ჩაატარა.

2018 წლის ზაფხულში ქართველი შემტევი პორტუგალიურ ნასიონალში აღმოჩნდა (10 მატჩი, 0 გოლი), შემდეგ კი თურქულ ადანასპორში გაანათხოვრეს, სადაც 7 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა, მაგრამ 2019 წლის ნოემბერში მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე გამოტოვა. ზაფხულში გიორგის ნასიონალში მოუწია დაბრუნება, თუმცა იქ სათამაშო პრაქტიკა აღარ მიუღია. საქართველოს ნაკრებში 2017/18 წლებში არაბიძემ 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები