Thumbnail

მე-6 მარცხი ჰაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდეს და მსაჯს დაეცა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოჩინოშინმა წლის პირველ სუპერტურნირზე ზედიზედ მეოთხედ წააგო
  • ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე 2021 წლის პირველ სუპერტურნირზე ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა და უკვე ცხადია, რომ შეჯიბრის დადებითი ბალანსით დასრულება და შესაბამისად, წოდებაში დაწინაურება ძალიან გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო და 4 დღის თავზე თანაბარი ბალანსი ჰქონდა, თუმცა, ახლა, 2 გამარჯვება და 6 წაგება გააჩნია და კაჩი-კოშისთვის დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან ექვსის მოგება მართებს, რაც მისი ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, ურთულესი საქმე იქნება.

დღეს, ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ სეკივაკე ტაკანოშოს გაეჯიბრა და 26 წლის იაპონელთან ოშიდაშით წააგო. ტაკანოშომ გორგაძეს თავიდანვე მძლავრად მიაწვა, ტავარას მიღმა წამებში მიიყვანა, ბოლოს კი დოჰიოს მიღმაც გადააგდო, რის შემდეგაც ტოჩინოშინი ერთ-ერთ მსაჯს ზემოდან დაეცა. საბედნიეროდ, ეს ეპიზოდი ტრავმების გარეშე დასრულდა.

📺 ტოჩინოშინი V ტაკანოშო

იანვრის სუპერტურნირის მე-9 დღეს 33 წლის ქართველი სუმოისტის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა მეისეი იქნება, რომელიც ტოკიოში წარმატებულად ირჯება და გასული 8 შეხვედრიდან 6 აქვს მოგებული. ტოჩინოშინი 25 წლის იაპონელს კარიერაში მხოლოდ 4-ჯერ შეხვედრია და აქტივში ერთადერთი გამარჯვება აქვს.

აქვე ვთქვათ, რომ ჰაცუ ბაშოს მოგებას ძალიან მიუახლოვდა დასავლეთის პირველი მაეგაშირა დაიეიშო, რომელსაც მაქსიმალური შედეგი (8 მოგება) გააჩნია და უახლოეს მდევრებს (შოდაი, მეისეი, კირიბაიამა და აკისეიამა) უკვე 2-2 გამარჯვებით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები