Thumbnail
  • 📅 17 იანვარი | ⌚ 20:30 | ⚽ ლივერპული V მანჩესტერ იუნაიტედი
  • ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური კლუბები ლიდერების რანგში ხვდებიან
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურის მთავარი დაპირისპირება "ენფილდზე" ჩატარდება, სადაც მოქმედი ჩემპიონი ლივერპული, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორეა, ლიდერ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. კარგა ხანია, ყველაზე ტიტულოვანი ბრიტანული კლუბების დაპირისპირებას, ყველაფერთან ერთად, მსგავსი სატურნირო ინტრიგა არ ჰქონია. ზოგადად კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილო-დასავლური დერბი (North West derby) არამხოლოდ ინგლისის, მსოფლიოს მასშტაბის სპორტული მოვლენაა.

ლივერპული

იურგენ კლოპის შეგირდებმა ჩემპიონატში ლიდერობა მას შემდეგ დათმეს, რაც ზედიზედ 3 თამაშში მოგება ვერცერთხელ მოახერხეს - ფრეები ვესტ ბრომვიჩსა და ნიუკასლთან, მარცხი საუთჰემპტონთან. ასეთი რამ გუნდს ბოლოს 2018 წლის აპრილ-მაისში დაემართა.

16 მატჩში გატანილი 13 გოლით სალაჰი პრემიერლიგის ბომბარდირია

მაგრამ მერსისაიდელები "ენფილდზე" მაინც ძველებურად დამაჯერებლად გამოიყურებიან - პრემიერლიგის ამ სეზონში შინ ქულები მხოლოდ ერთხელ დაკარგეს (8 მატჩი, 7 მოგება, 1 ფრე) და ამ მაჩვენებლებით ლიგაში კვლავაც საუკეთესოები არიან. გუნდის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპსაც სწამს, რომ ბოლო ტურში წაგება დავიწყებულია და მისი შეგირდები "ენფილდზე" სათანადოდ მოტივირებულები გავლენ: 

"გასულ ტურში საუთჰემპტონთან წავაგეთ, რაც აბსოლუტურად არ შედიოდა ჩვენს გეგმებში, მაგრამ მეორე დღეს დავილაპარაკეთ და ბიჭებისგან ინიციატივა დავინახე. ახლა იქ ვართ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ვიცით, რა არ გამოვიდა და რა შევცვალოთ. 

ახლა მოედანზე უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. ასეთია ვითარება და მოუთმენლად ველი მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშს. ოლე გუნარ სულშერს უთქვამს, რომ ახლა მათთვის ლივერპულთან თამაშისთვის საუკეთესო პერიოდია. მოდი, ვნახოთ", - ამბობს გერმანელი სპეციალისტი.

კლოპს ენფილდის ტრიბუნების იმედი ვერ ექნება

მანჩესტერ იუნაიტედი

თამაშის დაწყების წინ მანჩესტერ იუნაიტედს ლივერპულთან 3-ქულიანი უპირატესობა აქვს. ოლე გუნარ სულშერის გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის წყალობით მოექცა - 9 მოგება, 2 ფრე. თუკი ლივერპული პრემიერლიგაში საშინაო მატჩებში კარგი შედეგით არის გამორჩეული, მანჩესტერზე იგივე გასვლით თამაშებზე ითქმის - გუნდმა სტუმრად ჩატარებული 8 მატჩიდან 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. 

პოლ პოგბას და ბრუნო ფერნანდეშის თამაშზე ბევრი იქნება დამოკიდებული

რაც ყველაზე საინტერესოა, მანჩესტერ იუნაიტედი ცხრილში ერთპიროვნულად წინა ტურში გალიდერდა, როდესაც სტუმრად ბარნლის მოუგო, ხოლო ლივერპულმა საუთჰემპტონთან წააგო. "წითელი ეშმაკები" ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ ცხრილში ბოლოს 2012/13 წლების სეზონში ლიდერობდნენ და მაშინ გუნდს სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა. "მანკუნიანელებმაც" ინგლისის ჩემპიონობა ბოლოს სწორედ იმ სეზონში იზეიმეს. 

სხვათა შორის, ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მედიას მომავალი დაპირისპირების წინ უთხრა: 

"მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირებას ყოველთვის მივიჩნევდი სეზონის თამაშად. აშკარაა, რომ თუკი მანჩესტერ იუნაიტედს რაიმეს მოგება სურს, ვალდებულია ლივერპულს აჯობოს. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ორ სეზონში ლივერპულს თამაშს პენსიაზე გასულმა ვუყურე. ისინი ფენომენალურები არიან". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულს საკუთარ მოედანზე ინგლისის პრემიერლიგაში ზედიზედ 46 მატჩია არ წაუგია.

⚽ ლივერპულმა ყველა ტურნირში მანჩესტერ იუნაიტედთან ბოლო 11 შეხვედრიდან 10 არ წააგო. 

⚽ პრემიერლიგაში ლივერპულის ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდ

⚽  მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონატში სტუმრად ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან 11 მოიგო.

⚽ ოლე გუნარ სულშერის გუნდმა პრემიერლიგაში ბოლო 3 შეხვედრა 1 ბურთის სხვაობით მოიგო.

⚽ ენფილდზე ლივერპულისა და მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ პრემიერლიგაში ამ გუნდების ბოლო 10 შეხვედრიდან 7-ში გოლი 26-ე წუთამდე გოლი არ გადიოდა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა ლივერპულთან პრემიერლიგაში ბოლო 12 მატჩიდან 10 არ წააგო (5 მოგება, 5 ფრე).

⚽ ჩემპიონატში ამ გუნდების ბოლო 9 დაპირისპირებიდან 8-ში მანკუნიანელები 1 გოლზე მეტს არ იტანდნენ.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედი ენფილდზე გამართული ბოლო 11 მატჩიდან 9-ში პირველ ტაიმში გატანას ვერ ახერხებდა.

⚽ თავის სამწვრთნელო კარიერაში სულშერს კლოპისთვის ჯერ არ მოუგია - 2 ფრე და 1 მარცხი (ყველა პრემიერლიგის მატჩი).

⚽ კლოპმა მანჩესტერის წინააღმდეგ გუნდი 11-ჯერ (პრემიერლიგასა და ევროპალიგაში) გაიყვანა - 3 მოგება, 6 ფრე, 2 მარცხი.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ფაბინიო, რობერტსონი - ჰენდერსონი, ალკანტარა, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე.
ტრავმები: ციმიკასი, ვან დაიკი, კეიტა, გომესი, ჟოტა. 

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ბაიი, მაგუაირი, შოუ - მაკტომინაი, ფრედი - რაშფორდი, ფერნანდეში, პოგბა - მარსიალი.
ტრავმები: ჯონსი, როხო, პელისტრი, უილიამსი.

კომენტარები

ბოლო ამბები