Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში გამოვა
  • 34 წლის საყრდენი ნახევარმცველი ვალანსიენში სეზონის ბოლომდე ითამაშებს 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა სათამაშოდ საფრანგეთში დაბრუნდა. 34 წლის საყრდენი ნახევარმცველი ლიგა 2-ის ვალანსიენის ღირსებას დაიცავს. მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

კანკავასა და კლუბს შორის ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ჯაბა ფრანგულ გუნდში, რომელსაც მისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტი, ოლივიე გეგანი წვრთნის, 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჯაბა ფრანგული კლუბის ღირსებას ზაფხულამდე დაიცავს

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავას ბოლო კლუბი ყაზახური ტობოლი იყო, რომელსაც გასული წლის ბოლოს დაშორდა. იქამდე კი ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთში, რეიმსში გამოდიოდა, სადაც ერთი პერიოდი სწორედ გეგანის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ვალანსიენს საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.  

ჯაბას ბოლო კლუბი ყაზახური ტობოლი იყო

ჯაბა კანკავამ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რის შემდეგაც ჯერ ვლადიკავკაზის ალანიაში ითამაშა, შემდეგ კი უკრაინაში - კიევის არსენალში, დნეპროპეტროვსკის დნიპროსა და კრივოი როგის კრივბასში გამოდიოდა. ჯაბა დნიპროსთან ერთად ევროპალიგის ფინალი ითამაშა (2014/15), რის შემდეგაც, 2015 წელს, ლიგა 1-ის რეიმსში გადავიდა. საფრანგეთში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ჯაბა ყაზახურ ტობოლს შეუერთდა, სადაც ნიკა კვეკვესკირთან ერთად ბოლო დრომდე გამოდიოდა.

ჯაბამ ფრანგული რეიმსის მაისურით ლიგა 1-ის 27 მატჩში ითამაშა

ჯაბა კანკავას საქართველოს ნაკრებში, რომლის კაპიტანიცაა, 93 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე პასია.

ჯაბა კანკავა საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე მეორე ქართველი იქნება ამირან სანაიას შემდეგ, რომელიც როდეზში გამოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები