Thumbnail

კვირას, 17 იანვარს, ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში, მოქმედი ჩემპიონი ლივერპული სატურნირო ცხრილის ლიდერ მანჩესტერ იუნაიტედს მასპინძლობს. "წითელი ეშმაკების" ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "მერსისაიდელებთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

"მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირებას ყოველთვის მივიჩნევდი სეზონის თამაშად. თუკი შევკრებთ იმ ტიტულებს, რომლებიც ამ გუნდებმა ჯამში მოიგეს, გამოდის, რომ ისინი დიდი ბრიტანეთის ყველაზე წარმატებული კლუბები არიან. 

აშკარაა, რომ თუკი მანჩესტერ იუნაიტედს რაიმეს მოგება სურს, ვალდებულია ლივერპულს აჯობოს. ვითარება იმის მსგავსია, მე როდესაც აბერდინში ვიყავი და რაღაცის მოსაგებად აუცილებლად მჭირდებოდა რეინჯერსისა და სელტიკის დამარცხება. რა თქმა უნდა, გამარჯვებისგან მიღებული ამაღლებული განწყობა თავდაჯერებასაც გმატებს.

სერ ალექს ფერგიუსონმა იუნაიტედს ჯამში 38 ტიტული მოუტანა

70-80-იან წლებში ლივერპულის წარმატება ფენომენალური იყო. იმისათვის, რომ ის გამემეორებინა, ურთულესი გზის გავლა მომიხდა. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ორ სეზონში ლივერპულს თამაშს პენსიაზე გასულმა ვუყურე. ისინი ფენომენალურები არიან. ამ კლუბს ყოველთვის ვაფასებდი და ვაფასებ", - ამბობს 79 წლის შოტლანდიელი.

სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედს 1986-2013 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის პრემიერლიგა 13-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, ხოლო თითოჯერ თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერთასი მოიგეს.

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერის გაწვრთნილ მანჩესტერ იუნაიტედს 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. იურგენ კლოპის ლივერპული 33 ქულით მეორეა.

კომენტარები

ბოლო ამბები