Thumbnail

'ჩაკვეტაძე ღიმილით ვარჯიშობს' - გენტის მწვრთნელმა გიორგიზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
  • გენტის მწვრთნელის კომენტარი დამაიმედებელია

ბელგიური გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა და საკმაოდ იმედისმომცემიც. ბელგიელი სპეციალისტის განცხადებით, გიორგი უკვე ღიმილით ვარჯიშობს და პერსპექტივაც გამოჩნდა. 56 წლის სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობაზე ანტვერპენთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ილაპარაკა:

"ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით საქმე ცოტა უკეთესად მიდის. ერთ-ერთი ბოლო ჩარევა პოზიტიური გამოდგა და ახლა უფრო მეტად ვარჯიშობს ღიმილით. ის, რის გამოც ადრე ვწუხდით, ამჟამად ყოველდღე უმჯობესდება. მოთმინებაა საჭირო, მაგრამ სიტუაცია დადებითია. ხანგრძლივი რთული პერიოდის შემდეგ, ახლა პერპექტივა არსებობს", - თქვა ვანჰაეზბრუკმა.

ჩაკვეტაძემ ბოლოს დეკემბერში დეინზესთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა და გოლიც გაიტანა

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა სექტემბერში, ვენის რაპიდთან მატჩში მიიღო. თავდაპირველი პროგნოზით დაზიანება მძიმე არ უნდა ყოფილიყო და 4 ოქტომბერს, ბელგიის ჩემპიონატში ბეერსხოტის წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა კიდეც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი დაბრუნება ნაჩქარევი გახლდათ. ამას მოჰყვა დეკემბერში სპარინგში თამაში და გოლიც, მაგრამ ჯერჯერობით 21 წლის ქართველმა შემტევმა სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 4 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, გენტი კი ბელგიის ჩემპიონატში 20 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-12 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები