Thumbnail

რალი დაკარი დასრულდა - Hino-ს სატვირთოებმა ურთულესი გამოცდა ჩააბარეს

  • რალი დაკარი 2021 საუდის არაბეთში მეორედ გაიმართა
  • Hino-ს გუნდმა Truck კატეგორიაში ტრადიციას არ უღალატა
  • იაპონური მწარმოებლის სატვირთო მანქანები საქართველოშიც ხელმისაწვდომია

რალი "დაკარის" 2021 წლის რეიდი, ტრადიციულად, ძალიან საინტერესო გამოდგა. წლევანდელი ღონისძიება რიგით 43-ე იყო ისტორიაში და არაბებმა მას უკვე მეორედ უმასპინძლეს. დაკარმა სტარტი საუდის არაბეთში 3 იანვარს აიღო. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს სტარტიც და ფინიშიც ქალაქ ჯედაში გაიმართა, სადაც 13-დღიანი ვოიაჟის შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ავტომობილებში საუკეთესო ფრანგი პილოტი სტეფან პეტერანსელი გახდა

ავტომობილებში საუკეთესო Mini-ს ფრანგი პილოტი სტეფან პეტერანსელი გახდა. მან "დაკარზე" საერთო ჯამში თავისი მე-14 ტიტული მოიგო. მეორე ადგილზე ნასერ ალ ატია გავიდა, რომელმაც თავისი Toyota-თი საკმაოდ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია "მისტერ დაკარს", თუმცა მისი დამარცხება ვერ შეძლო. მესამე ადგილი კი Mini-ს კიდევ ერთმა პილოტმა, კარლოს საინსმა დაიკავა.

მოტომრბოლელთა შორის Honda-ს არგენტინელმა მრბოლელმა კევინ ბენავიდესმა გაიმარჯვა, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე მისი თანაგუნდელი რიკი ბრაბეცი და KTM-ის მრბოლელი სემ სანდერლენდი გავიდნენ. 1987 წლის შემდეგ ეს პირველი დუბლია Honda-ს კოლექტივისთვის. კვადროციკლებში საუკეთსო მანუელ ანდუჰარი გახდა, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე ჯოვანი ენრიკო და პაბლო კოპეტი გავიდნენ. მსუბუქი წონის მანქანების კატეგორიაში წარმატებას ფრანცისკო ლოპესმა მიაღწია, ხოლო მეორე მესამე ადგილები ოსტინ ჯონსმა და ალან დომზალამ გაინაწილეს.

პეტერანსელმა დაკარზე თავისი მე-14 ტიტული მოიგო

სამწუხაროდ არც წლევანდელ შეჯიბრს ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე - მოტომრბოლელი პიერ შერპენი გარდაიცვალა. ფრანგი მოტოციკლისტი "დაკარის" მე-7 ეტაპზე 178 კმ/სთ სიჩქარით დაიმტვრა, რის შედეგადაც თავის არეში საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო. მას  ოპერაცია ჯედას ჰოსპიტალში ჩაუტარეს, თუმცა ნეიროქირურგთა ძალისხმევა, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა.

დაკარზე ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სატვირთო მანქანების რბოლებია. ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამძლეობის ამ ურთულეს გამოცდას სატვირთოების იაპონური მწარმოებლის, Hino-ს გუნდი ათწლეულებია, წარმატებით აბარებს.

1991 წელს Hino Motors გახდა პირველი იაპონური სატვირთოების მწარმოებელი ბრენდი, რომელმაც რალი "დაკარში" მიიღო მონაწილეობა. მანამდე ბევრი ბრენდი ვერ ბედავდა "დაკარზე" გამოსვლას, რადგან ეს სახეობა ტექნიკისთვის გამძლეობის ურთულესი ტესტია. 1997 წელს Hino-ს გუნდმა აბსოლუტური დომინაციით მოიგო სატვირთო კატეგორია, სადაც პირველ სამ ადგილზე სწორედ იაპონელები გავიდნენ. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა "დაკარის" ისტორიაში.

Hino Ranger 500 დიზელის 6-ცილინდრიანი, 750-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი

Hino-ს გუნდი ასევე მიიჩნევა სატვირთო კატეგორიაში, 10 ლიტრამდე კლასის მეფედ, რადგან აღნიშნულ ჩათვლაში ისინი 2010 წლიდან 2021 წლამდე ზედიზედ მეთორმეტედ გახდნენ ჩემპიონები და ისეთი კონკურენტი ჰყავდათ, როგორიცაა მერსედესის ლეგენდარული "უნიმოგი". Hino Team, რომლის ეკიპაჟსაც წლების მანძილზე "რკინის კაცად" წოდებული, ლეგენდარული იოშიმასა სუგავარა ედგა სათავეში, თითქმის ყოველთვის ათეულში ამთავრებდა შეჯიბრს, ხოლო მისი წასვლის შემდეგ ეს მისია მისმა ვაჟმა, ტერუჰიტო სუგავარამ გადაიბარა, რომელიც დღეს Hino-ს წამყვანი მრბოლელია. მიმდინარე წელს მასთან ერთად ეკიპაჟის წევრები ჰიროკაზუ სომემია და იუჯი მოჩიზუკი იყვნენ.

2021 წელს სუგავარა და მისი გუნდი 6-ცილინდრიანი Hino Ranger-ით გამოვიდნენ, რომელსაც "პატარა მონსტრი" შეარქვეს. იგი 7.875 კილოგრამს იწონის, ხოლო მისი ავზის მოცულობა 760 ლიტრი გახლდათ. Hino Ranger 500 საკმაოდ საიმედო სატვირთოდ მიიჩნევა, რომელიც განკუთვნილია ლოჯისტიკისთვის მთელს მსოფლიოში. იგი ძალიან მძლავრია თავის ზომასთან შედარებით. Hino Ranger 500 აღჭურვილია დიზელის 6-ცილინდრიანი, 750-ცხენისძალიანი ძრავით, რომელიც იდეალურად არის შერწყმული მის 7-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან.

Hino Ranger 500 საიმედო სატვირთოდ მიიჩნევა, რომელიც განკუთვნილია ლოჯისტიკისთვის მთელს მსოფლიოში

აღსანიშნავია, რომ "დაკარზე" ასევე Hino 700-იც იყო წარმოდგენილი - როგორც დამხმარე სატვირთო, რომლის მოვალეობაც რალიზე სათადარიგო ნაწილებისა და მექანიკოსთა ჯგუფის გადაყვანაა. მათი საქმეში ჩართვა კი "დაკარის" შეჯიბრზე დამატებითი სანახაობაა. რალი "დაკარში" Hino Motors-ის მთავარი მისია გუნდური სულისკვეთების ამაღლება გახლდათ, რომელიც შემდგომში ხელს უწყობს ბრენდის ტექნოლოგიურ განვითარებას.

გიორგი ბაინდურაშვილი (Hino-ს ბრენდ-მენეჯერი საქართველოში): „ეს არ არის მხოლოდ რბოლა რბოლისთვის. ეს არის ასევე იმ ცოდნის და გამოცდილების სერიულ წარმოებაში გადმოტანა, რომელსაც Hino, 1991 წლიდან დღემდე, წარმატებული ასპარეზობით აგროვებს “რალი დაკარზე”. ეს არის ყოველ წელს, 2-კვირიანი გაუჩერებელი, გიჟური მარათონი, რომელიც როგორც ეკიპაჟს, ასევე სარბოლო ტექნიკას გამძლეობაზე უწყობს გამოცდას. ამ რბოლის დამთავრება უკვე გამარჯვებაა!“

ამ თემაზე პოპსპორტის პოდკასტში უფრო ვრცლად ვისაუბრეთ. დაკარის გარდა, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართულ რალიში, ავტოსპორტის ეს სახეობა შევადარეთ სხვა მიმართულებებს. შევეხეთ ზოგადად ქართულ ავტოსპორტში მიმდინარე და მომავალ მოვლენებს.

🎧 POP PODCAST | დაკარის რალი, HINO-ს სატვირთოების გამოცდა და ქართული ავტოსპორტი

🎙 საუბრობენ: შაკო ბუაჩიძე (პოპსპორტის მთავარი რედაქტორი), მევლუდ მელაძე (საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი) და გიორგი ბაინდურაშვილი (Hino-ს ბრენდ-მენეჯერი საქართველოში).

📺 youtube

🎵 soundcloud

კომენტარები

ბოლო ამბები