Thumbnail

'ჩემი კუმირი ფერნანდო ტორესი იყო' - მუსა დემბელე ატლეტიკოში ბედნიერია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლიონის თავდამსხმელი იჯარის წესით მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას დაიცავს
  • ფრანგმა ახალ გუნდზე, მის მთავარ მწვრთნელსა და ბავშვობის კუმირზე ისაუბრა 

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა მადრიდის ატლეტიკომ ახლახან ფრანგული ლიონიდან მუსა დემბელე დაიმატა. 24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა და კომენტარიც გააკეთა.

მუსა დემბელე, რომელიც ლიგა 1-ის 16 მატჩში 1 გოლით გამოირჩა, ატლეტიკოში იჯარის წესით, 1,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ვადის გასვლის შემდეგ მადრიდელებს ფორვარდის 33,5 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლებათ.

მუსა დემბელემ ატლეტიკოში გადასვლის შემდეგ ესპანურ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც საკუთარ თავზე, ბავშვობის კუმირსა და მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეზეც ისაუბრა.
 
"ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ატლეტიკო ბრწყინვალე კლუბია, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ. რაც შემეხება მე, უფრო თავდამსხმელი ვარ, რომელსაც უყვარს გოლების გატანა. ეს არის ჩემი საქმე. ფიზიკურად ძლიერი ვარ, მაგრამ ტექნიკითაც გამოვირჩევი. ბავშვობაში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი იყო და შესაბამისად, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. მოუთმენლად ველი, როდის ვითამაშებ.

დიეგო სიმეონე მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩემთვის პატივია აქ ყოფნა და მასთან მუშაობა. იმედი მაქვს, ერთად ბევრს მივაღწევთ. 

იმედი მაქვს, თანაგუნდელები გაშინაურებაში დამეხმარებიან. ლემართან საუბრის შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ არ მინდოდა ეს კონტრაქტის გაფორმებამდე გამეკეთებინა. ახლა გარიგება შედგა და გამოველაპარაკები, რათა კლუბსა და თანაგუნდელებზე მეტი შევიტყო. იმედი მაქვს, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება", - ამბობს მუსა დემბელე.

მუსა დემბელე ატლეტიკოს ღირსებას 19-ნომრიანი მაისურით დაიცავს

მადრიდის ატლეტიკომ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 41 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. დიეგო სიმეონეს გუნდი მომდევნო შეხვედრას ლა ლიგაში 22 იანვარს, ეიბართან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები