Thumbnail
  • ფლოიდ მეივეზერი სპორტულ სამყაროში ყველაზე ნეგატიური მაგალითია
  • მთელი კარიერის მანძილზე ის თავის დამარცხებას ყიდდა
  • მეივეზერი ყველაფერში თავისებურად იქცევა, დინების წინააღმდეგ მიდის
  • ფლოიდს ოჯახში ბევრი ძალადობა უნახავს, ამან მის ფსიქიკას დაღი დაასვა

ეს იყო კონორ მაკგრეგორთან ბრძოლამდე ორი დღით ადრე, ხუთშაბათს გამთენიისას - ჟურნალისტები სტრიპტიზ-კლუბ Girls Collection-ში ფლოიდ მეივეზერს ელოდებოდნენ. კაცი, რომელსაც ორ დღეში, 200-მილიონიან ბრძოლაში თავისი წაუგებელი რეკორდი უნდა დაეცვა, კლუბში მართლაც გამოჩნდა. ეს ღამის სამი საათისთვის მოხდა. Girls Collection მან თვითონვე იყიდა და მისი მეორე სახლია. ეს არის ადგილი, სადაც ფლოიდი, მაგალითად, ჯასტინ ბიბერთან და 50 Cent-თან ერთად ერთობა.

გაკვირვებულ ჟურნალისტებს მეივეზერმა ირონიულად მიაძახა, რომ ის აქ, პარასკევს, ბრძოლის წინა ღამესაც მოვიდოდა - ‘მე ვერავინ დამამარცხებს’.

შეიძლება ეს არანორმალურია, მაგრამ ფლოიდს აქვს ამის უფლება - ის თავისი წესებით თამაშობს და მუდამ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგაა.

ცუდი კაცი

ფლოიდ მეივეზერი ცუდი კაცია. არავინ ზრდის ბავშვებს მეივეზერის მაგალითზე, არც სარეკლამო კომპანიები გიჟდებიან მასზე და სოციალურ და საზოგადოებრივ საკითხებზეც მისი აზრი ნაკლებად საინტერესოა. რინგის გარდა, ეს კაცი ყველაზე უკეთ სტრიპტიზ-კლუბებში გრძნობს თავს, მილიონობით დოლარს ყველას დასანახად თამაშობს და ოფიციალური ‘გემბლერია’. მის ‘ანგარიშზე’ ცოლის ცემა, ქალებზე ძალადობა, ოჯახური უსიამოვნებები და ციხეში გატარებული პერიოდია. თუ გგონიათ, რომ ფლოიდი ციხემ გამოასწორა, ძალიან ცდებით. იქ ის მცველების ხან მოსყიდვას და ხანაც დაშინებას ცდილობდა.

ფლოიდს არ ედარდება Black Lives Matter, თუ არა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად, მეოთხე ფერარი ან მესამე ლამბორგინი იყიდოს და ეს ინსტაგრამიდან შეგვატყობინოს, ან რამდენიმე კილო ოქროთი ასხმული თავის მილიონებს, ‘ქეშად’, სახალხოდ ითვლიდეს. ზუსტად ასევე იქცევა ის ვირუსულ ვიდეოში, როცა იმ ხალხს, ვისაც ფლოიდი არ უყვარს, ცინიკურად აჩვენებს თავისი მანქანების გარაჟს.


მაიკლ რაპაპორტი, ჟურნალისტი და მსახიობი: ‘ბავშვები უყურებენ მეივეზერს და ფიქრობენ: ‘თუკი იმდენ ფულს გავაკეთებ, რამდენსაც ფლოიდი, შემიძლია, ვიყიდო ბენტლი, ჰაერში ვისროლო ფული სტრიპტიზ-კლუბებში და ვცემო ქალები.’

მოკლედ, ნებისმიერს, ვინც ფლოიდ მეივეზერევით მოიქცევა, ცივილიზებული საზოგადოება გარიყავს და გასაქანს არ მისცემს - მით უმეტეს, ჩვენს ეპოქაში, როდესაც ამერიკის პრეზიდენტს არასწორი ტვიტი სოციალურ ქსელში დაბლოკვად უჯდება. მაგრამ ფლოიდ მეივეზერს ვერავინ ვერაფერს უშვება - ის დინების წინააღმდეგ მიდის და მიდის. ვერ უშვება იმიტომ, რომ ეს ბიჭი 50-0-ზეა და 21 წლის მანძილზე ხეირიანად სახეში ხელიც კი ვერავინ მოარტყა. სწორედ ამიტომ, სანამ ის 200-მილიონიან ბრძოლებს იჩხუბებდა და გაიმარჯვებდა, სანამ მას მეტსახელად Money-ს უწოდებდნენ, მანამდე Pretty Boy Floyd-ი იყო, ‘ლამაზი ბიჭი’, რომლის სახეზეც სისხლი არ გვინახავს. როცა რინგზე ორი ათეული წელია დგახარ და სახეში ხელი არ მოგხვედრია, გეკუთვნის, რომ Pretty Boy გიწოდონ.

როცა ასეთი მაგარი ხარ, დინების წინააღმდეგ სვლაც მაშინ შეგიძლია.

წაგება, რომელიც არ მოვიდა

ახლა, როცა წინა აბზაცებს კითხულობდით, ვიცი, ბევრი გაღიზიანდით. ზოგს ისიც გაგახსენდათ, რომ ოდესღაც, პროფესიულ კარიერამდე, მეივეზერს რაღაც ბრძოლები წაუგია კიდეც, ხან თითქოს მსაჯებიც მისკენ ყოფილან, ხან ბრძოლები თავიდან აურიდებია. ეს ყველაფერი ვიცი. ვიცი, რას ამბობს ის ხალხი, რომელთაც მეივეზერი სძულთ. ისიც ვიცი, რატომ სძულთ. ზოგადად, რთულია მეივეზერი გიყვარდეს (ამის შესახებ უკვე გითხარით). ეს ყველაფერი კარგად ვიცი, იმიტომ, რომ მეც მათ რიცხვში შევდივარ, ვინც წლების მანძილზე მეივეზერის წაგებას ელოდა.

მილიონების მსგავსად, მეც მჯეროდა, რომ 2013-ში კანელო ალვარესი ბოლოს მოგიღებდა. ბევრად ახალგაზრდა და ტანით ბევრად დიდი კანელო იმ ბრძოლაში დამწყებ მოკრივეს ჰგავდა. მილიონების მსგავსად, მე ვიყავი ის, ვინც ფიქრობდა, რომ 2014-ში ძალიან საკამათო პირველი ბრძოლის შემდეგ, რემატჩში მარკოს მაიდანა გაგანადგურებდა. არგენტინელი ტანკივით იყო, მაგრამ რა აზრი აქვს, ტანკი ხარ, თუ ატომური ბომბი, როცა აჩრდილს ებრძვი. მილიონების მსგავსად, მე ვიყავი ის, ვინც ფიქრობდა, რომ წლების მანძილზე მეივეზერი მენი პაკიაოს თავს არიდებდა, ემალებოდა და ‘პაკმენი’ თავისი აგრესიული სტილით მეივეზერის დაცვისგან არაფერს დატოვებდა. პირიქით მოხდა, პაკიაომ ხელიც ვერ მოარტყა ნორმალურად.

ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მეივეზერი არასოდეს მყვარებია, უბრალოდ რიცხვები ჯიუტია და ეს რიცხვები, 50-0-ზე, სხვა შანსს არ ტოვებს, რომ მის ავტორს პატივი არ სცე.

უფრო მეტსაც ვიტყვი: მეივეზერმა კარიერა მისადმი სიძულვილზე ააგო. მილიონობით კაცი წლების მანძილზე ფულს იმაში იხდიდა, რომ Pretty Boy-ს სისხლიანი სახე და რინგზე მიძინებული ფლოიდ მეივეზერი ენახა. უბრალოდ, ეს დღე არასოდეს დადგა. ფლოიდ მეივეზერს არ ედარდება რიგითი ამერიკელი pay per view-ს დროს ფულს მის სიძულვილში იხდის, თუ სიყვარულში. მთავარია, რომ იხდის. მეივეზერმა იდეალურად მოირგო სპორტული ბოროტმოქმედის როლი. ყველა დაარწმუნა, რომ რაღაც უზენაესი სამართლიანობის გამო ის ადრე თუ გვიან უნდა დამარცხებულიყო. სწორედ ამ მოლოდინმა შექმნა მეივეზერის ლეგენდა და ამ ლეგენდამ შექმნა 200-მილიონიანი ბრძოლები.

იდეალური მენეჯმენტი

ფლოიდ მეივეზერი ის კაცია, რომელმაც წესიერად კითხვაც კი არ იცის. ამის მიუხედავად, ის ძალიან ჭკვიანია და თითქმის იდეალურად მართავს კარიერას. კრივი ფეხბურთი ან კალათბურთი არ არის, სადაც სისტემა ისეა აგებული, რომ უძლიერესები აუცილებლად ერთმანეთს ხვდებიან. კრივში მენეჯმენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფლოიდიც ყოველთვის ახერხებდა, რომ მეტოქეებთან ებრძოლა მაშინ, როცა მას უნდოდა, ანუ მაშინ, როცა ისინი პიკზე არ იყვნენ.

ფლოიდ მეივეზერი: ‘ეს ბიზნესია და აქ ჭკვიანი უნდა იყო. მთავარია, მიიღო, რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება ცოტა წვალებით.’

იმ ხალხს, ვისაც მეივეზერი არ უყვარს (და 'ლეგიონია მათი სახელი'), ხშირად უყვარს ამის შეხსენება. ზემოთ კანელო ალვარესი და მენი პაკიაო ვახსენე. კანელოს ფლოიდი მაშინ ეჩხუბა, როცა ის ზედმეტად ახალგაზრდა იყო და პიკამდე ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი, პაკიაოს პირიქით, მას შემდეგ, რაც ფილიპინელის პიკმა გადაიარა.

თუმცა, ეს მეივეზერის ‘ბრალი’ არ არის. კრივი კარგ მენეჯმენტსაც ნიშნავს და ფლოიდი თავისი კარიერის მენეჯმენტშიც ისეთივე ჩემპიონია, როგორც რინგზე. იოლ მოწინააღმდეგეებსაც ვერავინ დააბრალებს: 2007 წლიდან 2015 წლამდე მონაკვეთში ფლოიდმა ზედიზედ დაამარცხა ოსკარ დე ლა ჰოია, რიკი ჰატონი, ხუან მანუელ მარკესი, შეინ მოსლი, ვიკტორ ორტისი, მიგელ კოტო, რობერტ გუერერო, კანელო ალვარესი, მარკოს მაიდანა ორჯერ და მენი პაკიაო. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან შთამბეჭდავი სიაა.

ასეთივე ჭკვიანია ის თავად რინგზეც. მას არ ედარდება, რომ მაყურებელს შეტევების, მძლავრი დარტყმების და მაღალი ტემპის ყურება ხიბლავს. მეივეზერს თავისი სტილი აქვს და ამ სტილში იგებს. მისი საკრივო ინტელექტი, გამოცდილება, ფეხების მოძრაობა და დაცვითი ‘სქილები’ იმდენად მაგარია, რომ მან იცის, რამდენი რაუნდიც არ უნდა იჩხუბოს, ხელს ისე ვერ მოარტყამ, რომ ხიფათი შეუქმნა, თავად კი რაუნდ-რაუნდ, ნელ-ნელა, ეტაპობრივად დააგროვებს დარტყმებს და ქულებს.


კანელო ალვარესი: ‘ის ისეთი მებრძოლია, რომ თანახმაა, მხოლოდ სამჯერ მოგარტყას, თუ რაუნდს მოიგებს. მას არ ადარდებს მაყურებელს მოსწონს, თუ არა. მთავარია, რომ იგებს.’

მის ბოლო ბრძოლაშიც ასე იყო - კონორმა თითქოს კარგად დაიწყო, თუმცა სტატისტიკა ჯიუტი იყო: მეივეზერამდე ირლანდიელის დარტყმების მხოლოდ 26 პროცენტი მიდიოდა - ანუ, კონორი ძირითადად ჰაერს ებრძოდა, სამაგიეროდ, მას ფლოიდის დარტყმების 53 პროცენტი ხვდებოდა. მეშვიდე რაუნდისთვის კონორს უკვე ფეხზე დგომის ძალაც აღარ ჰქონდა.

უცნაური გრაფიკი

ზემოთ აღვნიშნე, რომ ფლოიდ მეივეზერი ის კაცია, რომელიც დინების წინააღმდეგ მიდის. ეს მის ცხოვრების წესსაც ეხება. იმ ეპოქაში, როდესაც სწორი კვება, სწორად ძილი და დისციპლინა სპორტში აუცილებელი ნორმაა, ფლოიდ მეივეზერს თავისი ცხოვრების წესი აქვს. კლუბებში ღამის თენება, დილის ხუთზე დასაძინებლად წასვლა, შუადღემდე ძილი, პიცა, პეპსი და ფასტ-ფუდი. უცნაური ის არის, რომ მეივეზერი ამის მიუხედავად მაინც იგებს. როგორც მარკოს მაიდანასთან ბრძოლის წინ ტრაბახობდა: ‘I drink soda, eat pizza, hang with chicks all day, nobody still can,t beat me - პიცას ვჭამ, გაზიან სასმელებს ვსვამ, გოგოებთან ერთად დავდივარ და მაინც ვერავინ მამარცხებს.’


მეივეზერი დაუმარცხებელია იმიტომ, რომ მას მეორე მხარეც აქვს. ის შეშლილია ვარჯიშზე, უბრალოდ მაშინ ვარჯიშობს, როცა უნდა. მისი გარემოცვა ყოველთვის ამბობს, რომ არასოდეს იცი, მეივეზერს ვარჯიში როდის მოუნდება. ფლოიდი შეიძლება ღამის სამზე კლუბიდან გამოვიდეს და სახლში სირბილით წავიდეს. 10-15-კილომეტრიან დისტანციაზე სირბილზეა ლაპარაკი. მას სჯერა, რომ ეს მას ფსიქოლოგიურ უპირატესობას აძლევს თავის კონკურენტებთან შედარებით - მათ სძინავთ, ის კი ვარჯიშობს.

ნებისმიერი ღამის ვიზიტი სტრიპტიზ-ბარში შეიძლება ჯიმში გატარებული ორი საათით დასრულდეს. ფლოიდი ღამის ცხოვრების მიუხედავად არ სვამს, არანაირ ნარკოტიკებს არ მოიხმარს, არც მსუბუქს და არც უფრო მძიმეს და მაშინაც კი ვარჯიშობს, როცა ოფიციალურად კარიერა დასრულებული აქვს.

როჯერ მეივეზერი, ბიძა და მწვრთნელი: ‘ის შეშლილია ვარჯიშზე. სადაც არ უნდა იყოს - რესტორანში, კლუბში - ადგება და სარბენად წავა.’

იუთუბის ვიდეოებში მისი სიმდიდრე უფრო ჩანს - მანქანების კოლექცია, ოქროს საათები და მილიონობით ‘ქეში’ ჩანთაში. მეივეზერს უნდა, რომ ხალხმა ამაზე ილაპარაკოს. მაგრამ ნამდვილი ფლოიდ მეივეზერი ის არის, რომელიც ვარჯიშებზე თავდაუზოგადავად ღვრის ოფლს. ასეულობით ნაშოვნი მილიონის და 21-წლიანი დაუმარცხებელი კარიერის შემდეგაც მეივეზერს არასოდეს დავიწყებია, რომ ეს ყველაფერი მას სწორედ ვარჯიშმა, რინგმა და ხელთათმანებმა მოუტანა. ამით განსხვავდება ის, მაგალითად, მაიკ ტაისონისგან. მეივეზერს თავი არასოდეს დაუკარგავს.

მისი საწვრთნელი რეჟიმი კიდევ უფრო ბრუტალური ხდება, როცა ის ბრძოლისთვის ემზადება.

ზაბ ჯუდა, მისი ყოფილი მეტოქე და შემდეგ სპარინგ-პარტნიორი: "მისთვის სამუშაო ეთიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ტალანტი. მე მქონდა შანსი, მასთან ერთად მევარჯიშა პაკიაოსთან ბრძოლის წინ და მენახა, როგორ ვარჯიშობს. ჩვენ 4-5-საათიანი ვარჯიში გვქონდა დარბაზში, ვარჯიშის შემდეგ ის პირდაპირ მიდიოდა და 10 მილს (დაახლოებით 15 კილომეტრი) დარბოდა. მე ამ დროს ვფიქრობდი: ‘ეს ავადმყოფი მართლა შეშლილია.’

სახლში მივდიოდი, ვისვენებდი და ცოტა ხანში, ღამის ორზე ან სამზე ისევ რეკავდა: ‘წამო, სარბენად წავიდეთ.’ ის ყველაზე მეტს შრომობს."

ოჯახი, როგორც სარკე

ოჯახი მეივეზერის სისუსტეც არის და მისი ძალაც. ცოტა ტრივიალურად ვამბობ, მაგრამ მართლა ასეა. ფულის და, ზოგადად, სიმდიდრის მიმართ მისი დამოკიდებულებაც აქედან მოდის - ფლოიდი მიჩიგანში, უღარიბეს ოჯახშია გაზრდილი. შვიდ კაცს ერთ საძინებელში, იატაკზე რომ ეძინა, ისეთი ამბავია. ცხელი წყალი და გათბობა მეივეზერების ოჯახს არასოდეს ჰქონია.

ქალებისადმი ძალადობა და ზოგადად ძალადობისადმი მისი დამოკიდებულებაც ოჯახით აიხსნება. ფლოიდი ნარკომანი დედის და ნარკოტიკების წვრილმანი გამყიდველი მამის გაზრდილია. მამა მას მუდმივად ცემდა. ოჯახური ძალადობა არის ის, რასაც ის მთელი ცხოვრება უყურებდა და ახლა რატომ ელოდება ვინმე იმას, რომ ის სხვანაირად მოიქცევა?!

ფლოიდ მეივეზერი: 'მამაჩემი ყოველდღე მცემდა, თანაც უმიზეზოდ. სულ მეგონა, რომ ჩემი და უფრო უყვარდა, რადგან იმას არ სცემდა. ამის ატანა აღარ შემეძლო, მინდოდა, რაც შეიძლება მალე, გავზრდილიყავი და ამ ყველაფერს მოვშორებოდი.'

მის ოჯახურ ამბებში არის ასეთი ეპიზოდი: მისი ბიძა ტონი სინკლერი, დედის, დებორას ძმა, მის მამას, ფლოიდ მეივეზერ უფროსს იარაღს დაადებს. ფლოიდ უფროსი ორი წლის ფლოიდ უმცროსს აიფარებს. იცის, რომ ბიძა ბავშვს არ ესვრის. ამ დროს საინტერესო მისი ცოლის რეაქციაა - ის ცდილობს, პატარა ფლოიდი ქმარს გამოართვას, რათა ძმამ სროლა მოახერხოს. კონფლიქტის მიზეზი ნარკოტიკებია - ტონი სინკლერიც და ფლოიდ მეივეზერ უფროსიც ამ ‘ბიზნესში’ იყვნენ ჩართულები.

ფლოიდ მეივეზერ უფროსი: ‘მე ვუთხარი, თუ ჩემი მოკვლა გინდა, მაშინ ამ ბავშვის მოკვლაც მოგიწევს. მე ვიცოდი, რომ ის ბავშვს არ ესროდა. დებორას ბავშვის გამორთმევა უნდოდა, მაგრამ არ მივეცი. სიკვდილი არ მინდოდა.’

ორი წლის შვილმა ფლოიდ უფროსს მართლა უშველა. ტონი სინკლერმა მაინც გაისროლა, ოღონდ ფეხებში. მიღებულმა ჭრილობამ ფლოიდ უფროსის საკრივო კარიერას დაღი დაასვა, თუმცა სიცოცხლე შეინარჩუნა. ამის შემდეგ მან ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო ციხეში ბევრი წელი გაატარა.

ფლოიდ უმცროსის ცხოვრებაში გადამწყვეტი მეორე ბიძის, როჯერ მეივეზერის შემოსვლა იყო. თუკი ფლოიდმა საკრივო ხელთათმანები ფეხის ადგმასთან ერთად ჩაიცვა და მისი პირველი საკრივო ნაბიჯები მოკრივე მამას უკავშირდება, ბიძამ თავისი უნიკალური სამწვრთნელო სტილით ფლოიდი ჩემპიონად აქცია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ფლოიდ უფროსი და როჯერი დიდი ხანი ვერ იყოფდნენ, თუ რომელი იყო ფლოიდის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი. არც ეს ოჯახური კონფლიქტი გამოიყურებოდა მაინცდამაინც ლამაზად. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფლოიდ უფროსი თავის შვილთან ჩხუბის წინ ოსკარ დე ლა ჰოიას სთავაზობდა მწვრთნელობას და სანაცვლოდ ორ მილიონ დოლარს ითხოვდა.

მოკლედ, მეივეზერები კარგი მაგალითი არასოდეს ყოფილან. ფლოიდიც ამ გარემოს და ამ ოჯახის სახეა. კრივი მას სისხლში აქვს. დარწმუნებული ვარ, 40 კი არა, 60 წლის ასაკშიც არ დაკარგავს კლასს და მოძრაობებს, ბრძოლა მის დნმ-შია, ამის მეტი ბავშვობიდან არაფერი უკეთებია. თუმცა მეივეზერების ხასიათი და ის კომპლექსები თუ ტრავმები, რომლებიც ძალადობას და ოჯახურ კონფლიქტებს მოყვება, მასაც თავის დაღს ასვამს. ფლოიდ მეივეზერმა თავის ცხოვრებაში ისეთი რამეები ნახა, რომ ახლა აღარ ადარდებს საზოგადოების თვალში მას როგორი იმიჯი ექნება.

ყველაზე მთავარი სიბრძნე მან უკვე იცის:

ფლოიდ მეივეზერი: ‘ქალები იტყუებიან, კაცები იტყუებიან, რიცხვები - არასოდეს!’

მთავარია, რომ რიცხვები მის მხარესაა - ეს ბიჭი თავის ორმოცდაათივე ბრძოლაში გამარჯვებულია და რა გინდა, რომ ქნა?!

კომენტარები

ბოლო ამბები