Thumbnail

'ეს იუვენტუსთან თამაშის წინ დაგვმუხტავს' - ანტონიო კონტე კმაყოფილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიორენტინა 1:2 (დ.დ.) ინტერი
  • მილანის ინტერი იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა
  • ნერაძურის მთავარ მწვრთნელს წინ იუვენტუსთან მატჩი ელის  

მილანის ინტერმა იტალიის თასის ⅛-ფინალში ფიორენტინა დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

ფლორენციაში, "არტემიო ფრანკიზე" გამართულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო. ძირითად დროში გოლები არტურო ვიდალმა (40, პენ.) და კრისტიან კუამემ (58) გაიტანეს, დამატებითში კი გამარჯვების გოლი რომელუ ლუკაკუმ (119) შეაგდო. 

მილანის ინტერს გამარჯვება რომელუ ლუკაკუმ მოუტანა

120-წუთიანი დაპირისპირების შემდეგ ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავისი გუნდის თამაში შეაფასა და გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს. მათ მაღალი ტემპი მთელი 120 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეს. კარგად წარმოაჩინეს თავი იმ ფეხბურთელებმაც, რომლებსაც მანამდე თამაში იშვიათად უწევდათ. მათ აჩვენეს, რომ ინტერი მათ გულებშია და მზად არიან ბრძოლისთვის. 

ამ მატჩში მხოლოდ დადებითი პასუხები მივიღე. მსურდა ზოგიერთი ფეხბურთელისთვის დასვენების შესაძლებლობა მიმეცა იუვენტუსთან თამაშისთვის, მაგრამ მაინც უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა მომიხდა. 

ყველა მოგებას ენერგიის მუხტი მოაქვს, თუმცა ნერვებიც ეწირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტურნირის შემდეგ სტადიაზე გასვლა. ახლა იუვენტუსთან თამაშისთვის უნდა დავისვენოთ, რომელიც გამოაჩენს, რა დონეზე ვიმყოფებით. მატჩისთვის მოსამზადებლად სწორ გზას შევარჩევთ, იტალიის თასზე ნაჩვენები შედეგი კი ძალას შეგვმატებს", - თქვა კონტემ.

მილანის ინტერი იტალიის თასის ¼-ფინალში მილანს 27 იანვარს დაუპირისპირდება, იქამდე კი, სერია A-ში მორიგი შეხვედრის გამართვა 17 იანვარს, ტურინის იუვენტუსთან მოუწევს. ანტონიო კონტეს გუნდს ჩემპიონატში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მილანს (40) ჩამორჩება. იუვენტუსი, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს, 33 ქულით მეოთხეა.

კომენტარები

ბოლო ამბები