Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა საქართველოსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც თებერვლის პირველი კვირის თავზე თბილისში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ უელსელმა სპეციალისტმა მომავალი შეხვედრისთვის 37-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მზადებას სოჭში გაივლის, შემდეგ კი გეზს საქართველოსკენ აიღებს.

ლინ ჯონსი: “საქართველოსთვის გასულ წელს გამართული “შემოდგომის ერთა თასი” მსოფლიოს მინი-ჩემპიონატივით იყო. მათ პლანეტის საუკეთესო ნაკრებებთან ჭიდილში ბევრი რამ ისწავლეს და ტურნირის მიმდინარეობისას სულ უფრო უკეთ გამოიყურებოდნენ. ინგლისთანა და უელსთან კი გაუჭირდათ, თუმცა, ირლანდიასთან ჩინებული ლელო დადეს და ამის წყალობით, ფიჯისთან მატჩზეც უფრო თავდაჯერებულნი გავიდნენ. თბილისში რთული მატჩი გველის და ალბათ, ექსპერიმენტებს მოვერიდებით, თუნცა, შემადგენლობაში ცვლილებები ნამდვილად იქნება. ბევრი ახალგაზრდა მორაგვე გვყავს, რომელთაც წარმატების მისაღწევად ძალიან უნდა მოინდომონ. რუსული რაგბის მდგომარეობა თუნდაც 5 წლის შემდეგ, სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული ამ პერიოდში როგორი პროგრესი გვექნება”.

პანდემიის გამო გადადადებული რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტური 6 ან 7 თებერვალს დაიგეგმა და საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაც მაშინ შედგება. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ.

რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. “ბორჯღალოსნებს” რუს “დათვებთან” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები