Thumbnail
  • წლებია, მანჩესტერ იუნაიტედი 17 ტურის შემდეგ ლიდერი არ ყოფილა
  • მომდევნო მანკუნიანელებს ლივერპულთან დიდი ბრძოლა ექნებათ

ესეც ასე! მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში გალიდერდა და თანაც, ეს პოლ პოგბას გადამწყვეტი, ძალიან მაგარი გოლით მოხდა.

თვეების წინ ძალიან რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ოდესმე ასეთი წინადადების დაწერა მოგვიწევდა, ახლა კი ეს ფაქტია. როცა გვახსენდება, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში იუნაიტედი მე-15 ადგილზეც კი იყო, ხოლო პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ კი პოლის მანჩესტერული კარიერა ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა, ორმაგად გასაოცარია როგორც მანკუნიანელთა ლიდერობა, ისე ფრანგი ნახევარმცველის როლი ამაში.


პოგბამ ბარნლისთან გამარჯვების გოლის შემდეგ, BBC-სთან ინტერვიუში პირდაპირ ლივერპულთან მოახლოებულ ტოპ-მატჩზე ისაუბრა: “ეს შესანიშნავი თამაში იყო, მაგრამ მთავარი ამბავი წინ გვაქვს. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ახლა ჩვენი ყველაზე დიდი მომენტია. ლივერპულთან ბრძოლისთვის მზად ვართ!”

უფრო ეიფორიული იყო იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სულშერის კომენტარი: “ბწრყინვალე სიტუაციაში ვართ. ვიცით, რომ ადვილად არაფერი მოვა, მაგრამ ძალიან დამშეულები ვართ!”

17 ტურის შემდეგ იუნაიტედი ბოლოს 2012 წელს ლიდერობდა

ფაქტია, მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის დუელი, რომელიც 17 იანვარს ‘ენფილდზე’ გაიმართება, ამაზე უკეთეს მომენტში ვერ შედგებოდა. მე-18 ტურის წინ იუნაიტედი პრემიერლიგას 36 ქულით ლიდერობს, ლივერპული კი 33 ქულით მეორე ადგილზეა.

ჰო, მართლა: მანჩესტერ იუნაიტედი 17 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე ბოლოს 2012 წელს იყო და იმ სეზონში (2012-2013) ინგლისის ჩემპიონიც გახდა...

კომენტარები

ბოლო ამბები