Thumbnail
  • დოჰას მასტერსის დასკვნითი დღე ქართული დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა
  • საღამოს სესიაში მედლებისთვის საქართველოს ნაკრების 3 წევრი იბრძოლებს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს დასრულდება მასტერსის გათამაშება, საღამოს სესიაში კი, რომელიც სტარტს თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს, ოქროს მედლის მოპოვების შანსი 2 ქართველ ძიუდოისტს ექნება. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ბექა ღვინიაშვილი (90კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლის ასაღებად კი ტატამიზე ლაშა ბექაური (90 კგ.) გავა.

ღვინიაშვილმა შვედი მარკუს ნიმანი და იაპონელი შოიჩირო მუკაი იპონზე დასცა, შემდეგ კი, გერმანელი ედუარდ ტრიპელისგან ვაზარი გაუშვა, თუმცა, მალევე მასაც წმინდად აჯობა. ნახევარფინალში ბექამ თურქეთის სახელით მოჭიდავე სლოვენიელ მიჰაელ ზგანკს ვაზარი აართვა და ფინალში გავიდა, სადაც ნოელ ვან ტ ენდს დაუპირისპირდება. ნიდერლანდელმა ძიუდოისტმა პოლონელ პიოტრ კუჩერას, მონღოლ ალტანბაგანა განტულგასა და რუს მიხაილ იგოლნიკოვს მოუგო.

📺 ღვინიაშვილი V ზგანკი

ამავე წონაში ახალგაზრდა ბექაურმა ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ლი კოჩმანს იპონით აჯობა, სერბ ნემანია მაიდოვთან ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ დამატებით დროში სძლია ვაზარით, მეოთხედფინალში კი ხსენებულ იგოლნიკოვთან ვაზარები გაცვალა, რის შემდეგ ილეთზე კიდევ ერთხელ მოჰყვა და ტატამი დამარცხებულმა დატოვა. სამაგიეროდ, ბექაური ძლიერად გამოიყურებოდა რეპეშაჟში, სადაც განტულგას ვაზარი 2-ჯერ აართვა და მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ძალებს ზგანკთან მოსინჯავს.

ვარლამ ლიპარტელიანმა დილის სესია ძალიან დამაჯერებლად განვლო და მეტოქეებისთვის ქულაც კი არ დაუთმია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა რუსი ნიიაზ ბილალოვი და უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი შებოჭვებით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკს ვაზარი აართვა. ფინალში ლიპარტელიანის მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იქნება, რომელმაც გზიდან ეგვიპტელი რამადან დარვიში, სამხრეთკორეელი გუჰამ ჩო, კანადელი შადი ელნაჰაი და ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა ჩამოიცილა.

📺 ლიპარტელიანი V პალჩიკი

სამწუხაროდ, საღამოს ბლოკში წარმომადგენელი არ გვეყოლება +100 კგ წონით კატეგორიაში, არადა მძიმე წონაში 3 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა. გელა ზაალიშვილმა კუბელი ენდი გრანდა მალევე დააიპონა, თუმცა, ლეგენდარულ ფრანგ ტედი რინერთან ვერაფერი გააწყო და მტკივნეულ ილეთზე მოჰყვა. ლევან მატიაშვილმა 3 შიდო აჰკიდა უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს, რუს ინალ ტასოევთან კი იპონით დამარცხდა. მალევე დაასრულა გამოსვლა გურამ თუშიშვილმაც, რომელმაც რუსი ანტონ კრივობოკოვი გაფრთხილებებით დაჯაბნა, სამხრეთკორეელ მინჯონგ კიმთან კი უჩვეულოდ პასიური იყო და იპონით წააგო.

📺 ზაალიშვილი V რინერი

კომენტარები

ბოლო ამბები