Thumbnail
  • ჰიუსტონ როკეტსი 100:117 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლებრონ ჯეიმსმა თამაშიც მოიგო და სანაძლეოც
  • ჯეიმს ჰარდენმა ჰიუსტონიდან წასვლაზე მიანიშნა 

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. ჰიუსტონ როკეტსი და ლოს ანჯელეს ლეიკერსი ერთმანეთს ბოლო სამი დღის განმავლობაში ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდნენ და როგორც წინა შემთხვევაში, თამაში ამჯერადაც მოქმედი ჩემპიონების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ლეიკერსი თავიდანვე დაეუფლა ანგარიშში უპირატესობას, რომელიც 20 ქულას უკვე პირველი მეოთხედის ბოლოს ასცდა. სტუმრებს გამარჯვება მატჩის ბოლომდე ეჭვქვეშ არც დაუყენებიათ.

კალიფორნიელებს ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა ულიდერეს. ლებრონის ანგარიშზე 26 ქულა და 8 მოხსნა იყო, დევისი კი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 19 ქულა, 10 მოხსნა. ჰიუსტონში საუკეთესო კრისტიან ვუდი იყო 18 ქულით, ჯეიმს ჰარდენმა კი თამაში 16 ქულით დაასრულა. ორმაგი დუბლი ჰქონდა დემარკუს კაზინსს - 13 ქულა, 10 მოხსნა. 

როკეტსმა ლებრონსა და დევისს ვერაფერი დაუპირისპირა

საინტერესო ეპიზოდი მოხდა მატჩის მეორე მეოთხედში. ლებრონ ჯეიმსმა სამქულიანი ტყორცნა სტეფ კარის სტილში შეასრულა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნაძლევიც მოიგო. ლეიკერსის ფორვარდმა ბურთი მოედნის კუთხეში მიიღო, ბენ მაკლემორი ჩამოიცილა და ისროლა, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამისკენ შებრუნდა და ბურთის კალათში ჩავარდნას ზურგშექცეული დაელოდა.
  
თამაშის შემდეგ ლებრონმა თავის უცნაურ საქციელზე განმარტება გააკეთა: 

"დენის შრიოდერმა, რომელიც ჩემს ზურგსუკან სათადარიგოთა შორის იჯდა, დამიძახა: "დავნაძლევდეთ, რომ ვერ ჩააგდებ?" ნაძლევის ოფიციალურად დასადებად ან ხელის ჩამორთმევაა საჭირო, ან - ადამიანისთვის თვალებში შეხედვა. მან ნაძლევი შემომთავაზა, მეც შევბრუნდი, ჩავხედე თვალებში და ვუპასუხე: "დავნაძლევდეთ".

ჯეიმს ჰარდენი ჰიუსტონის თამაშში პერსპექტივას ვერ ხედავს

თამაშის შემდეგ გაცილებით ცუდ ხასიათზე იყო ჯეიმს ჰარდენი. ჰიუსტონის ვარსკვლავმა, რომელსაც კლუბის შეცვლა სურს, ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც გუნდთან გამომშვიდობებასაც ჰგავდა: 

"არასათანადოდ კარგი გუნდი გვყავს. არ ვართ შეთამაშებულები, არ გვყოფნის ტალანტი და ეს ბოლო მატჩებში აშკარა გახდა. მიყვარს ეს ქალაქი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ვითარება არანორმალურია და არ მგონია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია. გმადლობთ".

📺 ჰიუსტონი V ლეიკერსი

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა 12 მატჩიდან 9 მოიგო და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო მატჩი გუნდს 14 იანვარს, სტუმრად ოკლაჰომასთან უწევს. ჰიუსტონი 9 მატჩში მხოლოდ 3 მოგებით დასავლეთში მე-14 პოზიციაზეა, შემდეგი თამაში კი გუნდს 15 იანვარს, სტუმრად სან ანტონიოსთან აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები