Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნებმა” “დათვებს” განვითარების მხრივ კიდევ უფრო გაუსწრეს.

“მცირე ხნის წინ საქართველოს ნაკრებმა “შემოდგომის ერთა თასზე” ყველა მატჩი წააგო, თუმცა, რთული პროგნოზირებადი არაა, ისინი ჩვენთან თებერვლის შეხვედრაზე როგორ წარსდგებიან. ის, რასაც ქართველები დაცვაში აჩვენებენ და მათი სამმეოთხედელების პროგრესი ყურადღებას ნამდვილად იპყრობს. თუკი ამ ყველაფერს ტრადიციულად ძლიერ ქართველ ფორვარდებს დავუმატებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ნაკრებებს ისინი კიდევ უფრო მეტად დაგვშორდნენ”.

შეგახსენებთ, რომ 62 წლის პერვუხინი რუსეთის ნაკრებს 2003-04 და 2014-18 წლებში ავარჯიშებდა, საქართველოს წინააღმდეგ გუნდი არაერთხელ გაუყვანია და ყოველთვის დამარცხებული რჩებოდა. პანდემიის გამო გადადადებული რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტური 6 ან 7 თებერვალს დაიგეგმა და საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაც მაშინ შედგება.

2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. “ბორჯღალოსნებს” რუს “დათვებთან” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები