Thumbnail
  • ახალი სპორტული დირექტორის ეფექტი
  • ჯაბა ჯიღაურის კონტრაქტი - ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში რჩება
  • ლიდსიდან ბათუმში - კამილ მიაზეკის საკითხი ჯერ ღიაა
  • ჯოვინოს იჯარა აპრილში სრულდება და რა მოხდება შემდეგ

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ზღვისპირელთა რიგებში გუშინ სამედიცინო შემოწმება დაიწყო, რომელიც 13 იანვარს დასრულდება და შემდეგ გუნდი მზადებას თბილისში განაგრძობს.

ევროპაბეთი დინამო ბათუმის გენერალური სპონსორია

პოპსპორტი კლუბში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ დინამო ბათუმის პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს დაუკავშირდა. მან ლადო დვალიშვილის მუშაობაზე, უკვე განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე, კლუბის ამბიციებსა და მიზნებზე ისაუბრა.

POPSPORT: როგორ შეაფასებთ ლადო დვალიშვილის მუშაობის საწყის ეტაპს სპორტული დირექტორის რანგში?

არჩილ ბერიძე: პირველ რიგში ვულოცავ ბატონ ლადოს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას. რეალობამ ბევრად გადააჭარბა იმას, რასაც ველოდით. ვფიქრობ, ამ 1 თვის მუშაობის შედეგად გამოჩნდა ის, რომ ლადო დვალიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული დირექტორი იქნება დინამო ბათუმის ისტორიაში.

დვალიშვილის ბოლო გოლი პროფესიონალურ კარიერაში

POPSPORT: ჯაბა ჯიღაურმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. რას იტყვით ამის შესახებ?

ბერიძე: ვისთანაც ვაწარმოებდით მოლაპარაკებას კონტრაქტის განახლების თაობაზე, თითქმის ყველამ გაახანგრძლივა. ჩვენთვის ჯაბა ჯიღაურის საკითხი უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. მოლაპარაკებები ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ წარმატებით დასრულდა და ჯიღაური კიდევ ორი წლით დინამო ბათუმის ფეხბურთელია. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდთან ერთად.

POPSPORT: როგორ შეაფასებდით ახალ ტრანსფერებს და რამდენად გაძლიერდა გუნდი?

ბერიძე: ძირითადად, ის მოთხოვნა, რაც იყო მწვრთნელის მხრიდან სპორტული დირექტორის მიმართ, შესრულდა. ვფიქრობ, რომ უმეტესწილად დაკმაყოფილდა გია გეგუჩაძის მოთხოვნები. ჯერ ამით არ დასრულებულა - ალბათ რამდენიმე ტრანსფერი კიდევ იქნება. საბოლოო ჯამში, როგორ იმუშავა კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე, ახალი სეზონი გამოაჩენს - ჩემპიონატი და ევროტურნირები.

POPSPORT: თქვით, რომ კიდევ იქნება ახალი ტრანსფერები. თუ შეგიძლიათ, უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ?

ბერიძე: რამდენიმე ფეხბურთელთან კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელსაც ლადო აწარმოებს და საბოლოო ჯამში, ალბათ იქნებიან როგორც უცხოელი, ისე ქართველი ფეხბურთელები. 2-3 ტრანსფერი აუცილებლად იქნება.

POPSPORT: როგორც ვიცით, ლიდსის მეკარის, კამილ მიაზეკის ტრანსფერი შეფერხდა. რა ეტაპზეა ამ კუთხით მდგომარეობა?

ბერიძე: ისევე, როგორც სანოგოს და აზაცკის შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმება მიღწეული იყო, წინასწარ ხელშეკრულებაზეც ხელი მოწერილი გახლდათ, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო, ჯერჯერობით ეს თემა შეჩერებულია და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება ან დადებითად, ან უარყოფითად. ეს არ უკავშირდებოდა ფინანსურ მხარეს, რაღაც უმნიშვნელო დეტალი იყო, რის გამოც მოხდა შეთანხმების შეჩერება და დღეს-ხვალ, ალბათ საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი.

📋 ასევე წაიკითხე:

POPSPORT: ახალი სეზონის წინ როგორი იქნება დინამო ბათუმის ამბიციები და რა იქნება თქვენი მოთხოვნა სამწვრთნელო შტაბისგან?

ბერიძე: მოთხოვნა მხოლოდ მაღალი შედეგები იქნება. რა თქმა უნდა, ჩემპიონობა, რომელიც ჩემს ქალაქს და ბათუმელებს 30 წლის განმავლობაში სანატრელი გაუხდათ და მთავარი მოთხოვნაც ეს არის. გარდა ამისა, იცით, რომ ახალი ფორმატით ჩატარდება ევროტურნირები (კონფერენს ლიგა) და გვინდა, რაც შეიძლება მეტი ეტაპი დავძლიოთ და როგორმე მივაღწიოთ მიზანს, რასაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჰქვია. აგრეთვე, საქართველოს თასზეც ბოლომდე ვიბრძოლებთ. გუნდი ისე დაკომპლექტდა და კომპლქტდება, რომ თითქმის ყველა პოზიციაზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, დინამო ბათუმს შესწვეს იმის უნარი, რომ ტიტულების მოსაგებად იბრძოლოს.

POPSPORT: როგორი იქნება დინამო ბათუმის მოსამზადებელი ეტაპი სეზონის წინ?

ბერიძე: გუშინ დაიწყო სამედიცინო შემოწმება გუნდში და დღეს საღამოს ველოდებით უცხოელ ფეხბურთელებს, რომლებიც დავიმატეთ - აზაცკის, ჩუკვურას და სანოგოს. ხვალ გაივლიან სამედიცნო შემოწმებას. გუნდი დაიწყებს თბილისის ზღვაზე მომზადებას. ამ საკითხებით ლადო გახლავთ დაკავებული და 3 თებერვალს გუნდი ანტალიაში გაემგზავრება - დაახლოებით 20 თებერვლამდე. შემდეგ ისევ საქართველოში გავაგრძელებთ სეზონისთვის მზადებას, რომელსაც ახალი შემართებით და ახალი ენერგიით დავიწყებთ. ვფიქრობ, რომ იმ ცუდ ტრადიციას, რაც სეზონის სტარტზე ვერმოგებული თამაშებია, დავარღვევთ, რადგან ეს სეზონის ბოლოს ძალიან ძვირად გვიჯდება.

POPSPORT: პრობლემები იყო ბათუმის ახალი სტადიონის გაზონზე. რა სიტუაციაა ამ მხრივ და როგორ მიმდინარეობს მუშაობა?

ბერიძე: მიმდინარეობს მინდვრის მოდერნიზაცია თანამედროვე ჰიბრიდული სისტემით. იცით, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 2023 წელს ამ სტადიონზე ჩატარდება და ამისთვის თადარიგის დაჭერა წინასწარ მოხდა. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გაზონი მთელ ამიერკავკასიაში და მადლობა ამისთვის აჭარის ხელმძღვანელობას, რომელსაც საშვილიშვილო საქმე ბოლომდე მიჰყავს. ამ სეზონში, როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე, დინამო ბათუმი ერთ-ერთ საუკეთესო გაზონზე ითამაშებს, ხოლო საუკეთესო სტადიონი ულაპარაკოდ ისედაც გვაქვს, ამაში ალბათ ეჭვის შეტანა არ შეიძლება.

ახალ არენაზე პირველი მატჩი დინამომ დილას მოუგო

POPSPORT: როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია გაზონის პრობლემა?

ბერიძე: პირველ რიგში იმან გამოიწვია, რომ ბათუმი კლიმატით სპეციფიკურია. ჩვენ ამ საქმეში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ როგორც ვიცი, რაღაც ტექნიკური დეტალის შეუფასებლობა მოხდა, რამაც საბოლოო ჯამში გაზონზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა. თუმცა, ვფიქრობ, ეს პრობლემა უმნიშვნელოა იმ სიკეთესთან დაკავშირებით, რასაც ბათუმში ახალი სტადიონი ჰქვია და ჩემი აზრით, ძალიან მალე გამოსწორდება.

POPSPORT: როგორია თქვენი მოლოდინი, როდესაც ბათუმის სტადიონზე ხალხს დასწრების შესაძლებლობა მიეცემათ და გაივსება?

ბერიძე: ამ პერიოდში ცარიელი სტადიონი არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო ფეხბურთის პრობლემაა და ფეხბურთელისთვის იმაზე ცუდი არაფერია, როდესაც ცარიელი ტრიბუნის ფონზე უწევს თამაში. ვფიქრობთ, რომ მალე გადაივლის ეს პრობლემა და პირველ მატჩებს თუ არა, შემდეგ მაინც, ბათუმელ გულშემატკივრებს ექნებათ თამაშებზე დასწრების უფლება და ამას ელოდება დინამო ბათუმის ყველა ფეხბურთელი, რომელთაც ერთი სული აქვთ, როდის გავლენ სავსე სტადიონზე და როდის გაახარებენ მთელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო გულშემატკივარს.

POPSPORT: რა სიტუაცია ჯოვინოსთან დაკავშირებით?

ბერიძე: ამ საკითხს აპრილში დავუბრუნდებით. ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად გავაგებინებთ გულშემატკივარს. მინდა ვთქვა, რომ ჯოვინოს წასვლა თუ დარჩენა აუცილებლად გამოადგება დინამო ბათუმს და ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება ეს საკითხი. გამორიცხულია, რომ გუნდი უსასყიდლოდ დატოვოს, ზუსტად ამიტომ გავაკეთეთ 8-თვიანი იჯარა, რომ ამით მას 2 წლით გავუხანგრძლივეთ კონტრაქტი და ამჟამად 3-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს გუნდთან. რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდეს ეს საკითხი, გუნდი სარგებელს ნახავს - დარჩება გაგვიხარდება და გუნდს გააძლიერებს, წავა - კლუბი ფინანსურს სარგებელს ნახავს, რომელიც ისევ დინამო ბათუმს მოხმარდება.

ჯოვი და ჯიღაური ლოკომოტივის კარში გატანილ გოლს აღნიშნავენ

არჩილ ბერიძე და მისი გუნდი დინამო ბათუმის სათავეში 2018 წელს მოვიდნენ. პირველივე წელს გუნდი პირველიდან უმაღლეს ლიგაში დააბრუნეს, მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში კი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები