Thumbnail

მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი ვერ გადალახა და ტურნირს გამოეთიშა. 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც WTA-ს რეიტინგში 192-ე პოზიციაზეა, რუსეთის წარმომადგენელ, მე-14 ნომრად განთესილ მარგარიტა გასპარიანთან (125-ე) ორ სეტში დამარცხდა.

მარიამ ბოლქვაძე და მარგარიტა გასპარიანი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა, განსაკუთრებულად დაძაბული კი მეორე სეტი აღმოჩნდა. გასპარიანმა ერთი ეისი მოაწოდა, დაუშვა 4 ორმაგი შეცდომა და 9-იდან 4 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. მარიამის ანგარიშზე კი არცერთი ეისი, 9 ორმაგი შეცდომა და 8-იდან 3 რეალიზებული ბრეიკია.

შეგახსენებთ, რომ მარიამმა პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ინდოელ კარმან ტანდის ორ სეტში აჯობა - 7:6 (7:4), 7:6 (7:4). ამავე ეტაპზევე გამოეთიშა ტურნირს კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი - ეკატერინე გორგოძე, რომელმაც ხორვატ იანა ფეტის ვერ აჯობა (3:6, 3:6).

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ავსტრალიის ხელისუფლების მიერ მიღებული მკაცრი ზომების გამო, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები "მწვანე კონტინენტის" მიღმა იმართება. ქალები ძირითად ბადეში მოსახვედრად დუბაიში თამაშობენ, კაცები - დოჰაში.

ავსტრალიის ღია პირველობას "მელბურნ პარკი" 8-21 თებერვალს უმასპინძლებს. ცნობილია, რომ წლის პირველი დიდი სლემის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილებში) გამოვლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები