Thumbnail

AUS OPEN | მარიამ ბოლქვაძე მეორე საკვალიფიკაციო რაუნდშია

მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიკაციო ტურნირში პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია. 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც WTA-ს კლასიფიკაციაში 192-ეა, ინდოელ კარმან ტანდის ორ სეტში აჯობა.

მარიამმა 22 წლის ინდოელთან, რომელიც კლასიფიკაციაში 626-ეა, ორივე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო და შეხვედრა 2,5-საათი გაგრძელდა. ბოლქვაძემ 2 ეისი მოაწოდა, დაუშვა 9 ორმაგი შეცდომა და 10-იდან 7 ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა. ტანდის ანგარიშზე 2 ეისი, 7 ორმაგი შეცდომა და 11-იდან 7 ბრეიკ-პოინტია.

ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში მე-14 ნომრად განთესილ, 26 წლის რუს მარგარიტა გასპარიანს (125-ე) დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ რაუნდში იტალიელ მარტინა დი ჯიუზეპეს აჯობა - 2:1. ბოლქვაძე-გასპარიანის დაპირისპირება 12 იანვარს შედგება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ავსტრალიის ხელისუფლების მიერ მიღებული მკაცრი ზომების გამო, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები "მწვანე კონტინენტის" მიღმა იმართება. ქალები ძირითად ბადეში მოსახვედრად დუბაიში თამაშობენ, კაცები - დოჰაში. 

მანამდე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს სტარტზე დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. ძირითად ბადეში გარანტირებულად კი ორი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. სავარაუდოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი კაცთა ტურნირში, როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში გამოვა, ოქსანა კალაშნიკოვა კი, ტრადიციულად, მხოლოდ წყვილებში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები