Thumbnail

ლიდსმა FA Cup-ზე მეოთხელიგელთან წააგო, რომელმაც ჟურნალისტი ათამაშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქროული თაუნი 3:0 ლიდს იუნაიტედი
  • ასეთი რამ ბოლო 34 წლის განმავლობაში პირველად მოხდა

ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალური მატჩები თითქოს მოულოდნელობების გარეშე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, 1 სენსაცია მაინც გამოერია. ლიგა ორში (რანგით მე-4 დივიზიონი) მოთამაშე ქროული თაუნმა პრემიერლიგელი ლიდს იუნაიტედი 3:0 გაანადგურა და თანაც მატჩში ჟურნალისტიც ათამაშა.

ცნობისთვის, ქალაქი ქროული ლონდონის სამხრეთით მდებარეობს და იქ მხოლოდ 110 ათასი მაცხოვრებელია. გასაკვირი არაა, რომ ქროული თაუნიც აქამდე არაფრით ყოფილა გამორჩეული და ლიგა ორშიც კი, მხოლოდ მე-6 ადგილზეა, პრემიერლიგაში მე-12 პოზიციაზე მყოფ ლიდსელებთან კი, რომელსაც სახელოვანი არგენტინელი მარსელო ბიელსა წვრთნის, შეუდარებლად ითამაშა.

მასპინძლებმა გოლები მე-2 ტაიმის 20-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს და ეს პირველი შემთხვევა იყო უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში, როდესაც პრემიერლიგის წარმომადგენელმა მეოთხელიგელთან 3 ბურთის სხვაობით წააგო. აღსანიშნავია, რომ ლიდსმა თამაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარა, თუმცა, მინდორზე იყვნენ გუნდის კაპიტანი – შოტლანდიელი ლიამ კუპერი და ესპანელი ფორვარდი როდრიგო, რომელიც გასულ წელს ვალენსიადან 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს.

ამ ფონზე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქროულის ფეხბურთელების მთლიანი ღირებულება 2 მილიონ ევროს არ სცდება, თამაშის ბოლოს კი, საერთოდაც უცნაური ამბავი მოხდა, როდესაც მასპინძლებმა მინდორზე მოქმედი ჟურნალისტი მარკ რაიტი გაიყვანეს. ეს უკანასკნელი თავის დროზე ვესტ ჰემის, არსენალისა და ტოტენჰემის სკოლებში ვარჯიშობდა, თუმცა, პროფესიონალ დონეზე არასდროს ეთამაშა.

2011 წლიდან მოყოლებული რაიტი ჟურნალისტობაზე გადაერთო და საკმაო წარმატებასაც მიაღწია, 1 თვის წინ კი ქროულიში იმიტომ მივიდა, რომ BBC-სთვის დოკუმენტური ფილმი გადაეღო. კლუბში მას მაისური გადასცეს, თუმცა, კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. ის ხელფასს არ იღებდა და რამდენჯერმე ქვედა ლიგის თამაშების განაცხადშიც მოხვდა, ახლა კი, მისთვის საოცარი ფაქტიც დაფიქსირდა. პრემიერლიგის ბინადართან მატჩის 91-ე წუთზე ის მატჩში ჩაერთო და საყოველთაო ყურადღებაც მიიპყრო. თამაშის მერე რაიტი ძალიან ბედნიერი იყო და აღნიშნა, თავის დროზე დალევას რომ არ გადავყოლოდი, იქნებ მართლა დიდი ფეხბურთი მეთამაშაო.

📺 ქროულის საოცარი გამარჯვება

კომენტარები

ბოლო ამბები