Thumbnail

ბასილაშვილი წყვილებში დამარცხდა - წინ ერთეულთა ბადის 1/4-ფინალია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მეკტიჩი/პავიჩი 6:0, 6:1 ბასილაშვილი/ბეგემანი
  • ქართველ ჩოგბურთელს ანტალიაში მთავარი მატჩი ხვალ ელის

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თურქულ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 361 800 ევრო) წყვილთა თანრიგში მარცხი განიცადა, თუმცა, მთავარი მატჩი ერთეულთა ბადეში ელის.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა და გერმანელმა ანდრე ბეგემანმა ANTALYA OPEN-ის მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე თურქებს – უმუტ აკოინსა და მერტ ნაცი ტურკერს 6:2, 6:3 სძლიეს, მეოთხედფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ხორვატულ დუეტთან (ნიკოლა მეკტიჩი-მატე პავიჩი) შანსი აღარ ჰქონიათ – 0:6, 1:6 (თამაში სულ რაღაც 44 წუთს გაგრძელდა).

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბასილაშვილი კარგად თამაშობს ერთეულთა ბადეში, სადაც მე-6 განთესვით ჩაება და იტალიელ ანდრეა არნაბოლდის 4:6, 7:5, 6:1 სძლია, ხოლო თურქი ალტუგ ჩელიკბილეკი 7:6 (7:1), 6:4 დაამარცხა.

ხვალ, 11 იანვარს დაგეგმილ მეოთხედფინალში, ნიკოლოზი მე-4 განთესვის მქონე ავსტრალიელ ალექს დე მინორს გაეჯიბრება. ეს უკანასკნელი 23 წლის გახლავთ და ATP-ს რეიტინგში 21-ე ადგილზეა, ქართველი ჩოგბურთელი კი მეორმოცეა. ბასილაშვილი და მინორი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები