Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ერთ-ერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის ქმედებას გამოეხმაურა - აბუსერიძემ აღნიშნა, რომ ხურციძე ქართული რაგბისთვის ცუდ საქმეს აკეთებს მის მომავალს აფერხებს.

''ბორჯღალოსანთა'' ყოფილი მორაგბე ამბობს, რომ რუსეთთან მატჩის წინ რაგბის კავშირი დროებით მმართველის ხელში დარჩა. აბუსერიძის აზრით, ხურციძე რაგბის ინტერესებზე არ ფიქრობს და მხოლოდ პირად ინტერესებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ირაკლი აბუსერიძემ პალიკო ჯიმშელაძესთან ერთად, "მთავარის" პრესცენტრში პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა.

ირაკლი აბუსერიძის ფეისბუქ პოსტი

გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ, მორაგბეებს შორის პოლიცია რომ ჩადგა? იმ სივრცეში ისევ დაუპატიჟებელი სტუმრები დგანან, უბრალოდ ამჯერად რაგბის სამართლიან არჩევანს და მის მომავალს შორის იუსტიციის სამინისტრომ დაიდო ბინა.

როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული სრულად სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამო შეაჩერეს და როცა წინ პრინციპული თამაში გველის რუსეთის ნაკრებთან, რაგბის კავშირის ბედი კვლავაც დროებით მმართველს მიანდეს. რაგბი და რაგბის კავშირის მომავალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსებობა.

ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამარცხდა, ამ ტექნიკურ ხარვეზს ბოლო იმედად იყენებს. მოთმინება კვლავაც შემრჩენია და ზუსტად ვიცი, რომ ხელახალ არჩევნებსაც იგივე პროპორციით მოვიგებ.

უბრალოდ ,რატომ? ერთი პატარა კაცის დიდმა ამბიციამ, რატომ უნდა დააზარალოს ქართული რაგბი? ერთი პატარა კაცის ამბიცია, რატომ უნდა ყოფდეს რაგბის კავშირს ორ ნაწილად?

ეს პატარა კაცი, ბაჩო ხურციძე, ზუსტად ერთ საათში ბრიფინგს გამართავს, გამოვა და ბევრს ილაქლაქებს, რომ ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი განა შესაძლო ტექნიკური ხარვეზია, არამედ არსი მთელი არჩევნების. თითქოს ეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზი რომ არა, ამხელა კლუბების მეპატრონეები, რაგბის მომავლის კეთილმსურველები, ფერებით მოყვანილი თაობების სარაგბო მომავალს ამ სკამზე შეყვარებულ პატარა კაცს მიანდობდა.

გამოვა და ილაპარაკებს, რომ ვითომ, მე და გოჩა სვანიძე შევიკარით და მის წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობთ, არადა, უკვე ყველა საღად მოაზროვნემ გაიგო, რომ ჩემ და გოჩას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, მაგრამ ჩვენი შერიგება რაგბის მომავალს სჭირდება.

ეს ყველამ გაიგო, გარდა პატარა კაცისა, პატარა კაცისა რომელიც რაგბის მომავალზე კი არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. მე არ ვაპირებ, რომ იმ ნდობას, იმ იმედს და იმ პასუხისმგებლობას ვუღალატო რომელიც რაგბის კეთილმსურველებმა მარგუნეს და არავის, მითუმეტეს ამ პატარა კაცს, არ მივცემ იმის საშუალებას რომ რაგბს და რაგბის სიყვრულს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს.

კომენტარები

ბოლო ამბები