Thumbnail

ესპანეთში დიდთოვლობისა და შტორმის გამო ჩემპიონატის არაერთი მატჩის გადადება გახდა საჭირო. პრიმერას მე-18 ტურში, ატლეტიკო-ბილბაოს შეხვედრის მსგავსად, ამ უქმეებზე არც ელჩე-ხეტაფეს დაპირისპირება გაიმართება. ასევე გადაიდო რამდენიმე მატჩი სეგუნდაში, მათ შორის გიორგი მაკარიძის გუნდის - ალმერიას შეხვედრა, რომელსაც სტუმრად ლეგანესთან 10 იანვარს უნდა ეთამაშა.

"შექნილი ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ესპანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე გავრცელებულმა შტორმმა გამოიწვია და სერიოზული პრობლემები წარმოშვა გუნდების მგზავრობებისა და სტადიონებზე პირობების შექმნის მხრივ, ლა ლიგამ გადაწყვიტა სეგუნდაში გადადოს მატჩები: მირანდესი-რეიო ვალეკანო, ალკორკონი-ალბასეტე და ლეგანესი-ალმერია. მატჩების გამართვის ახალი თარიღები უახლოეს დღეებში დადგინდება.

ამასთან, ლა ლიგამ მოითხოვა სპორტინგი-ფუენლაბრადასა და ელჩე-ხეტაფეს შეხვედრების 10 იანვრიდან 11 იანვრისთვის გადავადება", - ნათქვამია ლიგის განცხადებაში.  

გიორგი ლეგანესთან სათამაშოდ მონდომებით ემზადებოდა

გიორგი მაკარიძის გუნდს ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 20 მატჩში 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. ალმერია ლიდერებს - ესპანიოლსა და მალიორკას სულ ქულით ჩამორჩება და ლა ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია.

საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარე ალმერიას ღირსებას შარშან ზაფხულიდან იცავს და მისი მაისურით პრიმერაში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. გიორგიმ 8 გოლი გაუშვა, 6 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები