Thumbnail

ბასილაშვილი ისევ იგებს - ნიკა ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალშია!

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6 (7:1), 6:4 ალტუგ ჩელიკბილეკი
  • ქართველი ჩოგბურთელი ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
  • ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ავსტრიელი ალექს დე მინორია

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით თამაშს აგრძელებს. 28 წლის ჩოგბურთელმა ანტალიის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 361 800 ევრო) ერთეულთა ბადეში მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გააღწია.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-40 პოზიციაზეა, ტურნირის პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში სძლია და 11-მატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა. ამჯერად ნიკამ თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს (309-ე) აჯობა და ამისთვის საათი და 34 წუთი დასჭირდა. 

ჩელიკბელეკმა ბასილაშვილს წინააღმდეგობა პირველ სეტში გაუწია, სადაც ტაიბრეიკზე მაინც ქართველმა ჩოგბურთელმა იმარჯვა. თურქმა თამაში ვერც მეორე სეტში გამოასწორა და მარცხს დასჯერდა. ნიკამ 3 ეისი მოაწოდა, დაუშვა 4 ორმაგი შეცდომა, 10-იდან 5 ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა. ჩელიკბელეკის ანგარიშზე 4 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და 8-იდან 4 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.

ბასილაშვილს მეოთხედფინალში უკვე სერიოზული მეტოქე ჰყავს - ახალგაზრდა ავსტრიელი ალექს დე მინორი, რომელიც რეიტინგში 23-ეა. ქართველ ჩოგბურთელს 21 წლის ალექსთან აქამდე არასდროს უთამაშია და მეტოქეები 11 იანვარს კორტზე პირველად შეხვდებიან. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირში წყვილებშიც გამოდის, სადაც გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად პირველი წრე წარმატებით დაძლია და ¼-ფინალში პირველი განთესვის მქონე ხორვატულ წყვილს - ნიკოლა მეტკიჩსა და მატე პავიჩს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 იანვარს ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები