Thumbnail
  • 📅 9 იანვარი | ⌚ 21:30 | ⚽ ლაიპციგი V დორტმუნდი
  • ეს თამაში ბევრ კითხვას გასცემს პასუხს
  • სამი ქულა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
  • ლაიპციგს უფრო მეტი ფეხბურთელი აკლია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

გერმანიაში ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუკი რომელიმე კლუბს ბაიერნის ტახტიდან ჩამოგდება შეუძლია, პირველ რიგში ეს ლაიპციგს და დორტმუნდის ბორუსიას ეხებათ - კლუბებს, რომლებიც ბუნდესლიგის მე-15 ტურში ერთმანეთს ხდებიან. შაბათის ცენტრალური მატჩიც სწორედ ეს არის - მეორე ადგილზე მყოფი ლაიპციგი მეოთხეადგილოსან დორტმუნდს მასპინძლობს.

ზახსენური მდიდარი კლუბი 31 ქულით ბაიერნის ნომერ პირველი მდევარია, დორტმუნდმა კი ზედიზედ ორი თამაში მოიგო (თასზე და წლის დასაწყისში) და კარგ ფორმას იბრუნებს. ლაიპციგის ახალწვეული და დიდი იმედი დომინიკ სობოსლაი ბორუსიასთან თამაშს ვერ შეძლებს - მართალია, ტრანსფერი დასრულდა და თამაშის უფლება მიიღო, მაგრამ უნგრელს ტრავმა აქვს. იგი ახალი კლუბის დახმარებას მხოლოდ თებერვლიდან შეძლებს.

დორტმუნდელების მიზანია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ისევ “კაცური ფეხბურთი ითამაშონ”. სწორედ ასე თქვა ბორუსიას ნახევარმცველმა თომას დილეინიმ. მას შემდეგ, რაც BVB-ს ედინ ტერზიჩი ავარჯიშებს, დანიელი ფეხბურთელი მუდმივად თამაშობს და ახალი მწვრთნელის აღმოჩენად იქცა. სხვამხრივ, დორტმუნდელებს ლაიპციგზე ნაკლები საკადრო პრობლემა აქვთ. ახალგაზრდა ფორვარდი იუსუფა მუკოკო ისევ ვარჯიშობს და წესით, განაცხადში უნდა მოხვდეს. აი, ბელინგემი კი ჯერ ვერ ბრუნდება.

დორტმუნდის სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკს და ლაიპციგის მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს კარგი ურთიერთობა აქვთ

ბორუსიამ ლაიპციგს ბოლო ორი გასვლითი მატჩი მოუგო. ზახსენელები ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტას ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ლაიპციგის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი დორტმუნდის მომავალ დამრიგებლად განიხილება. ბორუსიაში მისი დანიშვნა ჯერ კიდევ 2018 წელს სურდათ და მასთან შეთანხმებულებიც იყვნენ, მაგრამ დანიშვნა ნაგელსმანის მაშინდელი კონტრაქტის გამო ვერ მოხერხდა. მერე დორტმუნდმა ლუსიენ ფავრი დაასაქმა და 2019 წელს მწვრთნელი აღარ სჭირდებოდა. ფაქტია, რომ დორტმუნდის შეფებს ნაგელსმანთან კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა ლაიპციგის მწვრთნელი ამის გამო მათ არაფერს დაუთმობს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლაიპციგმა წინა ტურში შტუტგარტი 1:0 დაამარცხა და ბუნდესლიგაში 8 ტურია, წაუგებელია (5 მოგება, 3 ფრე). ამ 8 შეხვედრიდან ლაიპციგმა 4-ში კარი მშრალად შეინახა. 

⚽ ლაიპციგი ბუნდესლიგაში საუკეთესო საშინაო გუნდია - ნაგელსმანის გუნდს საკუთარ მოედანზე ამ სეზონში 6 მოგება და 1 ფრე აქვს. შედარებისთვის: მიუნხენის ბაიერნმა შინ 5 თამაში მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

⚽ თუმცა ლაიპციგს დორტმუნდთან ბოლო ორი საშინაო მატჩი წაგებული აქვს და თანაც, ორივე მშრალი ანგარიშით. 

⚽ აღსანიშნავია, რომ ლაიპციგმა საკუთარ მოედანზე ბოლოს სწორედ დორტმუნდთან წააგო და მას მერე, 7 საშინაო მატჩიდან ბუნდესლიგაში 6 მოიგო.

⚽ დორტმუნდი ლაიპციგს ცხრილში 6 ქულით ჩამორჩება - მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში ვოლფსბურგს 2:0 მოუგო. თუმცა ეს დორტმუნდელთა მხოლოდ მეორე მოგება იყო ბუნდესლიგის ბოლო 6 შეხვედრაში (2 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი).

⚽ რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დორტმუნდის ბორუსია ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, რომლებსაც ბუნდესლიგაში ამ სეზონში გასვლით მატჩში პირველი ტაიმი არ მოუგიათ. სამაგიეროდ, ბორუსია სტუმრად მეორე ტაიმში უმატებს ხოლმე - გასვლით მატჩებში დორტმუნდელებმა 12 გოლიდან 11 სწორედ მეორე ტაიმში გაიტანეს.

⚽ ყურადღების ცენტრში იქნება ერლინგ ჰაალანდი, რომელმაც შარშან ლაიპციგს სტუმრად დუბლი შეუსრულა.

⚽ წინა ტურში, ლაიპციგის მიერ მოგებულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი დანი ოლმომ გაიტანა. მის ანგარიშზეა ლაიპციგელთა ბოლო საშინაო გოლიც.

⚽ ლაიპციგისა და დორტმუნდის სახით ერთმანეთს ძალიან შემტევი გუნდები ხვდებიან. სწორედ ამიტომ, ამ გუნდებს შორის ბოლო 8 დაპირისპირებიდან, პირველი ტაიმი უგოლოდ მხოლოდ ერთხელ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი (3-4-3): გულაჩი - ორბანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი - ადამსი, ზაბიტცერი, კამპლი, ანხელინო - ჰაიდარა, ფორსბერგი, დანი ოლმო.
ტრავმა: ჰენრიხსი, კლუივერტი, კონატე, ლაიმერი, ნკუნკუ, სობოსლაი

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - მონიე, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო - ვიტცელი, დილეინი - სანჩო, როისი, რეინა - ჰაალანდი.
ტრავმა: ბელინგემი, აზარი, შმელცერი

კომენტარები

ბოლო ამბები