Thumbnail

ის ზინედინ ზიდანს შეცვლის - რეალი ნდობას თავის ლეგენდას გამოუცხადებს

  • რეალში ზიდანის შემცვლელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს
  • 43 წლის რაულ გონსალესი ამჟამად რეალ მადრიდ კასტილიაში მუშაობს

მადრიდის რეალში გადაწყვეტილება მიიღეს იმ კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელმაც გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მომავალში ზინედინ ზიდანი უნდა შეცვალოს. 
 
ესპანური მედიის ინფორმაციით, "სამეფო კლუბში" ფსონის გაკეთება მიზანშეწონილად თავიანთ ლეგენდარულ ფეხბურთელზე, რაულ გონსალესზე მიიჩნიეს. 43 წლის რაული ამჟამად რეალის მეორე გუნდს - კასტილიას წვრთნის. 

რაული და ზიდანი რეალის ღირსებას ერთად იცავდნენ

მანამდე რეალში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოსაც განიხილავდნენ, თუმცა ტოტენჰემის ყოფილმა თავკაცმა ახლახან არჩევანი პარი სენ-ჟერმენზე გააკეთა და ეს ვარიანტი გამოირიცხა.

რაც შეეხება რაულს, რეალის ყოფილი თავდამსხმელი კლუბის მეორე გუნდს 2019 წლიდან წვრთნის და გასულ ზაფხულს მასთან ერთად უეფას ახალგაზრდული ლიგის გამარჯვებული გახდა. სხვათა შორის, თავის დროზე რეალის მთავარ გუნდში ზიდანიც სწორედ კლუბის ახალგაზრდული გუნდიდან მივიდა.

რაული კასტილიაში წარმატებული მწვრთნელია

რაული მადრიდის რეალის აღზრდილია და მის ღირსებას 1994-2010 წლებში იცავდა. ის გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი 6-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა. თავდამსხმელმა, რომელიც რეალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იკავებს (324 გოლით), ასევე ითამაშა გერმანულ შალკეში, ყატარულ ალ-სადსა და ამერიკულ ნიუ იორკ კოსმოში, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა. 

მადრიდის რეალს ესპანეთის ჩემპიონატში გასული 17 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. ლიდერ ატლეტიკოს სულ 2 ქულით მეტი აქვს, თუმცა თადარიგში 2 თამაშიც აქვს

კომენტარები

ბოლო ამბები