Thumbnail

ყველაფერი თავიდან? - საჯარო რეესტრმა აბუსერიძე სრკ-ს პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირს ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღის ვადა მისცა
  • ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის კომენტარები

იუსტიციის სამინიტრომ ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაში არ გაატარა. საჯარო რეესტრის განმარტებით, ამის მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარებული ყრილობაა. ყრილობა 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ 30 დეკემბერს ჩატარდა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად რაგბის კავშირს 30 დღის ვადა მისცა. ასე რომ, საჭიროა რაგბის კავშირის ახალი საერთო კრების ჩატარება და შემდეგ არჩევნების გამართვა. 

საჯარო რეესტრს განცხადებით პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ მიმართა, რომელმაც დეკემბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. 

"არჩევნები ლეგიტიმურად იყო ჩატარებული. გამგეობის თავმჯდომარემ, ყრილობამ, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ნოტარიუსმა - ყველამ აღიარა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ხარვეზი და ამას ხვალიდან მივხედავთ, ჩემთვის სუსტია ის არგუმენტები, რაც მათ უწერიათ. ვნახავთ, ხურციძეა თუ ვინ დგას ამის უკან, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის ქართული რაგბის მტერია. შესარჩევი წელი გვაქვს საკვალიფიკაციო, ასევე რუსეთის თამაში გვიახლოვდება და ეს არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვერ ეგუება დამარცხებას, შეეძლო ყრილობაზე გამოცხადებულიყო და დაეყენებინა ეს საკითხი", - განუცხადა ირაკლი აბუსერიძემ "ინტერპრესნიუსს". 

"31 დეკემბერს მე გავაპროტესტე, რომ ეს ყრილობა იყო არალეგიტიმური. მე რომც არ შემეტანა, რეესტრი მაინც არ დაარეგისტრირებდა იმიტომ, რომ ბევრი დარღვევა იყო. თუ ამბობენ, რომ ჩემი საქციელი რაგბისთვის საზიანოა, სჯობს გონს მოეგონ და ჩავატაროთ მორიგი საარჩევნო ყრილობა, რომელიც უნდა იყოს უახლოეს თვეებში", - უთხრა ბაჩო ხურციძემ "იმედინიუსს". 

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბრის არჩევნებზე 82 დელეგატიდან 43 დაესწრო ყრილობას, რომელთაგანაც 31-მა მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. გოჩა სვანიძეს ხმა 10-მა მისცა, ხოლო ორი ხმა გაბათილდა. როგორც უკვე დავწერეთ, მესამე კანდიდატი ბაჩო ხურციძე არჩევნებს არ დასწრებია.

კომენტარები

ბოლო ამბები