Thumbnail

ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია - მას ანტალიაში კარგი წილისყრა შეხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი სეზონს ანდრეა არნაბოლდისთან მატჩით გახსნის
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს ზედიზედ 11 თამაში აქვს წაგებული

ცნობილი გახდა მეტოქის ვინაობა, რომელსაც 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის პირველ მატჩში დაუპირისპირდება.

საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში 1 395 ქულით მე-40 ადგილზეა, თურქეთში იმყოფება და მიმდინარე კვირაში ანტალიის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 361 800 ევრო) მე-6 განთესვით ჩაებმება, საწყის რაუნდში კი იტალიელ ანდრეა არნაბოლდის ეთამაშება.

ეს უკანასკნელი უკვე 33 წლის გახლავთ და ვერ ვიტყვით, რომ გამორჩეული კარიერა ჰქონდა, რადგანაც კლასიფიკაციაში 153-ე ადგილზე ზემოთ არასდროს ყოფილა, ამჟამად კი, მსოფლიოს 267-ე ჩოგანია. ბასილაშვილსა და არნაბოლდის ერთადერთხელ უთამაშიათ და უკვე შორეულ 2012 წელს, მაროკოში გამართულ მატჩში აპენინელმა 6:3, 4:6, 6:2 იმარჯვა.

ცხადია, მას შემდეგ ვითარება შეიცვალა და მომავალ შეხვედრაში ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი უნდა მივიჩნიოთ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზს პანდემიის შემდეგ საშინელი პერიოდი ჰქონდა და ზედიზედ 11 მატჩი აქვს წაგებული, რომლებშიც სეტიც კი ერთადერთხელ აიღო.

შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილს საკმაოდ კარგი წილისყრა ერგო, რადგანაც არნაბოლდის ძლევის შემთხვევაში, მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე თურქ ალტუგ ჩელიკბილეკსა (309-ე ჩოგანი) და პოლონელ კასპერ ჟუკს (262-ე) შორის უმჯობესს გაეჯიბრება, მეოთხედფინალში კი, მისი სავარაუდო მეტოქე ავსტრალიელი ალექს დე მინორი (23-ე) უნდა იყოს და ეს, ნამდვილად სერიოზული გამოცდა იქნება.

ვთქვათ ისიც, რომ ქართველი ჩოგბურთელი ამჯერად ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც სცდის, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება. ნიკოლოზი გერმანელ ანდრე ბეგემანთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის მატჩში თურქებს – უმუთ აკოინსა და მერტ ნაჩი ტურკერს გაეჯიბრება.

ბასილაშვილი ანტალიის ტურნირზე ბოლოს 2018 წელს გამოვიდა და მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენასა (6:2, 6:3) და სერბ დუშან ლაიოვიჩს (6:4, 2:6, 7:5) სძლია, შემდეგ კი, ჩეხეთის წარმომადგენელ იან ვესელისთან 6:7 (5:7). 2:6 დამარცხდა. წლეულს, შეჯიბრის უმთავრესი ფავორიტები მატეო ბერეტინი (იტალია), დავიდ გოფინი (ბელგია) და ფაბიო ფონინი (იტალია) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები