Thumbnail
  • მაიკლ დიქსონი რუმინეთის საუკეთესო გუნდში ჩაირიცხა
  • ბოლოს ის მანუჩარ მარკოიშვილის ტიტებში თამაშობდა

30 წლის ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, რომელსაც ქართული პასპორტიც აქვს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არაერთი მატჩი ჩაუტარებია, რუმინეთის საუკეთესო კლუბ კლუჟ-ნაპოკაში ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ დიქსონი ბოლო პერიოდში სწორედ საქართველოში ცხოვრობდა და გასული წლის დეკემბრის დასაწყისში სუპერლიგაში მოთამაშე ტიტების რიგებში ჩაირიცხა. წესით, მაიკლს მანუჩარ მარკოიშვილის გუნდში პირველი წრის ბოლომდე უნდა ეთამაშა, თუმცა, როგორც სჩანს, სიტუაცია ახალი შეთავაზების მიღების შემდეგ შეიცვალა. დიქსონს ტიტების მაისურით დებიუტი თსუ-სთან წაგებულ (89:10) მატჩში ჰქონდა, როდესაც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:35 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

კლუჟი რუმინეთში უდავოდ ყველაზე გამორჩეული კლუბია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატი და თასი 5-5-ჯერ აქვს მოგებული, 3-ჯერ კი რუმინეთის სუპერთასის მფლობელი ყოფილა. მიმდინარე სეზონშიც გუნდს მაქსიმალური შედეგი (6 მოგება) გააჩნია და ევროთასებზეც რეგულარულად თამაშობს. ამჟამად, კლუჟის ღირსებას ამერიკელი, ლიეტუველი, კანადელი, კუბელი, ხორვატი და ბოსნიელი ლეგიონერებიც იცავენ, მთავარი მწვრთნელი კი მონტენეგროელი დუშკო ვუოევიჩია.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ დიქსონ უმცროსი საქართველოს მოქალაქე 2016 წლის ივნისში გახდა. 2017 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იგი საშუალოდ 16.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 პასს აკეთებდა. უშუალოდ ევრობასკეტზე კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 5.2 პასი. მაიკლმა საქართველოს ნაკრების მაისურით ყველაზე შედეგიანი მატჩი 2017 წლის ნოემბერში ჩაატარა, როდესაც 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში სერბეთს 36 ქულა ჩაუგდო და 9 პასი გააკეთა.

მაიკლ დიქსონი სერბეთთან მატჩში

დიქსონს კარიერის განმავლობაში ჯუკიას (ლიეტუვა), პიენო ჟვაიგჟდეს (ლიეტუვა), ნიმბურკის (ჩეხეთი), აეკ-ის (საბერძნეთი), სტრასბურგის (საფრანგეთი), ბაჰჩეშეჰირის (თურქეთი), ბნეი ჰერცლიას (ისრაელი), რეჯიანასა (იტალია) და ალ იტიჰადის (ეგვიპტე) რიგებშიც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები