Thumbnail
  • დენვერი 123:116 მინესოტა
  • პორტლენდი 108:111 ჩიკაგო
  • კლიპერსი 113:116 სან ანტონიო
  • ბრუკლინი 130:96 იუტა
  • მემფისი 92:94 ლეიკერსი

დენვერ ნაგეთსის სერბმა ცენტრმა ნიკოლა იოკოჩიმა NBA-ს მიმდინარე სეზონის სტარტზე ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის მიღწევა გაიმეორა.

25 წლის იოკიჩი ლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-2 კალათბურთელი გახდა, ვინც რეგულარული ჩემპიონატის საწყის შვიდ მატჩში მინიმუმ 150 ქულის, 75 მოხსნისა და 75 პასის მოგროვება მოახერხა.
რობერტსონმა ეს კარიერაში 2-ჯერ – 1961-62 და 1963-64 წლების სეზონებში შესძლო, იოკიჩი კი აღნიშნულ სტატისტიკაზე დღეს დილით გავიდა, როდესაც მინესოტა ტიმბერვულვზთან შეხვედრაში გაიბრწყინა.

ნიკოლამ მოედანზე 37 წუთი გაატარა და გუნდს 35 ქულა, 15 მოხსნა (5 შეტევაში), 6 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. სწორედ მისი უდიდესი დახმარებით, დენვერელებმა შინაურ კედლებში 123:116 იმარჯვეს და წყალში ჩაუყარეს კარგი გარჯა დ'ანჯელო რასელს, ვინც სტუმრებს 33 ქულა და 11 პასი მოუტანა.

სეზონში მე-4 გამარჯვება იზეიმა ჩიკაგო ბულსმა, რომელიც პორტლენდში იყო ჩასული და ტრეილ ბლეიზერსს ზაკ ლავინის ბოლო წამებზე შესრულებული სამქულიანის წყალობით აჯობა – 111:108.
ჩიკაგოელები მეტოქეს 106:105-ს უგებდნენ, როდესაც ლავინმა პერიმეტრიდან “გაისროლა” და თამაშის ბედიც მაშინ გადაწყდა. ზაკმა 18 ქულა და 9 პასი მიითვალა, თუმცა, დამხმარეებიც კარგი ჰყავდა. კობი ვაიტმა 21 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ოტო პორტერმა 19 ქულას 13 მოხსნა წაამატა. პორტლენდელთა მხრიდან ორმაგი დუბლი ჰქონდა ბოსნიელ იუსუფ ნურკიჩს (12 ქულა, 11 მოხსნა), სი ჯეი მაკკოლუმმა 26 ქულა ჩააგდო, დამიან ლილარდმა კი 24 ქულას 9 პასი შეაშველა.

ლავინის მსგავსად თამაშის ბედის შეცვლა შეეძლი კავაი ლეონარდს, რომელმაც ყოფილ გუნდ სან ანტონიოსთან მატჩის ბოლო წამებზე ოვერტაიმში გადამყვანი სამქულიანი შეასრულა, თუმცა, არაზუსტად და მისი კლიპერსი 113:116 დამარცხდა. არადა, ლეონარდს ჩინებული თამაში ჰქონდა და დაბლ-დაბლის (30 ქულა, 10 პასი) ავტორიც გახდა. შეხვედრის გმირი სპურსის ვეტერანი მცველი პატი მილსი იყო, რომელიც მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა, 8 სამქულიანი ჩააგდო და სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი (27 ქულა) დააფიქსირა.

დღის კიდევ ორ შეხვედრაში ბრუკლინმა კაირი ირვინგის 29 ქულის დახმარებით იუტა ჯაზი გაანადგურა (130:96), ხოლო ლეიკერსმა მემფისს 94:92 სძლია და ლიდერები ისინი იყვნენ, ვისაც ყველაზე მეტად “ეკუთვნოდათ”: ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულას 11 მოხსნა და 7 პასი წაამატა, ხოლო ენტონი დევისმა 26 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები