Thumbnail
  • პელე ამტკიცებს, რომ მან კარიერაში 1 283 გოლი გაიტანა
  • სანტოსის შემდეგ მესის და რონალდოს რეკორდები თავად პელემაც გააპროტესტა

სერია A-ს მე-15 ტურში კრიშტიანო რონალდომ უდინეზეს კარში დუბლი შეასრულა და პროფესიულ კარიერაში 758 გოლი დაუგროვდა. ამ მატჩში პორტუგალიელ ჯერ დაეწია და შემდეგ გაუსწრო "ფეხბურთის მეფე" პელეს, რომელსაც ოფიციალურ თამაშებში 757 გოლი აქვს გატანილი. რონალდო მესამე ადგილზე გადავიდა იოზეფ ბიცანისა (800 გოლი) და რომარიოს (772) შემდეგ, თუმცა პელე ამას არ აღიარებს...

რამდენიმე დღის წინათ პელეს კლუბმა სანტოსმა არც ლეო მესის მიღწევა აღიარა

80 წლის პელემ, რომელმაც კარიერა ბრაზილიურ სანტოსში და ამერიკულ კოსმოსში გაატარა, ახლახამ "ინსტაგრამის" გვერდი განაახლა, სადაც ჩაწერა - "ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 1 283 გოლი". მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და მთელი ბრაზილია პელეს გოლებში უთვლის ისეთ ტურნირებში გატანილ გოლებს, რომელთაც დანარჩენი სამყარო ამხანაგურ თამაშებთან ათანაბრებს. 

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პელეს რეკორდის მოხსნა არ აღიარეს ბრაზილიაში - 22 დეკემბერს ლიონელ მესიმ 644-ე გოლი გაიტანა ბარსელონას მაისურით და ამით ერთ კლუბში გოლების რიცხვით პელეს გადაასწრო, თუმცა ბრაზილიურმა კლუბმა სანტოსმა ოფიციალურად უარი განაცხადა ამის აღიარებაზე - სანტოსის აზრით, პელეს 448 გოლს არ ითვალისწინებენ, რაც უსამართლობაა. 

Pelé has upgraded his Instagram bio. Looks like Cristiano Ronaldo and Leo Messi still have a long way to go 👀⚽️

Posted by ESPN FC on ორშაბათი, 04 იანვარი, 2021


სხვათა შორის, ზოგიერთი წყარო გოლებს ასაკობრივ ნაკრებებში გატანილების ჩათვლით ანგარიშობს. ამ შემთხვევაში კრიშტიანო რონალდო 776 გოლით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ჩეხ ბიცანს ჩამორჩება (მას ზუსტად ვერც დაუთვალეს, ვარაუდობენ, რომ 805 გოლზე მეტი გაუტანია). პელეს ამ მაჩვენებლებით 767 გოლი გამოსდის. 

უთხარით, რომ ვარჯიშზე გატანილები არ ითვლება

პელეს ამ საქციელმა სოციალურ ქსელებში ძირითადად ირონია გამოიწვია. "ფეხბურთის მეფეს" დასცინიან - "მომწონს, რაც CR7-მა და მესიმ ამ ადამიანს სიბერეში დამართეს. პელე ამ რეკორდებით შეპყრობილია და მშვიდად სიკვდილი არ უწერია", - წერს ერთ-ერთი ფანი. "მის ასაკში სოფლის მეურნეობას უნდა ეწეოდეს, შვილიშვილებს ზღაპრებს უკითხავდეს, რა დროს სტატისტიკით დაკავებაა, აცალოს სპეციალისტებს". "იქნებ, მას ვინმემ აუხსნას, რომ ვარჯიშზე გატანილი გოლები არ ითვლება"; "მოხუცები ბავშვებივით იქცევიან. ბავშვს კანფეტი რომ წაართვა, მთელი დღე იტირებს. ასეა პელეც". 

კომენტარები

ბოლო ამბები