Thumbnail
  • რამდენიმე სიურპრიზი წლის ფრანგ გოლეადორთა სიაში
  • კატანიასა და ჰაიდუკის ყოფილი დირექტორი ჟორჟ მიქაუტაძეზე

ფრანგულმა 90min.com-მა გამოაქვეყნა ფრანგი ფორვარდების ტოპ-ათეული, რომელთაც მსოფლიოს კლუბებში 2020 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. ათეულში თითქმის ყველა სუპერვარსკვლავია, 20 წლის ჟორჟ მიქაუტაძის გარდა, რომელიც მე-10 ადგილით შევიდა რჩეულთა შორის. 

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, ამ კლუბის აღზრდილია და ახლა ლიგა 1-ის მეცს ეკუთვნის, თუმცა ბელგიურ სერენში იჯარით თამაშობს. იგი საფრანგეთის მოქალაქეა. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ჟორჟი ფრანგი გოლეადორების სიაში მოხვდა. თუმცა სფფ მისთვის ქართული პასპორტის მიცემაზე და საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივაზე მუშაობს. 

მიქაუტაძემ ბელგიაში 14 თამაშში 16 გოლი გაიტანა

"როდესაც ფრანგ ბომბარდირებზე ვსაუბრობთ, უნებურად, ქარიმ ბენზემას, კილიან მბაპესა და ოლივიე ჟირუს ვიხსენებთ. საოცარია, მაგრამ სიაში ისეთებიც მოხვდნენ, რომელთაც დიდ ვარსკვლავებს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ევროპულ კლუბებში ბევრი გოლი მათაც გააქვთ. თქვენს წინაშეა 2020 წლის საუკეთესო გოლეადორების ათეული, რომელშიც რამდენიმე სურპრიზია", - წერს, გამოცემა, რომლის სტატიაც რამდენიმე ფრანგულმა საიტმა გამოაქვეყნა. 

მაშ ასე, 16 გოლით 2020-ში ჟორჟ მიქაუტაძე სიაში მე-10 ნომრით შევიდა. არადა, მან 2020 წლის პირველი ნახევარი სრულად გამოტოვა, რადგან მეცის დუბლებში თამაშობდა (სადაც სეზონში 9 გოლი კი გაიტანა, მაგრამ დუბლებში გატანილი გოლები არ ითვლება). 

"19 წლის ასაკში შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა. ის მეცმა სერენში გაანათხოვრა, რადგან ფრანგულ კლუბში ფორვარდის პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყო (იბრაჰიმა ნიანე, ჰაბიბ დიალო, ოპა ნგუეტე). მაგრამ შესანიშნავი 2020 წელი გამოუვიდა, მიქაუტაძემ 16 გოლი სულ რაღაც 14 თამაშში გაიტანა. სულ რაღაც 7 ტურში მან 14 გოლი შეაგდო. ის პროქსიმუს ლიგის ბომბარდირია", - წერს 90min.com.

ფრანგი გოლეადორები 2020-ში. TOP 10

1. ბაფეტიმბი გომისი (ალ ჰილალი) - 27 გოლი

2. ანდრე-პიერ ჟინიაკი (ტიგრესი) - 27

3. კილიან მბაპე (პსჟ) - 26

4. ოდსონ ედუარი (სელტიკი) - 23

5. ქარიმ ბენზემა (რეალი) - 23

6. ოლივიე ჟირუ  (ჩელსი) - 18

7. ენდრიუ იუნგი (ქვევილი) - 18

8. თომა ანრი (ლუვენი) - 18

9. ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 17

10. ჟორჟ მიქაუტაძე (სერენი) - 16

აღსანიშნავია, რომ ათეულში ვერ მოხვდნენ ისეთი ფორვარდები, როგორიც ალეკსანდრ ლაკაზეტი, ანტუან გრიზმანი და ვისამ ბენ იედერია. 

იტალიელი ექსპერტი მიქაუტაძეს სერია A-ს კლუბებს ურჩევს

20 წლის მიქაუტაძეზე ამ დღეებში მხოლოდ ფრანგული მედია არ წერდა. რადიო Taca La Marca-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა კრისტიან არგურიოსთან, რომელიც napolimagazine.com-მა გამოაქვეყნა. ის კატანიასა და ჰაიდუკის ყოფილი სპორტული დირექტორი და საფეხბურთო ექსპერტია, მას მრავალი ტალანტი აღმოუჩენია. ინტერვიუში მან სერია A-ზე, პანდემიაზე და, რა თქმა უნდა, ახალ ტალანტებზე ისაუბრა. არგურიომ ცალკე გამოჰყო ჟორჟ მიქაუტაძე

"ტალანტი ბელგიაში - მიქაუტაძე 2000 წელს არის დაბადებული, ფრანგული პასპორტით და მეცის საკუთრებაა. ის მართლაც კარგად თამაშობს ბელგიის პროქსიმუს ლიგაში სერენის შემადგენლობაში. მას 14 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. მიქაუტაძე ხშირად თამაშობს ცენტრფორვარდად, მინახავს მისი თამაში ცრუ "ცხრიანზე", მაგრამ მას მეორე ფორვარდადაც შეუძლია თამაში. ჩემი აზრით, ეს უფრო არის მისი შესაფერისი პოზიცია. ფაქტია, ორ-ფორვარდიან ტაქტიკაში ის ძალიან კარგად თამაშობს. მას შეტევის დასრულების საოცარი უნარი გააჩნია, ურტყამს ორივე ფეხით, ბრწყინვალედ უტევს სიღრმიდან, ძალიან სწრაფია". 

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატში მიღებული წითელი ბარათისთვის დისკვალიფიცირებულია. ის სერენის მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს (ვესტერლოსთან 24 იანვარს) და U23 ბრიუგესთან - 31-ში). ქართული წარმოშობის ფორვარდს მხოლოდ 3 თებერვალს ბელგიის თასზე ელიტის სტანდარდთან აქვს თამაშის უფლება. "ტრანსფერმარკტი" 20 წლის ფეხბურთელს 1.2 მილიონ ევროდ აფასებს.   

კომენტარები

ბოლო ამბები