Thumbnail

ტაშკენტის ფახთაქორიდან წამოსული შოთა არველაძე სამუშაოდ შესაძლოა თურქეთში დაბრუნდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 47 წლის ქართველმა სპეციალისტის მიწვევით მისი ყოფილი კლუბი, ქაისერისპორი ინტერესდება, რომელსაც ის 2010-12 წლებში წვრთნიდა.

ქაისერისპორმა თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში შინ ბეშიქთაშთან ანგარიშით 0:2 წააგო, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სამეთ აიბაბა დაითხოვა. sabah.com.tr კი წერს, რომ ქაისერის დირექტორთა საბჭოს გუნდში უცხოელი სპეციალისტის მიწვევა გადაწყვეტილი აქვს, დასახელებულ კანდიდატებს შორის კი შოთა არველაძეცაა.

"შოთა არველაძე, რომელიც ცნობილია სამუშაოსადმი თავისი გამორჩეული მიდგომით, ქაისერისპორის მთავარი მწვრთნელი შეიძლება გახდეს!", - წერს საიტი.

შოთამ თურქეთში სახელი არამხოლოდ როგორც ფეხბურთელმა მოიხვეჭა

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტისთვის ქაისერისპორი პირველი კლუბი იყო, სადაც მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იმუშავა. იქამდე, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, შოთა აზ ალკმაარში ასისტენტის (ლუის ვან გაალის) პოსტს იკავებდა. არველაძე თურქეთში ასევე წვრთნიდა ქასიმფაშასა და ტრაბზონსპორს, რის შემდეგაც მან ჯერ ისრაელში, თელ ავივის მაქაბიში იმუშავა, ბოლოს კი - ტაშკენტის ფახთაქორში.

შოთა არველაძეს უზბეკურ კლუბთან კონტრაქტი გასული წლის ბოლოს ამოეწურა. მწვრთნელ არველაძეს კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ ფახთაქორში ჰქონდა, სადაც 2017 წლიდან მუშაობდა და კლუბს, რომელიც ზედიზედ ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახადა, ჯამში 5 ტიტული მოაგებინა.

შოთამ ფახთაქორში ყველაფერი მოიგო

თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ, ქაისერისპორს სულ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, 21-ე ადგილს იკავებს. გუნდს მომდევნო შეხვედრის გამართვა სტუმრად დენიზლისპორთან, 6 იანვარს უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები