Thumbnail
  • მადრიდის რეალი და სერხიო რამოსი კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან
  • 34 წლის რამოსის ადგილი რეალის დაცვის ხაზში შესაძლოა პაუ ტორესმა დაიკავოს

მადრიდის რეალი, რომელიც სერხიო რამოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდება, ზაფხულის სატრანსფერო ფაჯრისთვის დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრს აქედანვე იწყებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" და მისმა კაპიტანმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, ხელშეკრულების გაგრძელებაზე აქამდე ვერ მოილაპარაკეს. ეს ნიშნავს, რომ 34 წლის რამოსს 1-ელი იანვრიდან სხვა კლუბებისგან შეთავაზებების მიღება უკვე შეუძლია.

რამოსს რეალთან ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება

ცნობილია, რომ სერხიო რამოსს რეალში დარჩენა სურს, მაგრამ პრობლემას ხელფასის ოდენობა ქმნის. ზოგადად, მადრიდული კლუბი პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, კვლავაც აპირებს, ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ხელფასების შემცირების თხოვნით მიმართოს. 

ახლა წერენ, რომ "სამეფო კლუბში" შესაძლოა ვილიარეალის მცველი პაუ ტორესი აღმოჩნდეს. რეალი 23 წლის ფეხბურთელს სწორედ სერხიო რამოსის შემცვლელად განიხილავს. 

პაუ ტორესს ტრანსფერმარკტი 40 მილიონ ევროდ აფასებს

ტორესი ვილიარეალის აღზრდილია და ამ კლუბის მთავარ გუნდში 2017 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში მცველმა ესპანური პრიმერას 17 მატჩში ითამაშა და გაიტანა 2 გოლი.

სერხიო რამოსი რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს, სადაც სევილიადან გადავიდა. 34 წლის ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან ერთად ჯამში 22 ტიტული აქვს მოგებული, საიდანაც 4 ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო 5 ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებაას უკავშირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები