Thumbnail

ტაშკენტის ფახთაქორში გატარებული სამწლიანი წარმატებული პერიოდისა და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, შოთა არველაძე უზბეკურ კლუბს, სადაც არჩილ არველაძესა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად მუშაობდა, წლის ბოლოს დაემშვიდობა და სამშობლოში დაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, 47 წლის ქართველი სპეციალისტი, რომელსაც რამდენიმე აზიური, მათ შორის თურქული კლუბის ვარიანტიც აქვს, ფახთაქორში დაბრუნებას აღარ აპირებს, თუმცა უზბეკური მედიის ცნობით, ტაშკენტის კლუბში არაფერს გამორიცხავენ და არველაძესთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას ჯერ კიდევ მართავენ.

შოთამ ფახთაქორში ყველაფერი მოიგო

"არ გაგიკვირდეთ, არველაძე რომ დაბრუნდეს" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას sports.uz, რომელიც საკითხში გასარკვევად ფახთაქორის პრესსამსახურის წარმომადგენელსაც ესაუბრა. 

"ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მთავარი სიახლე შოთა არველაძის ფახთაქორიდან წასვლა იყო, თუმცა კლუბს ოფიციალურად მისი წასვლის შესახებ აქამდე არ გამოუცხადებია და მთავარი მწვრთნელის საკითხი ინტერესს ბადებს, - წერს საიტი. - მართალია, ქართველ სპეციალისტს აქვს სხვა შეთავაზებები და შესაძლოა, კარიერის გაგრძელება სხვა ქვეყანაში სურს, მაგრამ არ გაგვიკვირდება, თუკი ის ფახთაქორში დაბრუნებას მოინდომებს".

"არველაძის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. ხელმძღვანელობა მასთან დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებას მართავს. როდესაც ყველაფერი გაირკვევა, აუცილებლად გაცნობებთ. ჯერჯერობით კლუბს მთავარი მწვრთნელობის სხვა კანდიდატები არ ჰყავს და ჯერ შოთა არველაძის საკითხი უნდა გადაწყდეს. კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება", - ამბობს საიტთან ინტერვიუში ფახთაქორის პრესსამსახურის წარმომადგენელი ბეკზოდ ნაზაროვი. 

ქართველების ხელში ფახთაქორმა არაერთი ტიტული მოიპოვა

შოთა არველაძე ფახთაქორში 2017 წლიდან მუშაობდა და კლუბს 5 ტიტული მოაპოვებინა - 2019 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი, ხოლო 2020 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი. მანამდე ქართველ სპეციალისტს თურქული კლუბები: ქაისერისპორი, ქასიმპაშა და ტრაბზონსპორი, ასევე თელ ავივის მაქაბი გაუწვრთნია.

კომენტარები

ბოლო ამბები