Thumbnail

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ორ დღეში სან ანტონიოს მეორედ მოუგო. მეორე გამარჯვება გადამწყვეტ მომენტში კარგი ბრძოლის დამსახურებაა - პირველ რიგში კი ლებრონ ჯეიმსის, რომელიც ბოლო წამებზე მოწოდების სიმაღლეზე იდგა. 36 წლის სუპერვარსკვლავმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულით, 11 მოხსნითა და 10 პასით. თუმცა თამაშში ყველაზე მეტი ქულა ენტონი დევისს ჰქონდა - 35. ასევე აღსანიშნავია დენის შრიოდერი, რომელმაც 33 წუთში 15 ქულა ჩააგდო - მათ შორის ორი მნიშვნელოვანი სამქულიანი ბოლო ფაზაში.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

სან ანტონიომ მოქმედ ჩემპიონს ამჯერად საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2:35 წუთით ადრე მასპინძელთა შეტევა დასუსტდა, ლეიკერსმა კი უპირატესობა მოიპოვა. ლოსანჯელესელებმა თამაშს 9:0 გაქცევით უშველეს, ლებრონმა კი საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე ანგარიში 107:103 გახადა, რითაც ცხადი გახდა, რომ ლეიკერსი მოიგებდა.

მატჩის შემდეგ ლეიკერსის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ვოგელი “სამუშაო გამარჯვებაზე” საუბრობდა: “ხანდახან ასეც დაგვემართება - იდეალურად ვერ ვითამაშებთ, მაგრამ მოვიგებთ ხოლმე. 72-მატჩიან სეზონში ზოგიერთი გამარჯვება საშინელი იქნება. მოკლე პაუზის გამო მზად ვიყავით იმისათვის, რომ რამდენიმე საშინელი საღამო გვექნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვიპოვოთ გზა, როგორ მოვიგოთ მაშინ, როცა ტოპ-ფორმაში არ ვართ.”

ამრიგად, ლეიკერსს 6 თამაშის შემდეგ 4 მოგება და 2 მარცხი აქვს. საინტერესოა, რომ არა მარტო დასავლეთ კონფერენციაში, არამედ მთელ NBA-ში ამ დროისთვის საუკეთესო შედეგი ფინიქს სანსს აქვს, რომელმაც 6-დან 5 მატჩი მოიგო - ამჯერად კი დენვერ ნაგეთსი დაამარცხა - 106:103. შესანიშნავი იყო კრის პოლი, რომელმაც საფინალო სირენამდე 7,3 წამით ადრე გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო. საერთო ჯამში, ფინიქსის ახალ სუპერვარსკვლავმა 21 ქულა დააგროვა. ცენტრმა დეანდრე ეიტონმა და მსროლელმა დევინ ბუკერმა 22-22 ქულა ჩააგდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები