Thumbnail

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა ჯანი დი მარციომ, რომელსაც სამწვრთნელო ასპარეზზე 24 წელი აქვს გატარებული (მათ შორის, ნაპოლიში, ჯენოაში, ლეჩესა და პალერმოში უმუშავია), 2001 წელს დაბადებული 5 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოს დონის ვარსკვლავები გახდნენ. სასიხარულოა, რომ გამოცდილი დი მარციოს რჩეულთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. აი, რა თქვა აწ უკვე 80 წლის იტალიელმა TMW Radio-ში სტუმრობისას.

“საუკეთესოთა შორის ერთ-ერთი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა, მარცხენა გარემარბი ყაზანის რუბინიდან. დიდი ტალანტი და ფანტაზია გააჩნია და ძალიან ძლიერია. ნაპოლის ჟიელინსკის ვამსგავსებ. კვარაცხელია კარგად ითვისებს სივრცეებს, ძლიერად ურტყამს და დაცვასაც ეხმარება. შემთხვევითი არაა, რომ ფიფამ ევროპის 50 საუკეთესო ტალანტს შორის შეიყვანა”.

დიეგო მარადონა და ჯანი დი მარციო

ცნობისთვის, მხცოვანმა იტალიელმა 2001-იანთა საუკეთესო ხუთეულში, ხვიჩას გარდა, პორტუგალიელი ტომაშ ტავარეში (ალავესი), არგენტინელი პედრო დე ლა ვეგა (ლანუსი), ესპანელი ბრაიან ხილი (ეიბარი) და ბრაზილიელი მარკოს პაულო (ფლუმინენსე) შეიყვანა. დი მარციოს რომ ნიჭიერი ბიჭების არჩევა არ ეშლება, ერთი ფაქტი მეტყველებს: ევროპაში სწორედ მან დაიწყო პირველად საუბარი არგენტინელი ტალანტის შესახებ, რომელიც მსოფლიოს აალაპარაკებდა. ის ბიჭი დიეგო მარადონა გახლდათ, რომელიც მაშინ მხოლოდ 10 წლის იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ყაზანის რუბინის ღირსებას მეორე სეზონია იცავს, კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პორტალი Transfermarkt კი ქართველი ფეხბურთის საბაზრო ფასად 10 მილიონ ევროს ასახელებს. ხვიჩამ რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი, 3-ჯერ კი პენალტი მოიპოვა. ვთქვათ ისიც, რომ 26 წლის პოლონელ პიოტრ ჟიელინსკის, რომელსაც დი მარციომ ქართველი ფეხბურთელი შეადარა, 2016 წლიდან მოყოლებული ნაპოლის მაისურით 153 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 40 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები