Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ირაკლი აბუსერიძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის მზადაა ქართული რაგბის საკეთილდღეოდ ყველა მხარესთან ითანამშრომლოს და მათი იდეებიც გაიზიაროს.

ირაკლი აბუსერიძე: “ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ბზარი, რომელიც ბოლო დროს რაგბში გაჩნდა და მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, რადგან თქვენი გვერდში დგომის გარეშე ქართული რაგბი წინ ვერ წავა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოპონენტებსაც, მხარდამჭერებსაც, იმ ადამიანებსაც ვინც მხარი არ დამიჭირა და იმათაც, ვინც აქ არ გამოცხადდა. გაიმარჯვა ერთიანობამა და გუნდურობამ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. გამორიცხულია მიდგომა, ვიღაცამ მხარი დამიჭირა და ვიღაცამ – არა. თუ ერთიანობა ვერ შევინარჩუნეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული რაგბი დაზარალდება და არა – რომელიმე პერსონა. იმედს ვიტოვებ, რომ ერთად მუშაობისთვის ყველა მზად იქნება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველას უნდა შევხვდებით და ყველას აზრი გასათვალისწინებელია. რაც ქართული რაგბისთვის უკეთესი იქნება, იმ გზით წავალთ. ჩვენი ხედვები და პროგრამა წარდგენილი გვქონდა. სამწუხაროა, რომ ეპიოდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პირისპირ ვერ შევხვდით გულშემატკივრებს. გრძელვადიანი განვითარების გეგმისთვის ყველა ასპექტში გავაკეთებთ დეტალურ ანალიზს, ვიმუშავებთ გუნდურად და ერთად დავსახავთ იმ გეგმებს, რაც ქართული რაგბისთვის უმჯობესია. რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, ამისთვის ანალიზია საჭირო, რასაც განვიხილავთ და დავსახავთ პრიორიტეტებს, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები დღეს თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა 82 დელეგატიდან 43-მა მიიღო, რომელთაგან 31-მა მხარი აბუსერიძეს დაუჭირა, გოჩა სვანიძეს 10 მომხრე ჰყავდა, 2 ხმა კი გაბათილდა. არჩევნებზე არ გამოცხადებულა პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე, რომელიც პროცესის გადადებას ითხოვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები