Thumbnail
  • ირაკლი აბუსერიძეს მხარი 31-მა დელეგატმა დაუჭირა, გოჩა სვანიძეს კი 10 ხმა ერგო
  • სრკ-ს არჩევნები ჯერ კიდევ 1 წლის წინ უნდა ჩატარებულიყო

საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძეა, რომელმაც დღეს თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე გამართულ არჩევნებზე აშკარა უპირატესობით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული არჩევნები დაახლოებით 1 წლის წინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მისი გამართვა ახლაღა მოხერხდა. მეტიც, პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე დღევანდელ ყრილობასაც უკანონოდ მიიჩნევდა და მას არც დასწრებია, თუმცა, სხვა კანდიდატები – ირაკლი აბუსერიძე და სრკ-ს ექს-თავკაცი გოჩა სვანიძე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ და მიზანს მიაღწიეს კიდეც.

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნებზე 43 დელეგატი გამოცხადდა

საბოლოოდ, არჩევნებში მონაწილეობა 82 დელეგატიდან 43-მა მიიღო, რომელთაგან 31-მა მხარი აბუსერიძეს დაუჭირა, სვანიძეს 10 მომხრე ჰყავდა, 2 ხმა კი გაბათილდა. ამგვარად, საქართველოს რაგბის კავშირს მომდევნო 4 წელი სწორედ აბუსერიძე უხელმძღვანელებს, თუკი, ხურციძის მხარემ შედეგები არ გააპროტესტა და კიდევ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის აბუსერიძე 9 ნომრის პოზიციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 2000-13 წლებში თამაშობდა და 85 მატჩში 40 ქულა აქვს მოგროვებული. ის ფრანგული ორილიაკის, ორლეანისა და ოსერის ღირსებსაც იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები