Thumbnail

'მიროტიჩს საგრძნობლად გაასწრო' - შერმადინი ტენერიფეში საუკეთესოდ აღიარეს

ესპანურმა Eldia-მ ლიგა ენდესას ერთ-ერთ ლიდერ იბეროსტარ ტენერიფესთვის 2020 წელი შეაჯამა და გუნდის საუკეთესო კალათბურთელად საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი დაასახელა, რაც ციფრებითაც გაამყარა. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი.

“შეიძლება ითქვას, რომ 31 წლის ქართველ ცენტრს კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას. ყველანაირი მონაცემებით ისე გამოდის, რომ იბეროსტარ ტენერიფეს თითქმის უკვე დასრულებულ წელს მისნაირი სარგებლიანი კალათბურთელი არ ჰყოლია. წლის განმავლობაში, გასული და მიმდინარე სეზონების ჯამში, გიომ ესპანეთის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 21.57 გახლდათ. ის ერთადერთი კალათბურთელია, ვინც ამ მხრივ 20-ბალიან ნიშნულს გადააბიჯა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ყველაზე სარგებლიანი კალათბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში შერმადინს ბარსელონას ლიდერმა ნიკოლა მიროტიჩმა მცირედით აჯობა. მან ქართველ ლეგიონერს მხოლოდ 0.87-ანი სხვაობით გაასწრო, ახლა კი, საქმე სხვაგვარადაა.

გიორგი შერმადინს ძალიან შედეგიანი სეზონი აქვს

შერმადინი მთელს ლიგაში საშუალოდ ყველაზე მეტ ორქულიანს (5.6) ესვრის და სიზუსტეც საკმაოდ კარგი აქვს (65%-მდე). განსაკუთრებით სახიფათოა გიორგიზე წესების დარღვევა, რადგანაც ის საჯარიმოებს ცენტრისთვის უჩვეულო სიზუსტით ასრულებს – თითქმის 90%. ქართველმა ლეგიონერმა საშუალოდ 2.1-მდე აიყვანა ზუსტი პასების რაოდენობა. გასაკვირი არაა, რომ საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტის (22.6) მიხედვით, ის ლიგა ენდესაში პირველ ადგილზეა და იმავე მიროტიჩს 4.4 პუნქტით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში შერმადინი უკვე 2-ჯერ იყო ტურის მოთამაშე, ოქტომბერში თვის საუკეთესო კალათბურთელადაც აღიარეს და იგივემდე ძალიან ცოტა დააკლდა დეკემბერში”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის იბეროსტარ ტენერიფეს მიმდინარე სეზონში ჩინებული სტარტი აქვს, 16 ტურში 14 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ მადრიდის რეალს ჩამორჩება. 31 წლის ქართველი ცენტრი მოედანზე საშუალოდ 24:36 წუთს ატარებს, მისი საშუალო მონაგარი კი 16.3 ქულა, 5.9 მოხსნა და 2.1 პასია. ტენერიფელები მომდევნო მატჩს 2 იანვარს, შინ, სწორედ რეალთან ჩაატარებენ და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები