Thumbnail

გიორგი ფირცხელანი: ძველი ფეხბურთის გამოსათხოვარი

არ ვიცი, პელე ვისი მეფეა... შეიძლება, მექსიკის ორივე მუნდიალზე ნამყოფი ჟურნალისტის. მაგრამ ახლა კითხულობ წერილს, რომელიც დაწერა კაცმა, ვისაც მიაჩნია, რომ პოლ მაკგრატზე მაგარი მცველი ფეხბურთს არ ახსოვს. ამიტომ, სანამ აქ ხარ, ეცადე, იყო ამ კულტურისადმი სენსიტიური.

დღეს ალბათ წარმოუდგენელია იმის გაფიქრება, რომ 40 წლის წინ ფეხბურთელებზე არაფერი ვიცოდით. ყოველდღე ფიატის კოლოფის ბერკეტი ეჭირა ხელში, თუ იაგუარის, არ იცოდი; ვის უგზავნიდა ჰეროდსში ნაყიდ ნივთებს, არც ეგ იცოდი; როგორ იზრდებოდა სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე, პინგვინებთან ერთად მაკდონალდსის მორჩენილი ბურგერების რიგში, არც ამის შესახებ იცოდი.

ადრე გვასწავლიდნენ, რომ ჯორჯ ბესტმა ფეხბურთი გაზეთის ბოლო გვერდიდან პირველზე გადმოიტანა, რაც ისეთივე ზღაპარია, როგორც გვარდიოლას სნობური მონოლოგი მარსელო ბიელსას მსოფლიოში ყველაზე მაგარ მწვრთნელობაზე. ბესტის ეპოქაში, პროფესიონალი ფეხბურთელები პორნო-კასტებს “პრაკატში” აქირავებდნენ და ეს ფაქტი კაციშვილს არ ადარდებდა - არც პირველ და არც ბოლო გვერდზე.

ეს ‘მისაბაძ მაგალითობა’ ფეხბურთელებს (და ალბათ ზოგადად სპორტსმენებს) ცოტა გვიან, მეოცე საუკუნის ბოლოს ძალით დაავალეს. მანამდე, შეგეძლო ვიეტნამში სოფელი გადაგეწვა და მეორე დღეს მინდორზე გამოსულიყავი - დილით (ბოლოდან მეორე გვერდზე) დაწერდნენ, რომ ფლანგზე ეფექტურად ითამაშე.

ადრე, ვინმესთან ლაპარაკი თუ გინდოდა, პირდაპირ ბაზის ქალაქის ნომერზე რეკავდი. ეტყოდი, რომ ‘ბალტაჩა სერგეი დამალაპარაკეთ’ - მაშინ არ არსებობდა პრეს-მდივანის წინაღობა, გუნდის პერსონალს, ფეხბურთელების გარდა, სამრეცხაოს ქალები და მინდვრის მომვლელი კაცები აკომპლექტებდნენ. დევიდ დინის ფეხბურთში მოსვლამდე, ამ ინდუსტრიაში მომუშავე ხალხი, მღვიმეში იჯდა და კედლებზე მამონტებს ხატავდა.

პრემიერშიფის ქრონიკების მიხედვით, ყველაფერი 1994-95 წლების სეზონმა შეცვალა. ამ სეზონმა ფეხბურთს მკლავზე ღილები მიაკერა და ცხვირის მოხოცვა ცხვირსახოცით ასწავლა. ამ სეზონის შემდეგ კლუბების ადმინისტრაციული სტრუქტურა სამინისტროებს დაემსგავსა; ამ სეზონის შემდეგ ფეხბურთელის მიერ პორნოს “პრაკატში” გაქირავება აღარ მოსულა; ამ სეზონის შემდეგ ბურთს თუ ხელით გაიტან, ვეღარ ამბობ, რომ ღმერთის ხელით გაიტანე; ამ სეზონის შემდეგ ეფედრინს თუ პოპკორნივით უბერავ, თამაშის დროს კამერასთან მაინც ნუ მიირბენ; ამ სეზონის შემდეგ ფეხბურთი, როგორც სპორტული ბლოკის სიახლე, გახდა უბრალოდ სიახლე და მანდ ყველა ერთად გაიწირა.

ამ სეზონის შემდეგ - დილით გრანოლა, საღამოს ორაგული, სასტუმროს თეთრეულში გაღვიძება... ავტობუსი, ორმხრივი, ინტერვიუ, ადრე ძილი... ისევ გრანოლა, კიდევ ორაგული, თეორია, წამოწოლა.

იმ წელს ისე მოხდა, რომ სადღაც ხუთამდე ტიპმა ერთი თვის რადიუსში, ერთდროულად დაბერა. სპორტულმა ბლოკმა ამ სკანდალების ტალღას ვეღარ გაუძლო და პირველ გვერდებზე გაასხა. ამის შემდეგ, კვირაში სამჯერ, ნებისმიერი გამოცემა წინა დღის თხრობას თეთრი სახლიდან წამოსული მესიჯით იწყებს და სანდერლენდის ბენინელი ლეგიონერის გოლით აგრძელებს, რომელიც მან ჩელსის ბრიჯზე გაუტანა.

ფეხბურთი 25 წლის წინ, კროიდონში, სამხრეთ ლონდონში, ერიკ კანტონამ შეცვალა, რომელმაც ჯერ სახეში წიხლით, შემდეგ მუშტებით, მეტოქე გუნდის ფანი ტრიბუნაზე ცემა და ამით ფეხბურთელებს პირადი ცხოვრება სამუდამოდ წაართვა.

ჰოდა, გატყუებენ, როდესაც ამბობენ, რომ პრემიერლიგა 1992 წელს დაარსდა. პრემიერლიგა 1995 წლის 25 იანვარს, მეთიუ საიმონსმა სელჰარსტ პარკზე დაარსა, როდესაც ნასვამზე არ დაეზარა, 11 რიგი ჩაირბინა და მატჩიდან გაძევებულ კანტონას მიძახა „გააჯვი საფრანგეთში, შე ფრანგო ####!“

კანტონას ჰაი-ჰედ ქიქამდე ინგლისის ჩემპიონატს ბრიტანეთს გარეთ აქტიურად მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში და ჰოლანდიაში უყურებდნენ. ამიტომ ის ფაქტი, რომ 92-ში 22 კლუბი შეიკრიბა და რუპერტ მერდოკისგან 300 მილიონი ფუნტი აიღო, ჩემთვის თბილისში არაფერს ცვლიდა, ბერგკამპის ყდით ‘მეხუთე ტაიმს’ მანამდე არავინ ბეჭდავდა. ფეხბურთში საერთო სურათს ინდივიდები ქმნიან, განსაკუთრებით კუნძულზე - სადაც კენ ლოუჩი ტრიბუნიდან გიყურებს, კრის კილიპი ფოტოს გიღებს და რობერტ პლანტი შენი გუნდის პრეზიდენტია; სადაც საკმარისია, ერთხელ გაგივარდეს და მშრომელთა სამზარეულოს მაგიდაზე ასწლეულები განხილვის თემა ხარ.

კანტონას მერე, პოლ მერსონმა შუა კვირაში გამოაცხადა - დავიღალე ყნოსვით, დამაწვინეთო; შემდეგ ჩელსის სქიფერმა, დენის ვაიზმა ლონდონელ ტაქსისტებს დააყარა, რის გამოც 3 თვე მიუსაჯეს; მერე კრის ამსტრონგიც კოკაინზე დაიჭირეს; მერე არსენალის ფერგის - ჯორჯ გრემს ნახევარმილიონიანი ‘პადიომი’ უპოვეს, რომელიც ნორვეგიელი აგენტისგან თურმე ჩუმად აიღო; თან იქვე, ტონი ადამსი ყველა თამაშზე უგონოდ მთვრალია და შოტლანდიიდან ნიუსები ჩამოდის, რომ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელმა - პოლ გასკოინმა გასახდელში გუნდელის წინდაში მოჯვა.

გრანოლა, ორაგული, შუადღის ძილი, ავტობუსი, თეორია, ინტერვიუ, კომენტარი, თეთრი თეთრეული, ძილის წინ მინი ბარის ტვიქსზე დაუსრულებელი ფიქრი.

გაზეთი ხარ, როგორ გინდა ამ ყველაფერს ისე გაუძლო, რომ ეს და კიდევ ათასი ასეთი ისტორია სპორტული ბლოკის ნაწილად დარჩეს. თან იყიდება, ხალხს აინტერესებს, თან ყელში ამოგივიდა ეს ერთი და იგივე სპარსეთის ყურის ამბები... ამ დროს გესმის, რომ გაზამ გუნდელის გეტრებში მიუშვა, მერე ისიც გესმის, რომ ეს გუნდელი ჯენარო გატუზოა - რას გააკეთებ? ალბათ სადამ ჰუსეინის ნაცვლად პირველ გვერდზე გაიტან.

ჰოდა, საკმარისია, მორჩაო... დღეიდან ყველა ფეხბურთელი ბავშვისთვის მისაბაძი უნდა იყოსო - თქვა დევიდ დინმა ამ სეზონის შემდეგ და საქმეში გასვრილი ჯორჯ გრემის ნაცვლად, არსენალში იაპონიიდან არსენ ვენგერი ჩამოიყვანა, რომელმაც ბაზაზე 20 000 ძირი ხე დარგო და ტონი ადამსს გინესის ნაცვლად, ხელში ბროკოლი დააჭერინა.

სარდინიელი მხატვრის შვილს საიმონსის ცემის გამო კერინგტონის კომუნაზე ზრუნვა და 8 თვე ამავე სოფელში მდებარე, იუნაიტედის ბაზაზე მასწავლებლობა მიუსაჯეს. საიმონსის ცემის გამო, კანტონამ 31 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშის სურვილი დაკარგა; საიმონსის ცემის გამო, კანტონამ მუნდიალი მეორედ გამოტოვა, სადაც მის ნაცვლად, ოქროს მედალი ჟაკ შირაკმა სტეფან გივარშის დაკიდა.

რაც მაშინ 1994-95 წლების სეზონში მოხდა, დღეს ჩვეულებრივი ნორმაა. მაშინ თუ არ იცოდი, რომ შენი გუნდის ცენტრალურმა მცველმა, განაპირა მცველის ცოლზე გაიწია, ახლა იცი და ამით ბედნიერი ხარ.

ფრანგის სასჯელს დღეს ყველა იხდის, დღეს გულშემატკივარს და ფეხბურთელს შორის შუამავალი ინსტაგრამის გვერდია. კანტონას რომ დღეს ეთამაშა, საიმონსის ცემას ვერ გაბედავდა, თამაშის მერე იტყოდა, რომ ტრიბუნიდან აგრესიის მსხვერპლია. მერე ‘გარდიანი’ დაწერდა სტატიას ინგლისში დაბადებული ფრანგო-ფობიის შესახებ, რომელიც ნორმანთა ოკუპაციიდან იღებს სათავეს. მერე კრისტალ პალასი საკუთარ ფანს ცუდი სიმთვრალის გამო სტადიონთან მიკარებას ცხოვრების ბოლომდე აუკრძალავდა. დღეს ეგრეა, ხვალ ალბათ კიდევ სხვანაირად იქნება.

ერთხელ, საბჭოთა სპორტულმა სამყარომ დინამო ძაან გაწირა და ჩემპიონობა წაართვა. თამაშის მერე დავით ყიფიანი სტადიონთან სახანძრო შენობის სახურავზე აძვრა და გამწარებულ თბილისელებს მიმართა - არაუშავს, მომავალ წელს ჩემპიონები მაინც გავხდებითო. ხალხი დაწყნარდა, ჩემპიონებიც გახდნენ... ჰოდა, შეიძლება სმარტფონის ქიბორდზე აკრეფილ ტექსტს და სახანძროს სახურავიდან ნათქვამს სხვადასხვა ფასი აქვს; შეიძლება, ამ ორი სიტყვის სიმძაფრე ისეთივე განსხვავებულია, როგორც კარსტენ რამელოვი და რონალდინიო; შეიძლება, ფეხბურთის ევოლუციური ხის მუდმივი მუტაცია მხოლოდ კონსერვირებული დროის მონაკვეთში გაცხოვრებს და თუ ამ ყველაფერს ჩემსავით განიცდი, მაშინ დიდი ფეხბურთი ცოტა ხნით დაივიწყე, გერმანიის ობერლიგის, ან რამე ისეთი ლიგის  აწმყოს გაყევი, სადაც ფეხბურთელებს გადალაპარაკებისას პირზე ხელის აფარება არ უწევთ, სადაც მანჰაიმის სანახავად 20 000 კაცი დადის და სადაც ერთხელაც, იანვრის პოლარულ ყინვაში, ბრატვურშტის პირველივე ჩაკბეჩისას, ვინმე ვინსენ რაბიეგა შენი კრუიფი გახდება, კანიჯაც, ბაჯოც და ალან შირერიც.

ეძღვნება: დიეგოს მიუნხენში გახურებას, მეხუთე ტაიმის რედაქციას, დენის ირვინს, ოლივერ ნოივილს ჰანზას წლებში, ლანჩხუთელ ფეხბურთის კოლექციონერებს, ჟერარ ულიეს გარი მაკალისტერისადმი ნდობას, ამერის თამაშზე მიმავალ გლდანელს, ბერლინის ტენის ბორუსიას პეტერბურგელი კლუბის ისტორიკოსის შემართებას, ბოთლის ასტრას, დევიდ დინს, ქეთინო ნოზაძის ფეხბურთიდან გაცილებას, დიდიე დროგბას, კანავაროს ‘აბლავიდან’ იან რაიტის გაქცევას, საიპანის ინციდენტს და კასპის საფეხბურთო ისტორიაზე 400 გვერდიანი მანუსკრიპტის ავტორს, ვანო ჯახუას.

კომენტარები

ბოლო ამბები