Thumbnail

დადებით კონტექსტში ისაუბრო წელიწადზე, რომელმაც ზედმეტად ბევრი ადამიანი წაგვართვა, დანარჩენები კი 4 კედელში გამოგვკეტა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ძნელია. 2020-ში სპორტის სამყარომ დაკარგა კობი ბრაიანტი, დიეგო მარადონა, პაოლო როსი… 

2020 წელს პოპსპორტზე 9000-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა. კორონა-წელიწადში ჩვენს გუნდს ერთი დღითაც კი არ დაუტოვებია თავისი ერთგული მკითხველი სიახლეების გარეშე - ვმუშაობდით სახლებიდან, კარანტინიდან, იზოლაციიდან. ვმუშაობდით დეპრესიული განწყობითაც და მაშინაც, როცა ჩვენს საყვარელ ადამიანებს კოვიდ-19 უდასტურდებოდათ.

ჩვენი გუნდი ყველა ავტორის თითოეული სტატიით, ქვიზით თუ ინტერვიუთი ამაყობს, მაგრამ გადავწყვიტეთ, შევარჩიოთ 5 საუკეთესო 2020 წლის სტატიებიდან, რომელიც ჩვენი აზრით, გამორჩეულია. და თუკი რომელიმე ჯერ არ წაგიკითხავთ, ახლა სწორედ ამის დროა.

პოპსპორტი 2017 წლიდან არსებობს და ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტებია მათ შორის, რაც ამ საიტზე გინახავთ.

არგენტინული კულტურის პროდუქტი - როგორ შეიქმნა დიეგოს ფენომენი

✍ ...დიეგო მარადონა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ისე იქცევა, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში მიუღებელი კაცია, უბრალოდ არაადეკვატურია. ამ სტატიის მიზანი საერთოდ არ არის მარადონას სკანდალებზე საუბარი... მარადონა ის კაცია, რომელიც ბელარუსშიც შეიძლება ნახოთ რაღაც უცნაურ მანქანაზე ამხედრებული, არაბულ ქვეყნებშიც შეიძლება გამოგეცხადოთ მეფის როლში და მექსიკური ნარკოკარტელების გუნდის მწვრთნელის რანგში გასახდელში ფეხბურთელებთან ერთადაც შეიძლება ცეკვავდეს. და ეს მხოლოდ ბოლო წლების ამბებია. ისე კი, მარადონას მთელი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია. მას ეს ყველაფერი ეპატიება, რადგან რიგითი არგენტინელებისთვის და, ზოგადად, უბრალოდ ადამიანებისთვის ის მათნაირია, ერთ-ერთი მათგანია. მერე რა, რომ მილიონერი და სუპერვარსკვლავია. დიეგო მაინც ბუენოს აირესის გარეუბანში, უღატაკეს ‘ბარიოებში’ გაზრდილ ბიჭად დარჩა.

📋 წაიკითხე სრულად - გიორგი უგულავას სტატია დიეგოზე, რომელიც მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწერა

‘გფრ-ში ისიც კი არ იცოდნენ, სად იყო თბილისი’ - ინტერვიუ კარლ ცაისის ლეგენდასთან

✍ ...დინამო თბილისის დიდი გამარჯვებიდან 39 წელი გავიდა. გუცაევის და დარასელიას გოლები ყველას ბევრჯერ აქვს ნანახი. კოტე მახარაძის სიტყვები ყველამ ზეპირად იცის. დინამოს ფეხბურთელების ინტერვიუებიც ალბათ ბევრჯერ წაგიკითხავთ და მოგისმენიათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, 13 მაისს, შემოგვეთავაზებინა ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც 1981 წლის 13 მაისს მოწინააღმდეგე გუნდში იყო. და არა მარტო იყო, ან უბრალოდ იყო, არამედ იენის კარლ ცაისის ლიდერი გახლდათ. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 70 წლის ლუტც ლინდემანი კარლ ცაისის და ზოგადად გდრ-ის ფეხბურთის ლეგენდაა. 39 წლის წინ ის იენელთა 8 ნომერი იყო, ნახევარმცველი, რომელმაც ფინალის პირველ ტაიმში დინამოს კარში ორჯერ სახიფათოდ დაარტყა. ლუტც ლინდემანმა პოპსპორტის კითხვებს სიამოვნებით უპასუხა.

📋 წაიკითხე სრულად - მეტოქის თვალით დანახული ფინალი

დელ პიეროს ზონა - ისტორია, რომელიც არ არის მხოლოდ ფეხბურთზე

✍ ...შესაძლოა, მას არ დაუმყარებია გოლების რეკორდები, არ მოუგია მსოფლიო თასები ‘ღმერთის ხელით’ და ცენტრიდან დრიბლინგით გატანილი გოლებით, თუმცა მას სხვა მაგია ჰქონდა. მაგია, რომლის მეშვეობითაც ის მისი გულშემატკივრისთვის აბსოლუტურად საკრალური მოვლენაა. შეუძლებელია, ფეხბურთის ყურება 90-იანებში დაგეწყო და დელ პიერო არ გენატრებოდეს თავისი თამაშის მანერით, ესთეტიკით, გოლებით და იმ ფასეულობებით, რომლებსაც იგი განასახიერებდა... მას ჰქონდა უნარი ჯადოქრობის, სასწაულის მოლოდინი შეექმნა. უყურებდი თამაშს და მის მაგიას ელოდებოდი. მის გარეშე ფეხბურთი სხვანაირი გახდა, მუდმივი მონატრების და სიცარიელის შეგრძნება დატოვა.

📋 წაიკითხე სრულად - ემოციური სტატია ძალიან დიდ ფეხბურთელზე

'ეგონათ, 6-7 გოლს გაგვიტანდნენ' - 5 ქართველის არგენტინული თავგადასავალი

✍ ...სულაქველიძე, ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე და დარასელია V "სოფლელები" - 38 წლის წინ, 1982 წლის 17 აპრილს არგენტინაში შედგა მატჩი, რომელიც დღეს მხოლოდ ერთი კლუბის ქომაგებს ახსოვთ, არადა, იმ შეხვედრაში ხუთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

📋 წაიკითხე სრულად - 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სტატია პოპსპორტზე

ხულიგანი, რომელიც ვერ გახდა მეფე - რკინის მაიკის ტრაგედია

✍ ...მაიკ ტაისონი ტრაგიკული კაცია. ტრაგედია ისაა, რომ მის ცხოვრებაზე უფრო ხშირად ვლაპარაკობთ, ვიდრე მის ბრძოლებზე. მაიკმა როგორღაც მოახერხა და, თავისი უკიდეგანო ნიჭი სკანდალებში, ნარკოტიკებში, სისულელეებში დაახურდავა და გაფლანგა. ტაისონი ბევრს არ უყვარს. რთულია, რაიმე სიმპათია გქონდეს იმ კაცის მიმართ, რომლის ‘ანგარიშზე’ გაუპატიურება და რინგზე მოჭმული ყურია. მაგრამ სხვა მაიკიც არსებობს - კაცი, რომელმაც თავისი პერფორმანსებით კრივი მთელ თაობას შეაყვარა... ტაისონის ისტორია პირველ რიგში ცხოვრებისეული ამბავია. შეუძლებელია, მისი არ გესმოდეს და მას არ თანაუგრძნობდე. ეს ერთი დიდი უიღბლობის ისტორიაა.

📋 წაიკითხე სრულად - ეს ტექსტი 'რკინის მაიკის' თავიდან აღმოჩენაში დაგეხმარებათ

 

კომენტარები

ბოლო ამბები