Thumbnail

2020 წელი მთავრდება. როგორც იქნა! ამ წელს სამყარომ ბევრი უბედურება ნახა - ცარიელი სტადიონები, ჩაშლილი და გადადებული ტურნირები და პანდემიის ისტერია სპორტში.

ამას პიროვნული ტრაგედიებიც დაერთო - ამ წელს ფეხბურთისა და კალათბურთის ალბათ ორმა ყველაზე უფრო დიდმა ფიგურამ დაგვტოვა - კობიმ და დიეგომ. ეს იმ მასშტაბის ტრაგედიებია, რომ საახალწლო სტატიას თითქოს არც შეეფერება.

2020 წელს ამ ყველაფრის მიღმაც ჰყავდა თავისი გამარჯვებულები და დამარცხებულები. ამ სტატიაში სწორედ 2020-ის Winner-ების და Loser-ების შესახებ მოგითხრობთ.


Winner - ბაიერნი, ფლიკი და ლევანდოვსკი

ჰანსი ფლიკის ბაიერნი ყველაზე მეტად შეეფერება გერმანულ იდეალს - იმდენად სტაბილური და უმოწყალოა, რომ თვით პანდემიური 2020 წლის უბედურებებიც კი ვერაფერს აკლებს. ტრიბუნაზე მაყურებლით თუ მის გარეშე, გადადებული შეხვედრაა, თუ ცუდი გრაფიკის პირობებში თამაშობენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს - ბაიერნი მანქანისებური სტაბილურობით უსწორდება ყველას და ყველაფერს. რაც არ უნდა მოხდეს, ფინალი მაინც ერთია - ბაიერნი იგებს. გერმანული ჯილდოები, ჩემპიონთა ლიგა და ზოგადად, მიუნხენელებმა ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

ეს ყველაფერი ერთი კაცის, ჰანსი ფლიკის დამსახურებაა. როცა ის შუა სეზონში ნიკო კოვაჩის ნაცვლად დაინიშნა, ყველამ ვიფიქრეთ, რომ ეს დროებითი გადაწყვეტილება იყო და ბაიერნი ამ სეზონს ჩააგდებდა. ფლიკის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. ამ კაცმა კი ძალიან დომინანტი გუნდი შეკრა და ახლა მისი სახელი გვარდიოლას და კლოპის კამპანიაში მოიხსენიება. ამისთვის მას სულ რაღაც ერთი (თანაც პანდემიის) წელი ეყო.

რეკორდმაისტერმა 2020 წელს ყველაფერი მოიგო

ფლიკის გარდა ბაიერნს სხვა გმირებიც ჰყავდა. რობერტ ლევანდოვსკი, მესის და რონალდოს ეპოქაში პირველად, წლის საუკეთესო ფეხბურთელია. პოლონელს გოლები ისტერიულად ხშირად გააქვს და ამ ბაიერნის სახეა - სტაბილური, არაფერი ზედმეტი და გარანტირებული შედეგით. გერმანული სტაბილურობაც ეს არის, როცა პანდემიის პირობებშიც დომინანტი ხარ.

Loser - ბარსელონა

2020 წელი რომელიმე გუნდი რომ იყოს, ეს წლევანდელი ბარსელონა იქნებოდა. კატალონელებს წელს იმდენი უბედურება დაატყდათ თავს, რომ ეს უფრო ‘ნეტფლიქსის’ სერიალის თემაა, ვიდრე ამ სტატიის. ვალვერდე, რომლის ხელშიც ბარსა ყოველდღიურად რეგრესირებდა, ვინმე კიკე სეტიენმა შეცვალა - კაცმა, რომელიც ისტორიას იმით შემორჩა, რომ ‘იმუქრებოდა’ - ჩემპიონთა ლიგის თასი ჩემს ძროხებს უნდა ვაჩვენოო. ამ კომიკურმა და ცოტა საწყალმა პერსონაჟმა კატალონური კარიერა ისტორიული სირცხვილით - ბაიერნთან 2:8-ით დაასრულა.


ამის შემდეგ ბარტომეუმ, ბარსას აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც კატალონელთა ზოგიერთ გულშემატკივარს დღემდე სჯერა, რომ ფლორენტინოს აგენტი იყო და მიზნად ბარსას დაშლა ჰქონდა დასახული, გუნდში რონალდ კუმანი მიიყვანა. ჰოლანდიელის დანიშვნა არავის გაუხარდა. კუმანმა იმით დაიწყო, რომ ‘აღმოაჩინა’ - ბარსას წარუმატებლობები ‘გარეწარი’ ლუის სუარესის ბრალი ყოფილა და კლუბის ლეგენდას ისე მოექცა, როგორც, მაგალითად, მარიო ბალოტელის ექცევიან ხოლმე. სუარესის წასვლამ საქმეს, რა თქმა უნდა, ვერ უშველა.

კუმანის ბარსა სეტიენის გუნდის ‘ღირსეული’ მემკვიდრეა. წინა ესპანეთის ჩემპიონატის წაგებას დიდი ალბათობით ამ სეზონის წარუმატებლობაც მოჰყვება.

ამ ყველაფრის შემდეგ ლოგიკურია, რომ ბარსას მთავარ აქტივს, ლეო მესის, გუნდიდან წასვლა უნდა და კონტრაქტს აღარ აგრძელებს. მოკლედ, 2020 წელი ყველაზე მეტად ბარსას გულშემატკივარს უნდა სძულდეს.

Winner - ლივერპული და მისი ფანობა

გასული სეზონის ლივერპული პრემიერლიგის ისტორიაში ალბათ ყველაზე დომინანტი გუნდია. 30-წლიანი პაუზა ლივერპულმა კლოპის გიჟური რიტმით დაასრულა. რაც არ უნდა უბედური იყოს ეს წელი, ლივერპულის ფანობას მუდამ ეხსომება, რომ სწორედ 2020 წელს დაბრუნდა საჩემპიონო ლივერპული და 30-წლიანი წყევლა დასრულებულია.

30 წლის შემდეგ ლივერპული ჩემპიონია

კლოპის გუნდი ისეთ ფორმაშია, რომ წელსაც ფავორიტად გამოიყურება. საერთოდაც, ბაიერნის შემდეგ, თუ ბაიერნთან ერთად, ლივერპული ბოლო პერიოდის საუკეთესო გუნდია.

Loser - გვარდიოლა და სიტი

ბარსელონას უბედურებებთან მანჩესტერ სიტი ახლოსაც ვერ მივა. წელს სიტის ზომიერად წარუმატებელი წელი ჰქონდა. პრემიერლიგა იოლად დათმეს და არც ახალ სეზონში ბრწყინავენ. ამ კატეგორიაში გვარდიოლას გუნდის მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი კი ჩემპიონთა ლიგაზე ლიონთან  მარცხია.

სიტისთვის თუნდაც ნახევარფინალი იდეაფიქსად იქცა. თავად გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი მოსაგები თამაში წააგო და უკვე თითქმის 10 წელია, ფინალშიც კი არ ყოფილა. სიტისთან ერთად მან ჯერ მონაკოსთან წაგება ‘მოახერხა’, მერე კი - ტოტენჰემთან. ამ წელს ტენდენცია გაგრძელდა. სიტი ამჯერად ფრანგულმა ლიონმა დაჩაგრა. ეს წელი პეპს და მის გუნდს კარგად ნამდვილად არ გაახსენდებათ.

Winner - ზიდანი და რეალი

წლევანდელი რეალი დიდი ვერაფერი გუნდია - უფრო წვალობს, ვიდრე თამაშობს, თუმცა სწორედ ამიტომ ეკუთვნის Winner-ების კატეგორიაში მოხვედრა. არცთუ ვარსკვლავური შემადგენლობის და ტრავმების ფონზე, ზიდანი მაინც ახერხებს, რომ ამ გუნდიდან მაქსიმუმი წამოიღოს. რეალმა ჯერ შემადგენლობის მხრივ ბევრად უფრო ვარსკვლავურ ბარსას ლა ლიგა ვინისიუსით, როდრიგოთი და სერხიო რამოსის პენალტებით მოუგო და ამ სეზონშიც კონკურენტულად გამოიყურება.

მადრიდში ზუსტად იციან ჩემპიონობა ვისი დამსახურებაა

ზიდანი მოგებულია, თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც მის შესაძლო წასვლაზე ლაპარაკი იწყება, სწორედ მაშინ თამაშობს მისი გუნდი თავის საუკეთესო თამაშებს - ჩემპიონთალიგური პრობლემებიც გადაწყდა და პრინციპულ შეხვედრაში კონკურენტი ბარსელონა და ატლეტიკოც დაამარცხა. მოკლედ, ფეხბურთი არ ვიცი, მაგრამ ზიდანის გუნდს მისი მწვრთნელის ხასიათი ნამდვილად მოყვება.

Loser - მილანის ინტერი

ინტერის თავს ტრაგიკული ამ წელს არაფერი მომხდარა, თუმცა ეს ის წელი იყო, როდესაც მილანელებს ‘ტრადიციულად’ ისევ არ გაუმართლათ. არადა, ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო. 2020 წელი ინტერისტებს იმიტომ არ უნდა უყვარდეთ, რომ ამ წელს მათ მართლა ძლიერი და კონკურენტული გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ყველა ფრონტზე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. ჯერ იყო და, იტალიის ჩემპიონატი არცთუ ყველაზე ძლიერ იუვენტუსთან დათმეს და ისიც მხოლოდ 1 ქულით, შემდეგ ევროპალიგის ფინალში მატჩის ბოლოს თავისი საუკეთესო ფეხბურთელის, რომელუ ლუკაკუს ავტოგოლით წააგეს და ამის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩნენ.

ლუკაკუმ ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა - ამჯერად საკუთარ კარებში 

ინტერს დონეცკის შახტართან მხოლოდ 1 გოლი სჭირდებოდა - ბევრი ვერგამოყენებული მომენტი მატჩის ბოლოს იმით დასრულდა, რომ ლუკაკუმ (ისევ) სტაჟიანი მცველივით კარიდან გამოიტანა თავისივე თანაგუნდელის დარტყმული.

Winner - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

საქართველოს კალათბურთის ნაკრებით ალბათ ყველა ამაყობს. გუნდი თაობათა ცვლის პროცესშია, ლიდერები წავიდნენ, ახალგაზრდები კი თითქოს ჯერ არ მოსულან და ამის მიუხედავად, ეს გუნდი უდანაკარგოდ პირველ ადგილზეა იმ ჯგუფში, რომელშიც, მაგალითად, სერბეთი თამაშობს. თანაც ისე, რომ სატურნირო მოტივაცია საქართველოს საერთოდ არ აქვს, მაგრამ მაინც იგებს.

ამ წელს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ყველა თამაშში გაიმარჯვა, რომელშიც კი მონაწილეობა მიიღო.

ეს გუნდი ალბათ მინი-მოდელია იმ საქართველოსი, რომელიც ყველას გვინდა, რომ გვქონდეს - მებრძოლი, პრინციპული, თავდაუზოგავი და ღირსეული. ამ გუნდში ნაკრების წევრები სათამაშოდ მაშინაც კი ჩადიან, როცა წინა დღეს ევროლიგაზე აქვთ ნათამაშები.

Loser - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

რა თქმა უნდა, 2020 წელს ისევ არ გაუმართლა საქართველოს ნაკრებს. ჩვენ ნაკრებს ხშირად ‘ბედნიერ წლებშიც’ არ უმართლებს და 2020 გამონაკლისი რატომ უნდა ყოფილიყო?!

გრანდი არც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებია, მაგრამ ეს ის გუნდია, რომელიც თავისი შანსებისთვის ბოლომდე იბრძვის და იყენებს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საპირისპირო მაგალითია - შანსების ვერგამოყენების და არგამართლების.

ამ წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შანსი ვერ გამოიყენა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ცუდი თამაშის გარდა, უიღბლობაც იყო ამის მიზეზი. ჯერ იყო და, პანდემიის გამო საშინაო ტრიბუნების უპირატესობა დავკარგეთ. შემდეგ, ჩვენმა მთავრობამ სტადიონის თუნდაც ნაწილობრივ შევსების გადაწყვეტილება არ მიიღო, მაშინ, როცა გარეთ პოლიტიკურ დემონსტრაციებზე ათასობით კაცი სრულიად ლეგალურად გროვდებოდა. მერე, ჯერ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმები ვერაფრით მოირჩინა და ზედ თამაშის წინ, წინა დღეს, ნაკრების მთავარი იმედი, ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსმა გამოგვაცალა.

მოკლედ, ყველაფერი ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებს მაქსიმალურად ბევრი პრობლემა და უიღბლობა ენახა. ამ წელს ჩვენ ევროპის ჩემპიონატის საგზური დავკარგეთ - ამაზე მეტს და ამაზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი.

Winner - რაფაელ ნადალი

ჩოგბურთი კოვიდმა განსაკუთრებით დააზარალა. ამ პირობებში რაფა ნადალმა მოახერხა და მისთვის საყვარელ ‘როლან გაროსზე’ მაინც ითამაშა. პანდემიის შემდეგ ‘როლან გაროსი’ რეალურად ერთადერთი დიდი სლემი იყო, რომელიც სრული ფორმატით და კონკურენტული შემადგენლობით ჩატარდა.

რაფამ, რა თქმა უნდა, ისევ გაიმარჯვა. თანაც ისე, რომ ფინალში მისი მთავარი კონკურენტი ნოვაკ ჯოკოვიჩი დამწყები ჩოგბურთელივით გამოიყურებოდა. სამ სეტში რაფამ სერბს მხოლოდ 7 გეიმი დაუთმო.

დასვენებული რაფა ნადალი ზედმეტად ძლიერი იყო

საერთოდაც, რაფას პანდემიის პაუზა წაადგა. ტრავმები მოიშუშა და პარიზში იმდენად ათლეტურად გამოიყურებოდა, რომ ჟურნალისტები მას ‘ჰალკს’ და სხვა მსგავს პერსონაჟებს ადარებდნენ.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ნადალის მეოცე დიდი სლემია და ამ მაჩვენებლით ის როჯერ ფედერერის რეკორდს გაუთანაბრდა.

Loser - ნოვაკ ჯოკოვიჩი

ზოგადად, ნოვაკ ჯოკოვიჩს Loser უწოდო, არასწორია. მაინც რომ გვახსოვდეს: ეს კაცი უკვე 300 კვირაა რეიტინგის პირველი ნომერია.

თუმცა, 2020 წელს, მას მაინცდამაინც იღბალი თან არ სდევდა. ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვების შემდეგ, ძალიან მაგარ ფორმაში მყოფ სერბს ჯერ იძულებითი პაუზა მოუწია, რა დროსაც მან თავის მეგობრებთან ერთად ამხანაგური ‘ადრია-ტური’ ჩაატარა, რომელიც ვირუსის გავრცელების კერად და რეგულაციების არადჩაგდების სიმბოლოდ იქცა.


ვირუსი ჯოკოვიჩმაც და მისმა მეგობრებმაც იოლად დაამარცხეს. დარწმუნებული ვარ, ნოლეს ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული ‘თამაში’ არ ყოფილა. თუმცა ჯოკოვიჩს მთელი მსოფლიოს ‘ლოკდაუნისტები’, მორალისტები და ზოგადად ვირუსით დამფრთხალი ხალხი დაესხა თავს და მის მიერ ორგანიზებული ტურნირი ლამის ‘ბიოლოგიურ იარაღად’ შეირაცხა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ნემანია მატიჩი და სხვა სერბები თანამემაულე სუპერვარსკვლავის დასაცავად ვირთხებისთვის ანგარიშების გასწორებით იმუქრებოდნენ.

ამერიკის ღია პირველობაზე ნოლე ზედმეტად გაბრაზებული ჩავიდა და მაშინ, როცა ტურნირის უპირობო ფავორიტი იყო, მსაჯს ბურთი მოარტყა და დისკვალიფიკაციის გამო მოხსნეს. არადა, არც ეს მომენტი იყო ყველაზე ტრაგიკული - ალბათ ნოლეს ტურნირზე დატოვებაც შეიძლებოდა, მას ბოროტი განზრახვა აშკარად არ ჰქონია. მსაჯს ჯოკოვიჩის მილიონობით გულშემატკივარი სოციალურ ქსელებში დაესხა თავს. მერე როლან გაროსი სერბისთვის როგორ დასრულდა, ამის შესახებ უკვე გითხარით. მოკლედ, წელს ჯოკოვიჩის წელი აშკარად არ ყოფილა.

Winner - ლებრონი, დევისი და ლეიკერსი

იმ დროს, როდესაც 2020-ში სრულიად საკალათბურთო სამყარო ლებრონ ჯეიმსის ჩამოსაწერად ემზადებოდა, ‘მეფე ჯეიმსმა’ დასცინა მის კრიტიკოსებს, 2020-საც და თავის ასაკსაც. 35 წლის ასაკში ლებრონმა ლიგას აჩვენა, რომ ძველებურად დომინანტია და ლეიკერსს 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა დაუბრუნა.

ლებრონთან ერთად ამ წლის გამარჯვებული აუცილებლად ენტონი დევისიცაა. სულ რაღაც 1 წლის წინ ენტონი დევისი სადღაც ჯოელ ემბიიდის დონეზე განიხილებოდა, ახლა კი NBA-ს ჩემპიონი და ლიგის საუკეთესო ‘დიდია’. ლებრონთან თანამშრომლობა ყველასთვის მომგებიანია. ის დროა, რომ ‘მეფე ჯეიმსის’ კრიტიკოსებმა რაიმე სხვა საქმე იპოვონ და უბრალოდ აღიარონ, რომ ლებრონი ერთმნიშვნელოვნად ჩვენი თაობის საუკეთესო კალათბურთელია. ‘ცუდი არ არის, ჩამოწერილი მეფისთვის’ - ასე დასცინა ჩემპიონობის და ფინალებში MVP-ს ტიტულის შემდეგ ლებრონმა კრიტიკოსებს.

Loser - კლიპერსი

საკალთბურთო სამყაროს ყველაზე მთავარი 'ლუზერი' იქვე, ლოს ანჯელესში უნდა ვეძებოთ, ლეიკერსის მეზობლად. მთელი წელი ის გვესმოდა, რომ კლიპერსს NBA-ში საუკეთესო გუნდი ყავს. მათაც თავი ისე ეჭირათ, თითქოს ჩემპიონობა უკვე მოგებული ჰქონდათ - მთელ ლიგას დასცინოდნენ და მათი ვარსკვლავები, როცა უნდა თამაშობდნენ და როცა უნდა ისვენებდნენ. კლიპერსს თავი ისე ეჭირა, თითქოს რაღაც უნიკალური საკალათბურთო სიბრძნე მხოლოდ მათ იცოდნენ.

არადა, მაინც რომ გვახსოვდეს: კავაი ლეონარდის გარდა, ამ გუნდის ყველა წევრი ისტორიული loser-ია და თავად კლიპერსიც ისტორიულად წაგებასთან, არგამართლებასთან, უიღბლობასთან და ყველა სხვა უბედურებასთან ასოცირდება.

ამ წელს მათ თავის ‘ტრადიციებს’ არ უღალატეს და ჯერ დენვერთან წააგეს 3:1-დან თითქმის მოგებული სერია, შემდეგ მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი წავიდა, მოთამაშეები კი ერთმანეთს დაერივნენ და ახლა გასული სეზონის საუკეთესო სათადარიგო ნებისმიერ ფულზე თანახმაა, ოღონდ კლიპერსიდან ლეიკერსში გადასვლის საშუალება მისცენ.

Winner - ბატლერი და მაიამი

მაიამი მოულოდნელად სუპერფინალში აღმოჩნდა, თანაც ისე, რომ გზაზე იანისსა და მის მილუოკის უშანსოდ გაუსწორდა. ამ ყველაფერით მთავარი მოგებული ჯიმი ბატლერია, რომელიც ამ სეზონის წინ კალათბურთის გარეშე გულშემატკივარისთვის ერთი რიგითი, კარგად მოთამაშე პერსონაჟი იყო, როგორიც ლიგაში რამდენიმე ათეულია.

ჯიმი ბატლერი პლეიოფიში საუკეთესო იყო

ამ სეზონის შემდეგ კი ‘ჯიმი ბოი’ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერად და მენტორად მიიჩნევა, რომელმაც ლეიკერსს ორი თამაში პირადად მოუგო, ხოლო მთელი ლიგა კიდევ ერთხელ ლაპარაკობს მაიამი ჰიტის ორგანიზაციულ კულტურაზე და პატ რაილიზე, როგორც საკალათბურთო სამყაროს ყველაზე ბრძენ და პრინციპულ კაცზე.

Loser - ჰარდენი და ჰიუსტონი

თუკი ბატლერი და მაიამი პრინციპულობის და ღირსებების მაგალითია, ჯეიმს ჰარდენი - პირიქით, ამ წელს უპრინციპობის სიმბოლოდ იქცა. მისი ჰიუსტონი 2020 წელს საბოლოოდ დაიშალა. პლეი ოფში უშანსო მარცხს გენერალური მენეჯერის, დერილ მორის და მთავარი მწვრთნელის, მაიკ დ’ანტონის წასვლა მოჰყვა. ტრეიდი მოითხოვა და გუნდი დატოვა რასელ ვეტსბრუკმაც.

ჯეიმს ჰარდენი არცთუ საკალათბურთო წონაში

აღმოჩნდა, რომ არავის უნდა ჰარდენთან ერთად თამაში და მუშაობა. თავად ჯეიმსმაც ჩაძირულად განწირული გემიდან გადახტომა მაშინვე მოინდომა და ‘ტრეიდი’ მოითხოვა. გუნდს იგი იმ წონაში შეუერთდა, როგორშიც კალათბურთს არ თამაშობენ. ამასობაში, მთელი ლიგა ჰარდენის უდისციპლინობაზე ალაპარაკდა. ჩარლ ბარკლიმ ისიც კი აღნიშნა, რომ NBA-ში ჰარდენს უფრო მეტად პრობლემად აღიქვამენ და მენეჯერებისთვის ის თანამედროვე დენის როდმანია. ამ წელს ჰიუსტონი დაიშალა, ხოლო ჰარდენის რეპუტაციამ დიდი დარტყმა მიიღო.

Winner - ისრაელ ადესანია

2020 წელი შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ისრაელ ადესანიას ეკუთვნოდა. მან ამ წელს ტიტული ორჯერ დაიცვა და ორი პრინციპული მეტოქე დაამარცხა. ჯერ იოელ რომეროს მოუგო ფრთხილ და სტრატეგიულ ბრძოლაში, შემდეგ კი პაულო კოსტას გაუსწორდა ძალიან ეფექტურად.

საერთოდაც ხაბიბის წასვლის და ჯონ ჯონსის პაუზის შემდეგ, ადესანიას ყველა შანსი აქვს, UFC- სამყაროს მთავარ კაცად რომ იქცეს.

Loser - ტონი ფერგიუსონი

ტონი ფერგიუსონი გამბედაობის და უშიშრობის სიმბოლოა. ცოტა რთულია, ეს კაცი loser-ად მოიხსენიო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - 2020 წელს ‘ელ კუკუიმ’ პირველ რიგში თავისი არცთუ ჭკვიანური ქმედებების გამო წინა წლების მონაპოვრები წყალში ჩაყარა. ფერგიუსონს ამ წელს ძალიან არ გაუმართლა - პანდემიის გამო მისი ბრძოლა ხაბიბთან უკვე მეხუთედ გადაიდო. არადა, ტონი ბრძოლისთვის ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერ ადგილას იყო მზად.

ხაბიბის ნაცვლად მას ჯასტინ გეიჯი შესთავაზეს - სტრატეგიულად ფერგიუსონი არ უნდა დათანხმებულიყო და ხაბიბს დალოდებოდა, მაგრამ ის დათანხმდა, ორჯერ ჩააბარა წონა, სხვა სისულელეები აკეთა და მძიმე მარცხი იწვნია. გეიჯი სახუმაროდ საცემი კაცი საერთოდ არ არის.

ტონი ფერგიუსონი გეიჯისთაბ ბრძოლის შემდეგ

ამის შემდეგ ‘ელ კუკუიმ’ კიდევ ერთი მარცხი განიცადა და ამ წელს მან თავისი საჩემპიონო შანსები საბოლოოდ დაასამარა.

Winner - ტაისონ ფიური

პანდემიამ კრივი განსაკუთრებით დააზარალა, თუმცა ამ წლის მთავარი ბრძოლა წლის დასაწყისში, პანდემიამდე მაინც შედგა. ტაისონ ფიურიმ იქამდე უძლეველი დეონტეი უაილდერი ძალიან შთამბეჭდავად, ნოკაუტით დაამარცხა.

ფიური ბრიტანეთში სახალხო გმირია - იმდენად დიდი, რომ წლის ადამიანისთვის BBC-ს ჯილდოზე დემონსტრაციულად უარს ამბობს. ფიური შემდეგ წელს ენტონი ჯოშუას ელოდება ბოლო წლებში საკრივო სამყაროს ყველაზე დიდ ბრძოლაში. კიდევ ერთი გამარჯვება და ფიური უკვე ლეგენდებს შორის იქნება.

Loser - დეონტეი უაილდერი

2020-ის მთავარი საკრივო 'ლუზერი' ის კაცია, რომელიც ფიურისთან დამარცხდა. ამ ბრძოლამდე დეონტეი უაილდერის ძალაზე და მის ნოკაუტებზე ლეგენდები დადიოდა. ფიურიმ ის არამხოლოდ დაამარცხა, არამედ თავისივე სტილში მოუგო - მაგრადაც ცემა.

საერთოდაც, ეს საღამო უაილდერისთვის თავიდანვე ცუდად დაიწყო. ის ბრძოლაზე რაღაც უცნაური ‘მოწყობილობით’ გამოცხადდა. როცა ასეთი რამე გაცვია, რთულია, წარმატებაზე და გამართლებაზე იფიქრო.

დეონტეი უაილდერი ბრძოლაზე ამ კოსტუმით გამოცხადდა - რთულია ამ დროს წარმატებაზე იფიქრო

წაგების შემდეგ უაილდერი თავის მარცხს ხან თავის ‘კოსტუმს’ აბრალებდა, რომელმაც მისი თქმით ის ბრძოლამდე დაამძიმა და დაღალა, ხან ‘ღალატზე’ ლაპარაკობდა, ხანაც გულშემატკივარს პირდებოდა, რომ ‘მათი მეფე დაბრუნდება’. ეს ყველაფერი მხოლოდ ახალი ანეკდოტების თემა გახდა.

ანუ, გამოვიდა, რომ 2020-ში უაილდერი არამხოლოდ გაილახა, არამედ მაგრად დაიცინა კიდეც. არადა, ზუსტად ერთი წლის წინ უაილდერს თვით მაიკ ტაისონს ადარებდნენ ხოლმე...

Winner - ლუის ჰემილტონი

მან მეშვიდე ჩემპიონობა იზეიმა და ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდა, მერსედესს კი ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მოუტანა კონსტრუქტორთა შორის. ლუის ჰემილტონი კორონა-წელიწადშიც შეუდარებელი იყო, თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი კი სტატისტის როლში დატოვა. ერთადერთი, რაც ლუისმა 2020 წელს ვერ შეძლო, ერთ სეზონში 13 ტრიუმფით რეკორდის გამეორებაა - ბრიტანელი კორონავირუსმა დაამუხრუჭა, თორემ ამასაც მოახერხებდა.

გარდა ამისა, ჰემილტონი გამარჯვებულია იმის გამოც, რომ ძალიან აქტიურია სოციალური თვალსაზრისით. იბრძვის თანასწორობისთვის და რასიზმის წინააღმდეგ. 2020 ფორმულა 1-ში ჰემილტონის წელი იყო. ლუისი BBC-მ ბრიტანეთში სპორტის წლის პერსონად დაასახელა.

Loser - სებასტიან ფეტელი

ძალიან ძნელია, როცა სეზონის პირველი რბოლის წინ გეუბნებიან, რომ შენს გუნდს შენი იმედი აღარ აქვს. სები უკვე 33 წლისაა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია და ჰემილტონის მთავარ კონკურენტობას ვინ ჩივის, ფერარისთან ერთად მისი მეექვსე და ბოლო სეზონი აბსოლუტურ ფიასკოში გადაიზარდა. ფეტელმა სულ რაღაც 33 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა.

რთულია, სები ‘ლუზერად’ დაასახელო, რადგან მას ბევრი არაფერი დაუშავებია (თუმცა საკუთარი შეცდომებიც აღიარა), მაგრამ შედეგი ყველაფერზე მეტყველებს. ფეტელი ფერარის წაგებული ტოვებს და ეს ფაქტია. ამ სეზონში სები საკუთარი თავის აჩრდილი იყო.

Loser² - ვალტერი ბოტასი

ყოველ წელს, ყოველი სეზონის წინ ფინელი ამაყად ლაპარაკობს ხოლმე. მუდმივად იმუქრება, რომ “ამ ჰემილტონს რაღაცნაირად დაამარცხებს”. 31 წლის ვალტერი ბოტასისთვის სეზონი კარგადაც დაიწყო (შპილბერგში მოიგო), მაგრამ ბოლოს ისევ წაგებული დარჩა. ფინელი მერსედესში 2017 წლიდან მოღვაწეობს. მას მერე, საჩემპიონო ბოლიდებით 68 რბოლაში მიიღო მონაწილეობა. აქედან მხოლოდ 9 მოიგო. შედარებისთვის: იმავე პერიოდში, ჰემილტინის ანგარიშზე 42 გამარჯვებაა. ეს ფაქტი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. დიდი ფინელი კიმი რაიკონენი უფროა გამარჯვებული თავისი ალფა რომეოთი, თუნდაც მხოლოდ იმ გრანდიოზული სტარტის გამო, ვიდე ბოტასი აბსოლუტურად სრულყოფილი სრულყოფილი მერსედესით...

 

კომენტარები

ბოლო ამბები