Thumbnail

ბასილაშვილი სეზონს ანტალიაში გახსნის - სავარაუდოდ, მე-9 განთესვით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სეზონს თურქულ ანტალიაში გახსნის, სადაც გაისად 5-13 იანვარს ATP 250-ის რანგის ტურნირია დაგეგმილი.

ბასილაშვილი შეჯიბრის მონაწილეთა შორის დარეგისტრირდა და ამჟამინდელი მონაცემებით, Antalyaopen-ზე მე-9 განთესვა ექნება. მის წინ მატეო ბერეტინი (იტალია), დავიდ გოფინი (ბელგია), ფაბიო ფონინი (იტალია), ალექს დე მინორი (ავსტრალია), ბორნა ჩორიჩი (ხორვატია), ბენუა პერი (საფრანგეთი), იან-ლენარდ შტრუფი (გერმანია) და იანიკ სინერი (იტალია) არიან.

ცნობისთვის, 2020 წლის დასკვნით რეიტინგში ბასილაშვილს 1 395 ქულით მე-40 ადგილი უკავია, არადა, გასული წლის მიწურულს მსოფლიოს 26-ე ჩოგანი გახლდათ, მისი კარიერის პიკი კი, კლასიფიკაციაში მე-16 საფეხურია (2019 წლის მაისში).

შეგახსენებთ, რომ ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ანუ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა დასრულდა, ნიკოლოზს ზედიზედ 11 მატჩი აქვს წაგებული და ამ შეხვედრებში ერთადერთი სეტი ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ ტურნირზე, შვეიცარიელ მარკ-ანდრე ჰუესლერთან მოიგო. ეს 9 ნოემბერს მოხდა და ბასილაშვილს მას შემდეგ არ უთამაშია.

კონკრეტულად ანტალიის ტურნირზე ბასილაშვილი ბოლოს 2018 წელს გამოვიდა და მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენასა (6:2, 6:3) და სერბ დუშან ლაიოვიჩს (6:4, 2:6, 7:5) სძლია, შემდეგ კი, ჩეხეთის წარმომადგენელ იან ვესელისთან 6:7 (5:7). 2:6 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები