Thumbnail

თავიდან კი დარეგისტრირდა, მაგრამ მერე, როგორც მოსალოდნელი იყო, როჯერ ფედერერმა 2021 წლის პირველ დიდ ტურნირზე თამაში იუარა და მას ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ვნახავთ!

ინფორმაცია ტურნირის დირექტორმა კრეიგ ტაილიმ და როჯერის მენეჯერმა ტონი გოდსიკმა ოფიციალურად დაადასტურეს. 2020 წელს გადატანილი მუხლის ორი ოპერაციის შემდეგ, 39 წლის შვეიცარიელი რეკორდსმენის კორტზე დაბრუნება ისევ გადაიდო.

“სამწუხაროდ, როჯერს დრო არ ეყო იმისათვის, რომ დიდი სლემის ტურნირისთვის მზად ყოფილიყო. იგი ძალიან იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მელბურნში ვერ გაემგზავრება,” - ნათქვამია განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც კორონა-სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, ფედერერმა ცოტა ხნის წინ ვარჯიში განაახლა. იგი ავსტრალიის ღია პირველობის განაცხადშიც იყო, მაგრამ დეკემბრის შუა რიცხვებშივე განაცხადა, რომ მომავალი წლის პირველ დიდ სლემზე მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

“მომავალ კვირაში დავიწყებთ საუბარს იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება ითამაშოს როჯერმა. თებერვლის ბოლოს ტურნირებია და მალე შევადგენთ მთელი 2021 წლის გეგმას,” - აცხადებს როჯერის მენეჯერი. ცნობილია, რომ შვეიცარიელის მთავარი მიზნები მომავალი წლისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებსა და უიმბლდონს უკავშირდება.

როჯერ ფედერერმა თავისი ბოლო მატჩი 2020 წლის 30 იანვარს ჩაატარა და ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. ამის შემდეგ მან მუხლის ორი ოპერაცია გადაიტანა.

2021 წლის პირველ დიდ სლემზე (3-კვირიანი დაგვიანებით, 8 თებერვალს იწყება) უარის თქმით როჯერი თავისი რეკორდის გაუმჯობესებას ვერ შეძლებს. როგორც იცით, მას და რაფაელ ნადალს 20-20 დიდი სლემი აქვთ მოგებული. ესპანელი შვეიცარიელს საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით გაუთანაბრდა.

2008 წელს როჯერმა ვავრინკასთასნ ერთად ოქრო წყვილებში მოიპოვა

დიდი სლემის ტურნირებზე 20 ტრიუმფთან ერთად, როჯერმა კარიერაში ჯამში ATP ტურის 103 ტურნირი მოიგო, 2008 წელს კი თანამემამულე სტენ ვავრინკასთან ერთად, წყვილებში ოლიმპიური ოქროც მოიპოვა. ერთადერთი დიდი ტიტული, რომელიც ფედერერს არ მოუგია, ერთეულთა თანრიგში ოლიმპიური ოქროა. 2012 წელს იგი ოლიმპიადის ფინალში ენდი მარისთან დამარცხდა, 2000 წელს სიდნეიში კი - ნახევარფინალი წააგო გერმანელ ტომი ჰაასთან.

როგორც იცით, ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ტოკიოში გაიმართება. 8 აგვისტოს როჯერ ფედერერი 40 წლის გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები