Thumbnail

'პელეს რეკორდი არ მოუხსნია' - სანტოსი მესის მიღწევას არ აღიარებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლიონელ მესიმ ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს რეკორდი ჯერ კიდევ 1 კვირის წინ გააუმჯობესა, მაგრამ ლეგენდარული ბრაზილიელის ყოფილი კლუბი სანტოსი ამ ფაქტს არ ეთანხმება. ბრაზილიური კლუბი წერს, რომ პელემ სანტოსში 1091 გოლი გაიტანა და ამდენად, მესის "ფეხბურთის მეფის" რეკორდის მოხსნამდე ჯერაც ძალიან ბევრი აშორებს.

📺 მესის სარეკორდო გოლი ვალიადოლიდის კარში

"ზოგიერთის სტატისტიკის თანახმად, არგენტინელი ლიონელ მესი გახდა მოთამაშე, რომელსაც ერთ კლუბში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მან ბარსელონაში ამხანაგური თამაშების გამოკლებით 644 გოლი გაიტანა, თუმცა, პელემ სანტოსში 1091 გოლი უგროვდება. ფეხბურთის მეფემ 643 გოლი ოფიციალური მატჩებში გაიტანა და 448 - ამხანაგურ შეხვედრებში, რომელსაც არ ითვალისწინებენ, თითქოს ამ თამაშებს სხვაზე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. არადა, 448 გოლი, რომლის ანულირებასაც ცდილობენ, ძალიან ცნობილი გუნდების წინააღმდეგ მატჩებზე მოდის. მექსიკურმა ამერიკამ და ჩილეს კოლო კოლომ პელესგან 9-9 გოლი მიიღეს, ხოლო ინტერს, რომელიც 60-იან წლებში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე იყო, პელემ 8 გოლი გაუტანა. სია უზარმაზარია", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

როგორც ზემოთაა აღნიშნული, ლიონელ მესიმ ბარსელონაში 644 გოლი გაიტანა და მას რეკორდის დამყარება სოციალური ქსელის მეშვეობით თავად პელემაც მიულოცა. სხვათა შორის, მესიმ და ლუდის კომპანია "ბუდვაიზერმა" ამ რეკორდთან დაკავშირებით ორიგინალური ნაბიჯი გადადგეს და ყველა იმ მეკარეს, ვისთისაც ლეოს ბარსელონას მაისურით გოლი გაუტანია, საჩუქრად ლუდი გაუგზავნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები