- ირაკლი კბილაშვილი რეშიცას მთავარი ხელბურთელია
- მისი და თეიმურაზ ორჯონიკიძის გუნდმა უშუალო კონკურენტს მოუგო
რუმინეთის ხელბურთის ჩემპიონატში, სადაც პირველი წრე დასრულდა, შედეგიანად თამაშს განაგრძობენ საქართველოს კაცთა ნაკრების წევრები. ამ დროისთვის, ორი მატჩი აქვს მოგებული და მე-3 ადგილზეა ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა, ხოლო ირაკლი კბილაშვილმა ბოლო სამ ტურში 21 გოლი გაიტანა.
კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის რეშიცამ ბუზაუს 30:27 სძლია, შემდეგ ბაკეუსთან წააგო, ბოლოს კი მძიმე ბრძოლაში 31:30 მოუგო უშუალო კონკურენტ ბოტოშანის. ორჯონიკიძემ ბუზაუსთან მატჩში 4 გოლი გაიტანა, თუმცა, ტრავმა მიიღო და ბოლო ორი ტური გამოტოვა. აი კბილაშვილი კი, ტრადიციულად, სამივე შეხვედრაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ბუზაუსთანა და ბოტოშანისთან მან 8-8 გოლი მიითვალა, ბაკეუსთან კი - 5. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელს 6 ჩატარებულ მატჩში უკვე 38 გოლი დაუგროვდა, ორჯონიკიძეს 4 თამაშში – 14.
ჩემპიონატში 17 გოლი აქვს გატანილი ირაკლი ჩიქოვანს. მისმა კონსტანცამ პირველი წრე ვასლუისთან (30:25) და ბუზაუსთან (27:23) მოგებებით დაასრულა. კონსტანცა 15 თამაშიდან 12 მოგებით მესამე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე კი ბუქარესტის დინამოა, რომელსაც ჯერ ქულაც კი არ დაუკარგავს. რუმინეთის ეროვნული ლიგის თამაშები 2021 წელს განახლდება.
კომენტარები