Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს მსოფლიო რეიტინგში მე-40 ადგილი უკავია
  • წლეულს, მელბურნში მან მხოლოდ 1 მატჩის მოგება მოახერხა

ავსტრალიის ღია პირველობის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მომავალი წლის პირველ სლემ-ტურნირზე თამაშს აპირებენ.

საინტერესოა, რომ განაცხადი ATP-ს რეიტინგის მოწინავე ასეულის ყველა წევრმა შეიტანა, რომელთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიცაა. 28 წლის ქართველ ჩოგბურთელს კლასიფიკაციაში 1 395 ქულით მე-40 ადგილი უკავია, მისი კარიერის პიკი კი გასული წლის მაისში იყო, როდესაც მე-16 საფეხურს უწია.

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში 26-ე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს 6:7 (5:7), 6:4, 7:5, 3:6, 6:3 სძლია, მე-2 წრეში კი ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 6:7 (5:7), 4:6, 4:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ანუ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა დასრულდა, ნიკოლოზს ზედიზედ 11 მატჩი აქვს წაგებული და ამ თამაშებში ერთადერთი სეტი ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ ტურნირზე, შვეიცარიელ მარკ-ანდრე ჰუესლერთან მოიგო. ეს 9 ნოემბერს მოხდა და ბასილაშვილს მას შემდეგ არ უთამაშია.

იმ ჩოგბურთელთა შორის, რომლებიც მელბურნის კორტებზე თამაშს გეგმავენ, ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), რაფაელ ნადალი (ესპანეთი), დომინიკი ტიმი (ავსტრია), დანიილ მედვედევი (რუსეთი) და რაც მთავარია, როჯერ ფედერერიც იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ბოლოს სწორედ ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელ გათამაბაში მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ კი, ტრავმის გამო, კორტზე აღარ გასულა.

და ერთიც. მონაწილეთა შორის, ჯერჯერობით, არ ფიგურირებს მსოფლიოს ექს-პირველი ჩოგანი ენდი მარი. შოტლანდიელი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგში 122-ე ადგილზე იმყოფება და ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს იმ შემთხვევაში შესძლებს, თუკი ტურნირის ორგანიზატორები 6 “უაილდ ქარდიდან” ერთ-ერთს სწორედ მას მისცემენ.

კომენტარები

ბოლო ამბები